გაზეთი "ვერსია"
ავტორი რუსუდან შელია
26.09.2011


როგორ აფასებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და რას ურჩევს ოპოზიციას ირაკლი მელაშვილი  
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებულ ვითარებას სრულ შტილს უწოდებს და ოპოზიციურ პარტიებს ,,ახალი სისხლის გადასხმას'' ურჩევს. მეტიც, ფიქრობს, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს. რამ გამოიწვია მისი პოლიტიკური გულგატეხილობა და როგორ აფასებს წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენებს, ამ საკითხებზე ,,ვერსია'' პოლიტიკურ ექპერტ ირაკლი მელაშვილს ესაუბრა:    
_ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ჯერჯერობით, აბსოლუტური შტილია. როგორც ჩანს, ოპოზიციურმა პარტიებმა ზაფხული გეგმების დასალაგებლად არ გამოიყენეს. ერთადერთ გამონათებად შეიძლება 27 სექტემბერი ჩაითვალოს, თუმცა მასშიც, რეალურად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. 
 _ 27 სექტემბრის მარშთან დაკავშირებით ბევრი ითქვა, თუმცა საინტერესოა, თქვენ რას ელოდებით ამ მსვლელობისგან, ხალხი ქუჩაში გამოვა? 
 _ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ამ მარშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ,  მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელოდება. მოგეხსენებათ, 25 სექტემბერს მინდია გულუას ინიციატივით შექმნილი ახალი პარტიის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ოპოზიციური ფლანგის ათვისების სურვილი აქვს. სხვათა შორის, იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებაში ძალიან დიდი ნეგატიური მუხტია, ოპოზიციაში კი სრული სიცარიელე, ახალი ძალის გამოჩენას და ამ სიცარიელის შევსებას ველოდებოდი კიდეც. 
_ როგორ ფიქრობთ, მაშინ, როცა ძველი და გამოცდილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების რეალური ალტერნატივის შექმნას ვერ ახერხებენ, სრულიად უცნობი პოლიტიკური პარტია ამას შეძლებს?  
_ მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც შეიძლება მოხდეს.  ახალი სისხლის გადასხმა ოპოზიციურ პარტიებსაც სჭირდება, რადგან ძალიან კონსერვატიულები და მოსაწყენები გახდნენ. ამასთან, ადვილად გათვლადიც. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ოპოზიციურ სახეს ვურჩევ, ცოტა ხნით დაისვენოს.  მაშინ, როცა აბსოლუტურად გაუგებარია, ოპოზიცია რას აკეთებს ან რით არის დაკავებული, ,,ნაციონალების'' აქტიური საარჩევნო კამპანია პიკს აღწევს. ალბათ, ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოფხიზლდება მაშინ, როცა მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას დაასრულებს.  წინა არჩევნებზეც ასე მოხდა. ნაციონალურ მოძრაობას თავისი ელექტორატიც კი გამოვლენილი ჰყავდა, როცა ოპოზიციური პარტიები გააქტიურდნენ.  
_ შეიძლება ითქვას, ოპოზიცია ერთი და იმავე შეცდომას უშვებს. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მიზეზი? 
 _ ამ კითხვაზე პასუხი მეც არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მაქვს ურთიერთობა. ჩემთვისაც გამოცანაა, 2003 წლიდან აბსოლუტურად ერთი და იმავე სიტუაცია რატომ მეორდება ან რატომ არის ოპოზიციური პარტიებისთვის ყველა შემოდგომა გაზაფხულისთვის ან ყველა გაზაფხული შემოდგომისთვის, ამიტომ ვამბობ, რომ რეალობა სწორედ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ითხოვს, რომელსაც პერსპექტივა, ალბათ, ექნება იქიდან გამომდინარე, როგორც იქცევა ძველი ოპოზიციური სპექტრი.  
_ რატომღაც, გულგატეხილი მეჩვენებით. არც პოლიტიკურ პროცესებში ჩანხართ აქტიურად, რატომ?  
_ გულგატეხილი არ ვარ, უბრალოდ, მოცემული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას კი იმის გამო არ ვიღებ, რომ მინდა, ყველაფერს შორიდან დავაკვირდე. ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ხვდები, რომ, უბრალოდ, უნდა გაჩერდე და შორიდან უყურო, ვინ რისი გამკეთებელია. როცა შიგნით, პარტიაში ხარ, გგონია, რომ მართლაც, რაღაც ხდება. როგორც კი განზე დგები, კარგად ხედავ, რომ სინამდვილეში პარტიაში უაზრო შიდაფუსფუსი არაფერს ნიშნავს. ოპოზიციური პარტიების პასიურობას ახსნაც მოეძებნება. ეს, ალბათ, იმის შედეგია, რომ პარტიებს ყველა საარსებო რესურსი შეზღუდული აქვთ, ფინანსური რესურსების ჩათვლით, საინფორმაციო ველზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ შეზღუდვების გამო, რთულია, მმართველ პარტიას ტრადიციული მეთოდებით პოლიტიკური კონკურენცია გაუწიო.  
_ თუმცა, ალბათ, მხოლოდ რესურსების შეზღუდვა არ უნდა იყოს ოპოზიციის უმოქმედობის ბრალი. ასე არ ფიქრობთ? 
_ რა თქმა უნდა, არის მეორე მხარეც. დღევანდელ ოპოზიციას ბევრად ნაკლები ნიჭი აქვს, ვიდრე თავის დროზე იმ ძალებს ჰქონდათ, ამჟამინდელ ხელისუფლებას რომ წარმოადგენენ. ფაქტობრივად, ქვეყანაში ცვლილების განსახორციელებლად რაიმე კატაკლიზმი უნდა მოხდეს ან ხელისუფლებამ უნდა დაუშვას ძალიან სერიოზული შეცდომა. 
_ გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლება შეცდომას არ უშვებს?  
_ ხელისუფლება შეცდომებს უშვებს იმ სფეროში, რომელზე გავლენის მოხდენაც ოპოზიციას არ ხელეწიფება. მაგალითად, ოპოზიციას ეკონომიკურ სფეროზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს, არც ის შეუძლია, უკმაყოფილო ბიზნესმენს რეალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.  ხელისუფლება ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელსაც ოპოზიცია სათავისოდ ვერ იყენებს. ეს არის ჩემი თვალით დანახული რეალობა. საქართველოში ძირეული ცვლილების განხორციელება მხოლოდ შიგნით, ,,ნაციონალებში'' მომხდარი განხეთქილების შედეგად იქნება შესაძლებელი.  
_ რას გულისხმობთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ,,ნაციონალების'' ნაწილი ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდეს?  
_ ვნახოთ. ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან, რაიმე სერიოზული ცვლილების შანსი მხოლოდ ,,ნაციონალების'' დაპირისპირებითაა შესაძლებელი, რადგან არსებული ოპოზიციური სპექტრის რესურსები ხელისუფლების რეალურ კონკურენტს ვერ ქმნის. მით უმეტეს, იმ გათითოკაცების პირობებში, რაშიც ახლა არიან. უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას ჰქონდა შანსი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების იდეის გარშემო კონკურენტუნარიანი გაერთიანება მიეღო. ამ თემის სრულად გამოყენება და მის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაც კარგად შეიძლებოდა. ის ფაქტი, რომ ამ თემის გარშემო კონსოლიდირება ვერ მოახერხეს, ოპოზიციის მარცხად შეიძლება შეფასდეს. სწორედ ამ შეუთანხმებლობას მოჰყვა ნიჰილიზმის ტალღა. თუმცა ვფიქრობ, ამ ნიჰილიზმის ტალღას საზოგადოების გამოღვიძება მოჰყვება. რამდენად აღმოჩნდება ოპოზიცია ამისთვის მზად, ეს სხვა საკითხია. 
 _ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღებული შეთანხმება ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა, თუმცა მასში გარკვეული დირექტივები ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შეიტანა. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ რა მექანიზმებით უნდა გააკონტროლოს ახალი კოდექსის პროექტი?  
_ იმ ცვლილებებზე, რაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ოპოზიციამ აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს იმის საშუალება, რომ მასში საკუთარი ინიციატივით დირექტივები შეიტანოს. ახლა აუცილებელია, ოპოზიციურმა პარტიებმა კოდექსში შესატანი თითოეული ცვლილება სიტყვა სიტყვით წაიკითხონ. ასევე აუცილებელია, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მონიტორინგს გაუწევს. სჯობს, თუნდაც ,,ექვსიანმა'' ახლა გაამახვილოს ამ საკითხზე ყურადღება, ვიდრე არჩევნების წინ აღმოაჩინოს და თქვას _ უი, ეს რა უქნია ხელისუფლებასო.  
_ რაც შეეხება ,,ექვსიანს''. ეს გაერთიანებაც არ არის თქვენთვის იმედის მომცემი? 
 _ ვფიქრობ, ამ გაერთიანებას შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა არ მესმის, 8 ივნისის შემდეგ, რაში დახარჯეს ამ ადამიანებმა დრო, დღემდე რომ ვერაფერზე ჩამოყალიბებულან. შეიძლება ითქვას, არჩევნებამდე დარჩენილი დროის 20% ჰაერში დაკარგეს.  ოპოზიციაში ძალიან ბევრი ფსევდოპარტიაა თავისი ამბიციური ლიდერებით. მსგავსი ფსევდოპარტიები ჯამში არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან, რადგან მათ ფონზე, მეტნაკლებად, ძლიერი პარტიის არსებობასაც დიდი რეზუმი აღარ აქვს. რაც არ უნდა კარგი იდეები და სამოქმედო პროგრამა ჰქონდეს პარტიას, აბსოლუტურად იგნორირებულია. სხვაობა ოპოზიციურ პარტიებში ნიველირებულია და ჭკვიანსაც და უჭკუოსაც ოპოზიციაში ერთი და იგივე წონა აქვს.  პირდაპირ რომ ვთქვათ, არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს ვითარება ოპოზიციამ კარგად უნდა გააანალიზოს და გამოსავალი იპოვოს.  
_ წინასაარჩევნოდ, არც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა გამოსავალი?  
_ როგორ ფიქრობთ, ყველაზე წონადი პარტიების რეიტინგი დღეს რამდენი შეიძლება იყოს? მაქსიმუმ _ 45%. სახელმწიფო მანქანა წლების განმავლობაში მთელი ძალებით მუშაობდა, რათა ოპოზიციურ ფლანგში ძლიერი ძალა არ წარმოქმნილიყო. ოპოზიციამ კი იმის ნაცვლად, რომ ძლიერი წინააღმდეგობა გაეწია, ერთმანეთში აბსოლუტურად სულელური დაპირისპირება დაიწყო. იმაზე ვერ შეთანხმდნენ, სამართლიანი არჩევნები სჯობდა თუ რიგგარეშე არჩევნები. სამართლიანი თუ არ იქნა არჩევნები, რიგგარეშე რა ჯანდაბად გვინდა?! სამწუხაროდ, ქართველები ყოველთვის ვახერხებთ ისეთი მიზეზებით დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, რაც საკამათო თემადაც არ ღირს. ეს ყველაფერი ჩვენი დაბალი პოლიტიკური დონის ბრალია. ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ ბლოკი რომც შექმნან, ეს რეალობას ვერ შეცვლის, თუ იდეა არ დაედო საფუძვლად. ყველა გაერთიანებამ დინამიკაში პერსპექტივები უნდა გამოაჩინოს, თორემ ხუთი კაცი დავსხედით და გავერთიანდითო, ამით ხალხს ნამდვილად ვერ აიძულებენ საარჩევნო ურნებისკენ გაქცევას. სამწუხაროდ, ოპოზიციაში პროცესი არ ჩანს, რომელიც პოლიტიკოსისთვის და პარტიისთვის აუცილებელია. 
 _ მაშინ, იქნებ გვითხრათ, თქვენი წინასწარი პროგნოზი როგორია, რას უნდა ველოდოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან? 
 _ ჩვენ იმდენად არაპროგნოზირებადი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. გახსოვთ, ალბათ, 2007 წელს ოპოზიცია დღევანდელთან შედარებით უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, როცა იმედი გაჩნდა, ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ახლაც საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი რომ გაჩნდეს, იმდენად დიდი ნეგატიური მუხტი არსებობს, რომ ამ ნაპერწკალს ხალხი აუცილებლად გაყვება. მთავარია, ვიღაცამ კიდევ ერთხელ ცრუ იმედი არ გააჩინოს. ეს ისევ ოპოზიციაზეა დამოკიდებული. 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.