"ინტერპრესნიუსი"
11.01.2012

ეკატერინა ხვედელიძე მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" იურისტთა ჯგუფის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეკატერინა ხვედელიძემ მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. 
კბილაშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მაშინვე ძალაში არ შედის, რადგან ვიდრე ზემდგომ ორ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ვერ შეიძენს. 
"თუმცა, არის გამონაკლისი, როდესაც განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, პირს შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სთხოვოს, გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ეკატერინე ხვედელიძემ.
ადვოკატმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის მოტივაციად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ეკატერინა ხვედელიძის მასში მონაწილეობის სურვილი დაასახელა. 
"წინ არჩევნები გველოდება, შესაბამისად, მოსამართლისადმი გაგზავნილ ეკატერინა ხვედელიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურს პოლიტიკური პარტიის შექმნა და პარტიის მეშვეობით კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. ამ უფლებათა რეალიზებას ვერ შეძლებს, თუ გადაწყვეტილება, მისთვის მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ არ აღსრულდება. ეს არის განსაკუთრებული გარემოება, რადგან თუ მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღსრულდება, 2013 წელს უკვე მოკლებული იქნება რეალურ შინაარსსა და დატვირთვას", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა. 
მისივე განმარტებით, განცხადება 5 იანვარს შევიდა და მოსამართლე ამ საკითხს წყვეტს მანამ, ვიდრე საქმე მასთან რჩება. 
"საქმე კი მოსამართლესთან დღეიდან 2 კვირის განმავლობაში რჩება, რადგან 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გუშინ ჩაგვბარდა და მისი გასაჩივრების ვადაც გუშინდელი დღიდან აითვლება", - განმარტა კბილაშვილმა. 
იურისტების განცხადებით, ორი კვირის ვადაში ან მოსამართლის დადებით პასუხს ელოდებიან, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას. 


იხილეთ დედანი


ირაკლი მელაშვილი


”ნაციონალური”  კანონშემოქმედების  წინასაახალწლო კაზუსები

საქართველოს პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ისტორია სულ უფრო მეტად კომიკურ სახეს იღებს. ჯერ იყო და ამ კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა დაარღვია  რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლი  ტექსტში გაჩნდა მე-2 მოსმენის გვერდის ავლით,  მხოლოდ 28 დეკემბერს, მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა.

ამის შემდეგ, პარლამენტმა დაამტკიცა კანონის მე-2 მუხლის შემდეგ რედაქცია - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.”

პოლიტიკური პარტია, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა შეზღუდვებს დაუწესებდა მას კანონმდებელი წლის ბოლოს,  2011 წლის განმავლობაში მაშინდელი კანონმდებლობის სრული დაცვით იღებდა შემოწირულობებს. კანონის ამ რედაქციის თანახმად პარლამენტმა დაუწესა მათ შეზღუდევები შემოწირულობების მიღების დროს და დაადგინა, რომ ამ კანონის გვერდის ავლით  პარტიის ანგარიშებზე მთელი წინა წლის განმავლობაში კანონიერად მიღებული თანხები ან 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს შემომწირველს, ან ამ თანხას წაიღებს  ბიუჯეტი!

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტიის მიერ კანონში შეტანილი აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება პირდაპირ უკავშირდებოდა 2011 წელს რიგი ოპოზიციური პარტიებისათვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ  აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებაზე  ქართული  არასამთავრობო ორგანიზაციებისა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთებამ და მკაცრმა პროტესტმა ხელისუფლები მოულოდნელი რეაქცია  გამოიწვია.  ”საკანონმდებლო მაცნის” საიტზე (სადაც საქართველოს კანონმდებლობით უნდა გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტი, რათა ის ძალაში შესულად ჩაითვალოს) კანონის უკვე შეცვლილი (ჩასწორებული) ტექსტი გაჩნდა: - -”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ,..” ამ რედაქციით პარტიებს აღარ მოეთხოვებოდათ, რომ  წინა წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსება შესბამისობაში ყოფილიყო ამ კანონთან და აღარ უჩნდებოდათ ამ თანხების შემომწირველებისათვის დაბრუნების ან ბიუჯეტში ექსპროპრიაციის საფრთხე.

თითქოს პრობლემა ამოიწურა, მაგრამ ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ კიდევ მეტი კითხვა გააჩინა. როგორ იმართება ქართული კანონშემოქმედებით პროცესი? ვის აქვს უფლება შეცვალოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტი, როცა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (პარლამენტში შესული კანონპროექტის ტექსტი, პარლამენტის სხდომის სტენოგრამა) ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრით ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული  ტექსტისაგან განსხვავებული ვარიანტი დაამტკიცა?

იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის ზედამხედველი ორგანო?

მოვლენები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადათ განვითარდა. 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის N 157  ბრძანებით - ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.” საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება დაადგინოს კანონის ტექსტი.  ფაქტიურად იუსტიციის მინისტრმა თავისი აქტით ეს უფლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ” საკანონმდებლო მაცნეს” გადსცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა ირიბად დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქართული არასამთავრობოებისა და დიპლომატების პროტესტის საპასუხოდ უკვე კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა. იუსტიციის მინისტრი კი, 29 დეკემბრის  N 157  ბრძანებით  ეცადა კანონიერი საფუძველი შეექმნა ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტებს შორის  განსხავავების ფაქტისათვის.  

ქართული  იუსტიცია კანონის, საკუთარი ბრძანებულებისა  და საღი აზრის წინააღმდეგ

ბუნებრივია, რომ იუსტიციის მინისტრის ახლა ეს აქტი გახდა ქართული არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების კრიტიკის საგანი. დაისვა საკითხი, რომ შესაბამის ორგანოებში მოხდეს მისი გასაჩივრება. ხელისუფლების რეაქცია აქაც მყისიერი და ... ისევ არაადექვატური იყო. საქართველოს ”საკანონმდებლო მაცნემ” უკვე 4 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე როგორც, მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია.” ბუნებრივია, რომ ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ანუ იუსტიციის მინისტრის გამოცემულ 20111 წლის N 157 ბრძანების მე 5 პუნქტი -”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება...” აშკარად ითვალისწინებს სწორედ ”საკანონმდებლო მაცნე”-თვის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში  ცვლილებების შეტანის უფლებას.

ალბათ არავის მოუვა აზრად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან სამინისტროს ბრალი დასდოს კანონების უცოდინარობაში. ამ დღეებში დატრიალებულმა მოვლენებმა კიდევ  ერთხელ აჩვენა, თუ რა მახინჯი სახე შეიძლება მიიღოს  რეჟიმის სურვილს ლეგალური დასაბუთება მოუძებნონ საკუთარ მისწრაფებას, შეზღუდონ ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების განვითარების და გაძლიერების ნებისმიერი შესაძლებლობება. ხელისუფლების ეს ქმედება კარდინალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა  და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების კურსის თაობაზე. ეს მოვლენები განსაკუთრებით სახიფათოა ახლა, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებამდე წელზე ნაკლებია დარჩენილი.  ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები კი სულ უფრო მეტად ემსგავსება ბრძოლას წესების გარეშე.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ აქ

"პირველი"
11.01.2012

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ნებისმიერ ალტერნატიულ პროცესს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ იგი პრაგმატული და რეალურ შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ამის შესახებ კაციტაძემ "პირჭელს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წინადადებების ხელახალი განხილვისკენ მოუწოდებს.

"საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ გაუმჯობესება აშკარაა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მეტი პოზიტივი გაჩნდებოდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ ყველას ერთად უფრო ეფექტური მუშაობა წარგვემართა მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ჩასაფრებული პოზიცია არ გვქონოდა. გარდა ამისა, ცოტა მაეჭვებს შემდგომი ცვლილებების მოსწრებადობის საკითხი და ამ ცვლილებების მიმართ ხელისუფლების მზაობა" - განაცადა კაციტაძემ. 

რაც შეეხება "დემოკრატული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საარჩევნო სიების დაზუსტების ალტერნატიული კომისიის შექმნის შესახებ, როგორც კაციტაძე აცხადებს, ის "ნებისმიერ ალტერნატიულ მცდელობას მიესალმება და სურვილი ექნებოდა, ყველა ნაკლოვანება აღმოჩენილი ყოფილიყო და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გათვალისწინებულიყო". 

"მე ამას არ ვუყურებ, როგორც ალტერნატიულ დამღუპველ პროცესს, პირიქით, მას დამხმარედ განვიხილავ, თუმცა სურვილი მაქვს, ყველა ძალისხმევა ერთად თავმოყრილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში აისახოს"- დასძინა კაციტაძემ.


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
11.01.2012

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, დღეს, ცესკო-ში მორიგ სხდომას გამართავს. კომისიის წევრები სხდომაზე კომისიის შინაგანაწესს განიხილავენ და დაამტკიცებენ. განხილული იქნება ასევე აპარატის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის საკითხი.

დღესვე კომისიაში წარდგენილი იქნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსის კანდიდატურა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭისყრის შედეგად დაინიშნება.

კომისიის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"
11.01.2012

"თავისუფალი საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული საარჩევნო კოდექსის პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და რეალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშაონ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ. 
კუკავას განცხადებით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს თავისი განსაკუთრებული აზრი და წინადადებები, რომელიც საერთო პოზიციაში აისახება. მისივე თქმით, "თავისუფალი საქართველო" მოითხოვს, რომ მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსი იყოს განხილული, რომელიც 30 000 ამომრჩევლის მიერ პარლამენტში იყო ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს სათანადო შეფასება ერთპარტიულ რეჟიმში მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობას და 2012 წლის არჩევნებამდე დადგინდეს საარჩევნო რეფორმის კონკრეტული ვადები და პირობები. 
"თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით შეუძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ეს კოდექსი აუარესებს ოპოზიციური პარტიების მდგომარეობას. 


იხილეთ დედანი


6.01.2012


2011 წლის ბოლო დღეებში პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით გვსურს, ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას: 


  1. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა დაარღვია რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კერძოდ: ამ კანონის მე-2 მუხლი ტექსტში გაჩნდა მე-2 მოსმენის გვერდის ავლით, კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა; 
  2. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით ისე მიიღო, რომ პარლამენტის წევრებს ამ მუხლზე არც რედაქციული და არც შინაარსობრივი შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მიუხედავად ამისა, „საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი,  (”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში”) არ ემეთხვევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებული ტექსტის რედაქციას, რომელშიც ვკითხულობდით: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ......”   
  3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების   რედაქცია  პარტიების მიერ წინა წლის განმავლობაში კანონიერი გზით მიღებულ  შემოწირულობებს უკანონოდ აცხადებდა. აღასანიშნავია პარლამენტის მიერ ახალი წლის წინა დღეებში კანონში ახალი მუხლის ნაჩქარევი გაჩენის ფაქტი. აღნიშნული მუხლის ინიცირება ზეპირსიტყვიერად მოხდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად მიწვეულები ვიყავით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.  კომიტეტს ამ საკითხზე არ უმსჯელია და, მით უმეტეს, ამ წინადადებისთვის კენჭი არ უყრია. აღნიშნული საკითხი ადრე არც კი განხილულა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე კონსულტაციებზე, რომელიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება პირდაპირ უკავშირდებოდა 2011 წელს საქართველოს იურიდიული პირების მიერ რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც ”საკანონმდებლო მაცნეში” უკვე ჩასწორებული რედაქცია გაჩნდა;
  4. ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში - 3 იანვარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. ეს ცვლილება 29 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამ ფაქტმა ირიბად დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქართული არასამთავრობოებისა და დიპლომატების პროტესტის საპასუხოდ უკვე კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა. 

ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, კანონიერი სახე მისცეს მის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებს, ამ შესწორებით გაამართლოს ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული ტექსტის განსხვავება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტთან.  სინამდვილეში კი, აქამდე ჩადენილ უკანონო ქმედებებს კიდევ ერთ უკანონობას უმატებს, რადგანაც გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა თავისი ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „საკანონმდებლო მაცნეს” საკანონმდებლო საქმიანობაში მიანიჭა ის უფლება, რაც აქამდე მხოლოდ პარლამენტს კანონის მესამე წაკითხვისას ჰქონდა. ”საკანონმდებლო მაცნემ” უკვე 4 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ „საკანონმდებლო მაცნეს“ აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე, როგორც მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია.” ბუნებრივია, რომ ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ანუ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 2011 წლის N 157 ბრძანების მე 5 პუნქტი -”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება...” აშკარად ითვალისწინებს სწორედ ”საკანონმდებლო მაცნესთვის“ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში  ცვლილებების შეტანის უფლებას. 


კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, მოიყვანონ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის N157 ბრძანება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ამასთან, ვიზიარებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ უნდა გაგრძელდეს საარჩევნო გარემოს დახვეწის პროცესი. ამ მიზნით, კოალიცია ამზადებს სამართლებრივ დასკვნას როგორც ამ კანონზე, ასევე  პარლამენტის  მიერ მიღებულ სხვა აქტებზე, რომლის საფუძველზეც მომზადდება საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენად. ინიციატივა შეეხება როგორც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, აგრეთვე, იმ საკანონმდებლო აქტების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი გამონახავს საშუალებას აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

www.forumi.ge
22.12.2011


საქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობის და თანასწორობისათვის",
"ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი",
პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმი"


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  

პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების შექმნა განპირობებულია იმ აქტუალური  ამოცანებით, რომელთა გადასაჭრელად უფრო ეფექტურია ერთობლივი მოქმედება. სწორედ ეს იყო თავის დროზე ჩვენი პარტიების ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანების საფუძველი. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა იყო საერთო ამოცანა ოპოზიციური რვიანისა.  ჩვენმა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ძალას უნდა  მიეღო აქტიური მონაწილეობა.  ჩვენი გაერთიანებით შევქმენით ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის პრეცედენტი Mდა  აქტიური მუშაობა გავწიეთ Yყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იდგა, მათ შორის იმ პარტიებთანაც, რომლებიც  არ აღიარებდნენ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პრიორიტეტს. სხვადასხვა გარემოებათა გამო ბრძოლა საარჩევნო გარემოს თვისობრივი გაუმჯობესებისათვის სათანადო შედეგით ვერ დამთავრდა. 

დღევანდელი პოლიტიკური ვითარება,  როცა არსებული ოპოზიციური პარტიებიდან  თითქმის ყველა აღიარებს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პრიორიტეტს,  ჩვენი პარტიების თანამშრომლობა ბლოკის სახით აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. მით უმეტეს, რომ  არსებობს პოლიტიკურ პარტიებს შორის  უფრო დიდი თანამშრომლობის ალტერნატივები. მიგვაჩნია, რომ არსებული სახით პოლიტიკური ბლოკის არსებობა აღარაა მიზანშეწონილი და  ის  დაშლილად ცხადდება. ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, თვითეული ჩვენგანი გააგრძელებს  აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას  და ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობას. 

საქართველოს ქალთა პარტია” სამართლიანობის და თანასწორობისათვის”;
"ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"
პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმი”  

თბილისი, 22 დეკემბერი 2011



"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

ძალოვან უწყებებს კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირების უფლება მიეცათ. შესაბამისი დამატება "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონპროექტში, მის საბოლოოდ დამტკიცებამდე გაჩნდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება მიეცათ, რომ 
ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, განახორციელონ კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება. 
ასეთ შემთხვევაში, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკიდან სასამართლოს ნებართვით. თუმცა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მისი სასამართლოს გვერდის ავლით განხორციელებაც დაშვებულია.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლება აქვს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ, ასევე, ასეთ ღონისძიებებს ატარებენ დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
ავტორი კობა ბენდელიანი
22.12.2011

2011 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2012 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და რას მიიჩნევდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკას ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად?
- ივანიშვილის სახით ქართულ პოლიტიკაში ვულკანი ამოიფრქვა. სრულიად წყნარი და პრაქტიკულად უკვე დაგეგმილი პოლიტიკური სივრცე ივანიშვილის პოლიტიკოსის სტატუსში გამოჩენამ დაარღვია. ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის გამოჩენა საშინაო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. 
ოქტომბრამდე, ანუ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე მმართველმა პარტიამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი მეთოდურად და საკმაოდ სკურპულოზურად განსაზღვრა. გააზრებული სტრატეგია მიმართული იყო იმისკენ, რომ კონკურენტი დაძლევადი ყოფილიყო, გამორიცხულიყო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და ქუჩის აქციების გზით ხელისუფლების შეცვლა. ორივე მიმართულებით მიზანი ხელისუფლებას წარმატებით ჰქონდა მიღწეული. ანუ, საზოგადოებას ნდობა, როგორც ზომიერი, ისე რადიკალური ოპოზიციის მიმართ დაკარგული ჰქონდა. გაძლიერებული იყო იმის გრძნობა, რომ ხელისუფლების მომრევი არავინ არის. ამავე პერიოდში წინა პლანზე მოხდა იმ პარტიების წამოწევა, რომლებთანაც ხელისუფლებას საერთოს პოვნა უადვილდება. მოგეხსენებათ, რომ სწორედ იმ პერიოდში გაფართოვდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიათა წრე. ცხადი იყო, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდებოდა სწორედ ამგვარი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას დემოკრატიულობის იმიჯს შეუქმნიდა. ამგვარი პარლამენტი ხელსაყრელი იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ვინაიდან მას მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებოდა. 
ივანიშვილის გამოჩენამდე ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავდა და ხალხი ხმას ხელისუფლებას უფრო მისცემდა, ვიდრე - ოპოზიციას და ყოველგვარი გაყალბების გარეშე ის ვითარება შენარჩუნდებოდა, რაც პრაქტიკულად დღეს გვაქვს. პოლიტიკური ცხოვრება იმავე რეჟიმში გაგრძელდებოდა, როგორც აქამდე იყო. პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამ ამგვარი პოლიტიკური მომავლის სურათი არია. 
- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დეპუტატ თორთლაძის მტკიცება, რომ ივანიშვილი "რუსული პროექტია", რომ მისი ფინანსები რუსულ "გაზპრომსა" და ფე-ეს-ბეს უკავშირდება? და კიდევ, რამდენად მართებულია დაწყებული კამპანია იმის საწინააღმდეგოდ, რომ საარჩევნო პროცესში ივანიშვილის ფინანსები არ უნდა იყოს გამოყენებული?
- ხელისუფლების თვალში ივანიშვილის ფინანსები ოპოზიციისთვის მეტისმეტად სერიოზული რესურსია. შესაბამისად, ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ფინანსური რესურსის გაჩენით ივანიშვილმა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების ხელისუფლებისეული კონცეფცია აშკარად დაარღვია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეფასდეს ივანიშვილის ფინანსები. რადგან ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ივანიშვილის ფინანსებმა პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიიღოს, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ამ ვითარებიდან გამოსავალი და ამ ფინანსების დაბლოკვის გზა იმ რიტორიკაში ეძებოს, რომელიც დეპუტატმა თორთლაძემ წარმოადგინა. 
ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ - თუ ბიძინა ივანიშვილის ფული რუსული ფულია, რატომ სარგებლობდა ამ ფულით "ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსებობის პირველ პერიოდში და საერთოდ, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე? რატომ ხარჯავდა ივანიშვილი ამ ფინანსებს თეატრებზე, ეკლესიებზე, იგივე "ნაცმოძრაობისა" და საზოგადო მოღვაწეების დაფინასებაზე? აქ ლოგიკური წინააღმდეგობა აშკარაა. თუ ივანიშვილის ფული მტრის ფინანსებია, საკითხავი და გასაკვირი ისაა, რატომ აფინანსებდა მტერი "ნაციონალურ მოძრაობას" და ქართულ პოლიტიკას? ამ გაუგებრობის გამო რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი მოტივი, რაც ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით ამ გაუგებრობებს წარმოშობს, არის ის, რომ საკუთარი ინტერესის გამო როგორმე ჩაკეტონ კონკურენტული ფინანსები და წმინდა პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში დაასუსტონ კონკურენტი. 
- თქვენი ვარაუდით, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2012 წელს? მომავალი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მოუწევს. რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცება და რამდენად სავარაუდოა პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზული მესამე ძალის გამოჩენა?
- მესამე ძალის ჩამოყალიბების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს "ქრისტიან-დემოკრატებმა". ამ თემაზე ბევრი სხვაც საუბრობს. არ ვიცი, არის თუ არა ეს სწორი სტრატეგია, რადგან თუკი გათვლა არის იმაზე, რომ მესამე ცენტრი ივანიშვილისეულ ხმებს მიიღებს, მაშინ ასეთი გათვლა შეიძლება მეტ-ნაკლებად ლოგიკური მოგვეჩვენოს. მაგრამ, ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, როგორიც "ქრისტიან-დემოკრატები" არიან, მიიღებენ იმ ხმებსაც, რომელიც შეიძლება "ნაცმოძრაობას" მიეღოთ. რამდენიმე გამოკვლევაში ჩანს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" და "ნაცმოძრაობა" რიგ შემთხვევაში ერთსა და იმავე ელექტორატზე გადიან. მოქალაქემ, რომელმაც შეიძლება რაღაც მიზეზით "ნაციონალებს" არ მისცეს ხმა, დიდი ალბათობაა, რომ ხმა მისცეს ქდმ-ს. დიდი ალბათობაა, რომ ამ ტიპის მესამე ცენრტმა ხმები სწორედ "ნაციონალებს" წაართვას და არა - ივანიშვილს. ეს გათვლა არ მეჩვენება მართებული იმ ვითარებაში, როცა მომავალ არჩევნებზე თითოეულ ხმას შეიძლება ოქროს ფასი დაედოს. 
მიჭირს პროგნოზის გაკეთება თემაზე, მშვიდად ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან უცნაურად განვითარდა პროცესები. ამის კარგი მაგალითია "ქართუ" ბანკის საინკასაციო მანქანებზე თავდასხმა. ამ პროცესში რეალურად ის ძალები ჩაერთვნენ, რომელთაც ამ საბანკო ოპერაციასთან არნაირი საქმე არ ჰქონდათ და სადამსჯელო ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. ივანიშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნიშნები იმთავითვე გამოჩნდა და, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, არა მგონია, რომ არჩევნების დროსაც ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირებაზე უარი თქვას. 
- როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე 2011 წელს განვითარებულ პროცესებს და როგორი იყო საქარველოსთვის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით?
- ბევრ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ქართულმა დიპლომატიამ გარკვეული წარმატებები მოიპოვა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ერთი მხრივ ვაიძულეთ რუსეთი, ეღიარებინა ჩვენი უფლებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე; მეორე მხრივ აფხაზებს, ოსებს, დავანახეთ თუ რამდენად "მტკიცეა" მათი პარტნიორობა რუსეთთან და თუ რუსეთს დასჭირდება, ისინი შეიძლება რუსეთის ინტერესების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. პრაქტიკულად, 2011 წლის განმავლობაში ასეთი პოზიტიური მნიშვნელობის მოვლენა მე არც მახსენდება. რაც შეეხება უარყოფით მოვლენებს, სამწუხაროდ, ამავე წელს ასეთი მოვლენები საკმაოდ იყო. 
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე და როგორი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით? 
- 2012 წელს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისთვის გადამწყვეტი როლი მიენიჭება ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებს და კერძოდ საპარლამენტო არჩევნებს. საერთაშორისო ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე. არჩევნები გაარკვევს, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლების არჩევნების გზით დინამიურად შეცვლის უნარი. 2012 წელი გაარკვევს, საქართველო ქვეყნის აზიური მმართველობის მოდელს მიუახლოვდება, თუ ევროპულს. 2012 წელს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკა-ირანის ურთიერთობების ხაზი, ასევე ის, თუ რა გაგრძელებას ჰპოვებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა. ამერიკის რუსეთთან დამოკიდებულებაში კონფრანტაციული ტონი აშკარაა. თუკი კონფრონტაცია გაძლიერდა, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა ისევ საქართველოზე, როგორც ამერიკის მეგობარზე გადატეხოს ჯოხი. მაგრამ, თუ პუტინი აღმოჩნდა ელასტიური და მოახერხა ამერიკასთან ურთიერთობების დამშვიდება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამან საქართველოსთვის ბევრი პოზიტიური რამ მოიტანოს თუნდაც იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა ჰქვია. 
- სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ რუსეთში განვითარებული პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ 2012 წლის მარტისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარება რუსეთში კიდევ უფრო დაიძაბება. თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებში გარკვეული დატვირთვა აქვთ რუსეთის დემოკრატიულ ძალებს, საუბარი იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია და დიქტატურა ერთმანეთს უპირისპირდება, ძნელი სათქმელია. უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან ის დიქტატურა, რომელიც ხელისუფლებაშია და მოდიქტატურო ჯგუფები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. მხედველობაში მყვანან ნაციონალისტები და კომუნისტები. შედარებით მცირე ძალას წარმოადგენენ ლიბერალ-დემოკრატები. ასე რომ, ის მოძრაობა, რომელიც დღეს რუსეთში მიმდინარეობს, ვერ შეაჩერებს პუტინის კრემლისკენ სვლას, მაგრამ შეიძლება, უბიძგოს პუტინს, მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს ნაციონალისტებისა და კომუნისტების ინტერესები და პოლიტიკური პრეტენზიები. ეს კი, არც რუსეთს და არც მის სამეზობლოსა და საქართველოს კარგს არაფერს უქადის. თუკი პუტინმა მათთან შეთამაშება და მათთვის ანგარიშის გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო უარეს სურათს მოგვცემს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. 
- იმის ფონზე, რომ აშშ-ის ლიდერებმა, ევროპარლამეტმა, ევროსაბჭომ, გერმანიის ბუნდესტაგმა რუსეთის სათათბიროს არჩევნები არ აღიარეს და კრემლს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები? და კიდევ, თუ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და ვითარების განმუხტვა გაჭიანურდა, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია? 
- არა მგონია, თბილისისთვის ხელსაყრელი იყოს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე შეფასების ღიად გამოთქმა. ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკას სხვა მოტივები აქვთ, რომ რუსეთის მიმართ იყვნენ კრიტიკული. ამერიკასა და რუსეთს შორის შეუთანხმებელი თემებია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებისა და ირანის თემები და, როგორც ჩანს, ვაშინგტონი კრემლთან დიალოგში არჩევნების თემის გამოყენებას შეეცდება. რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებულმა თემატიკამ დასავლეთი უფრო მგძნობიარე გახადა. ჩვენც რომ ჩავერთოთ ამ პოლემიკაში, ისე გამოგვივა, როგორც ქართულ ანდაზაშია – კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო და შესაძლოა, სხვის ქეიფში დაკლული ქათმის როლი შევასრულოთ. დასავლეთმა კიდეც რომ მოგვიწონოს რუსეთის კრიტიკა, ეს ჩვენ საქმეს არ წაადგება. პრობლემების იმ ჩამონათვალში, რაც დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს, არის სხვა მწვავე თემები, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად, დიდწილად არ გვეხება. 


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) შენიშვნები გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი დადებითია და ეხმიანება საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, თუმცა მასში არის ხარვეზები და ბუნდოვანებები, რომელთა დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი. მათი განმარტებით, ამ სიახლის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვები და ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირებზე. მსგავსი შეზღუდვები დაწესებულია იურიდიულ პირზეც, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. მაგალითად: კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ მოწოდებას გააჟღერებს, შეუწყდეს უფლება მიიღოს შემოწირულობა ნებისმიერი იურიდიული პირისაგან.
"მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია არა მარტო ბუნდოვანია, არამედ გარკვეულ ნაწილში მიუღებელიცაა და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ასეთი შეზღუდვა მით უფრო აბსურდულია, მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეებიც კი არ იზღუდებიან წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან, თუ უშუალოდ არ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, ასეთი დებულებების არსებობა, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 
პარტიების საქმიანობის მონიტორინგის მიზნით კანონპროექტი მუდმივმოქმედი მარეგულირებელი ორგანოს შექმნას გვთავაზობს. თავის მხრივ, ასეთი ინოვაცია სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც ერთხმად მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატა პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაში იყოს მიუკერძოებელი. მის მიერ მიღებული პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები იყოს ნათელი, ადვილად შესრულებადი და განჭვრეტადი, რათა ზედმეტად ამკრძალავმა წესებმა არ შექმნას ხელოვნური ბარიერები პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობაში. პროექტით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური პარტიებისათვის. ამასთან რეგულაციები იმდენად ოპტიმალური უნდა იყოს, რომ მათ შემოვლითი გზების მოძიების სურვილი არ გაუჩნდეთ, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები კი ადმინისტრირებას შერჩევითად არ უნდა ახორციელებდნენ",-ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, 19 დეკემბერს პროექტი წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით ისე მიიღეს, რომ კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რითაც უხეშად დაირღვა კანონი. 
2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა. 


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

"თავისუფალი დემოკრატების" დაფინანსების საკითხები აბსოლუტურად გახსნილი და საჯაროა, - ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
მისივე თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს" პარტიის რუსული ფულით დაფინანსებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოთქმული მოსაზრებების შეფასება არ სურთ, თუმცა დაფინანსების წყაროების საჯაროობის წინააღმდეგი არ არიან და კანონმდებლობის თანახმად, 2012 წლის თებერვალში სრულ ანგარიშს წარმოადგენენ, რომლის გაცნობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. 
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კანონმდებლობა ამ ანგარიშების წარმოდგენას ყველა პოლიტიკურ პარტიას ავალდებულებს, მათ შორის - "ნაციონალურ მოძრაობასაც". 


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

იმ ვითარებით, რომელიც დღეს შეიქმნა, შეგვიძლია ვისაუბროთ ძლიერ ხელისუფლებაზე, რომელსაც სოციოლოგიური კვლების მიხედვით აქვს მყარი პირველი ადგილი და ოპოზიციურ ძალაზე , რომელმაც მოახდინა აკუმულირება სხვადასხვა ოპოზიციური ძალების რეიტინგის. ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"ერთხელ ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოპოზიციონერი მკვლელი პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მან წაიღო მთელი ოპოზიცური ძალების რეინტინგი. ახლა არის საუბარი, შეძლებს თუ არა კიდევ მესამე რომელიმე ძალა, გადალახოს წინასაარჩევნო ბარიერი. როგორც კვლევების შედეგები გვაჩვენებენ, ბატონი ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეიცვლა ყველა ოპოზიციური ძალის რეიტინგი. ერთადერთი, უცვლელია "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი პოლიტიკურ ღირებულებითი ერთობა არ არის დამოკიდებული ვინმე ძალიან ფულიანი ადამიანის გამოჩენეზე ქართულ პოლიტიკაში", - აღნიშნა წიკლაურმა. 
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა განმარტა, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ყველა შესაძლებლობა, დაარწმუნოს ამომრჩეველი იმ კურსის სამართლიანიობასა და პესრსპექტიულობაში, რომელსაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. 
წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველამ ერთად მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ მოვახდინოთ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში მინიმიზაცია. 
"სწორედ აქეთ არის მიმართული ახალი კანონიც, რომელიც ახლა შემოდის და მოწონებულია, როგორც ვენეციის კომისიის, ისე ევროსაბჭოს, ევროსაბჭოს ანტიკორიფციული კომისიის - GREKO-ს მიერ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, ქონდეს გამჭირვალე და სანდო ინფომაცია, რა ფულით არის დაფინანსებული ესა თუ ის პოლიტიკური პარტია", - აღნიშნა წიკლაურმა 


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

"რესპუბლიკურ პარტიას" კანონი არასდროს არ დაურღვევია და ეს არც პარტიის დაფინანსების შემთხვევაში მოხდება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
"პირადად ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას არ ვიღებთ. ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქე არ არის და, შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" მისგან დაფინანსებას არ იღებს. არასდროს "რესპუბლიკურ პარტიას" კანონი არ დაურღვევია და ეს არც ახლა მოხდება. ვიღებთ თუ არა დაფინანსებას იურიდიული პირებისგან? დიახ, ვიღებთ. არის თუ არა ამ იურიდიული პირების ან ნაწილის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი? დიახ, არის. ისევე, როგორც კახი კალაძე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ იურიდიული პირების, რომლებისგანაც ჩვენ ვიღებთ დაფინანსებას. თუ მომთხოვთ ამ ფირმების დასახელებას, ყველას ვერ ვიტყვი, ვინაიდან არ ვიცი ამ შპს-ებს რა ჰქვია. თუმცა, მათ შორის არის "ქართუ ჯგუფიც". კანონით იურიდიული პირებისთვის 100 ათას ლარიანი ზღვარი არის გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონი ამ შემთხვევში პარტიის მხრიდან დარღვეული არ იქნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი გამოეხმაურა იმ განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი. 
"ეს ის ფულია, რომლითაც ფინანსდებოდა საჩხერის ბატალიონი, ქართველი ჩინოვნიკების უდიდესი უმრავლესობის ხელფასები, ეს ის ფულია, რომლითაც პედაგოგებს, პატრულს, პოლიციას და ქართველ ჯარისკაცებს აფინანსებდნენ. ამიტომ ჩვენ ამ ფულს აუცილებლად ავიღებთ და აუცილებლად გამოვიყენებთ, რომ ქვეყანაში შევცვალოთ რეჟიმი",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.


იხილეთ დედანი

"ინტერპრესნიუსი"
22.12.2011

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში წინააღმდეგობებია. "დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფ ახალ ბლოკს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა. როგორც პოლიტიკოსს, მქონდა მოლოდინი,  მათი მიდგომები გაცილებით პრაგმატული იქნებოდა, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ხანა დასრულდებოდა და ადამიანები გადაწყვეტილებას რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებდნენ, მაგრამ მათი მოქმედებები ეჭვებს მიჩენს", - განაცხადა თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 
მისივე განმარტებით, ეჭვებს პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის გაზრდის მიუღებლობასთან დაკავშირებით ივანიშვილის მომავალი პარტნიორების, "რესპუბლიკელებისა" და ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების პოზიცია უჩენს, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრები "რვიანის" ფორმატშიც მიმდინარეობდა და მაშინ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც კი იყო მიღებული.
"ის დამოკიდებულება, რაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ივანიშვილის მოკავშირეებმა აირჩიეს, მიჩენს ძალიან ბევრ ეჭვს და არა მხოლოდ ეჭვს, არამედ ვხედავ, როგორ ხდება ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმირება "რესპუბლიკელებისა" და ალასანიას პარტიის ოცნების ასრულებად, რომ რამენაირად მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში. დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე "რვიანის" ფორმატში არა მხოლოდ საუბრები იყო, არამედ შეთანხმებებიც. 2011 წლის მაისში "ნაციონალური ოძრაობისთვის" შეთავაზებული წინადადებათა პაკეტი სწორედ "გერმანული მოდელის" შექმნას ითვალისწინებდა, რაც, თავის მხრივ, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას გულისხმობდა. როგორც ჩანს, ან ვერ აანალიზებენ რა შედეგებს მოიტანს ეს გადაწყვეტილება, ან თავად ივანიშვილის ბანაკშია სერიოზული წინააღმდეგობები", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, მან დეპუტატ გია თორთლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ატარებს, ამ მიზნით კი სხვა პარტიებსაც აფინანსებს. თარგამაძის თქმით, თეორიულად გამორიცხული არაფერია.
"იმაზე, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და არის დაინტერესებული, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიოს, განვლილი 20-წლიანი ისტორია კარგად მეტყველებს. ამიტომ თეორიულად  გამორიცხული არაფერია, ჩვენ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვიქნებით უპასუხისმგებლოები, თუ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ", - აღნიშნა თარგამაძემ.


იხილეთ დედანი


კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების წესით წარუდგენს კოალიციის მიერ შემუშავებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს - ხუთ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კოალიცია იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინიციატივა როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაინტერესებას გამოიწვევს და ის „საარჩევნო კოდექსში“ აისახება. აგრეთვე, იმედი გვაქვს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას. 

კოალიციის მიერ შემუშავებული ინიციატივათა პაკეტი ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში“ ისეთი ცვლილებების შეტანას, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების ქმედით მექანიზმებს.

ინიციატივა, აგრეთვე, ეხება საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. კოალიციის მიერ შემუშავებული წინადადებები ხელს შეუწყობს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების გამჭვირვალობას და მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას მათი საქმიანობის შესახებ.

კოალიციის ინიციატივა კონკრეტულად ითვალისწინებს შემდეგ წიადადებებს:

  • კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის ვადები

არჩევნების დღეს კენჭისყრის გამართვის დრო განისაზღვროს დღის 8 საათიდან 18 საათამდე 

სხვადასხვა ქვეყანაში ხმის მიცემის (კენჭისყრის) დრო და ვადები სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული. საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრდა, რომ არჩევენების დღეს კენჭისყრა მიმდინარეობს დღის 8 საათიდან 20 საათამდე. ამ მიზეზით არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესი (კენჭისყრის მომზადება, კენჭისყრა და შედეგების შეჯამება) 16 -18 საათი გრძელდება, ხოლო არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამკვირვებლების უკიდურესი დაღლილობის ფონზე, რაც ზრდის მათი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას. გარდა ამისა, საკმაოდ გვიან ხდება არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება, რაც  ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას. 

კანონპროექტის მიზანია, კენჭისყრის დასრულების დროის 20 საათიდან 18 საათამდე გადმოტანით, საარჩევნო ადმინისტრაციას და დამკვირვებლებს შეექმნათ უკეთესი პირობები არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის. ამით ხმების დათვლისას და დოკუმენტაციის შედგენისას დარღვევების რაოდენობა შემცირდება, დროულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება არჩევნების წინასწარი შედეგების თაობაზე.

  • ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

კანონპროექტის არსია, მოხდეს ცესკოს სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შემაჯემებელი ოქმის გამოქვეყნებამდე.

მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნორმისა, რომ საარჩევნო კომისიების სხდომები საჯაროა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რეალურად, ამ უფლების რეალიზება საკმაოდ რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ შეზღუდულია ცესკოს და საოლქო კომისიების შენობებში სხდომების დროს ყველა მსურველის ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა.

კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ სრული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.
  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ურნების გახსნამდე მოსულ ამომარჩეველთა რაოდენობის დადგენა

კანონპროექტის მიზანია, არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე, ანუ კენჭისყრის შედეგების დადგენამდე, მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება და ამ მონაცემთა მიწოდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ცვლილების მიზანია, შეუძლებელი გახდეს არჩევნების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობისა და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის  ხელოვნურად გაზრდა.
  • საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ბიულეტენების სკანირება

საარჩევნო ყუთების გახსნისა და კონვერტების დათვლის შემდეგ საარჩევნო უბანზე მოხდება ბიულეტენების სკანირება. სკანირებული ბიულეტენების ფაილი ცალკე შეინახება საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერის მეხსიერებაში, ხოლო მისი ასლი გადაეცემა ყველა მსურველ საარჩევნო სუბიექტისა და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ დაიწყება ხმების დათვლა.

საქართველოში არჩევნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირია დარღვევები ხმების დათვლის დროს. ეუთოს 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნის მიხედვით, უბნების 20%-ზე მეტი ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ცუდად ან ძალიან ცუდად. ამ კანონპროექტის მიღების მიზეზია, საარჩევნო უბნებზე მოხდეს ხმის დათვლის პროცედურის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრა.

კანონპროექტის მიზანია, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ხმების დათვლის დაწყებამდე დოკუმენტურად დაფიქსირდება ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული არჩევანი და მათი ასლი გადაეცემა დამკვირვებელებსა და კომისიებში პარტიების წარმომადგენელებს, რაც, ფაქტობრივად, აზრს დაუკარგავს  უბანზე ხმის დათვლის პროცედურის გაყალბებას.
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება
კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მიღების, მათი დოკუმენტირების, ოლქში არჩევნების შედეგების წინასწარი შეჯამების წესი. ამ პროცედურებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფების,  სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციები არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში. მაგრამ, ამასთან, კანონპროექტის 75-ე მუხლში - ”კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში” (და არც სხვა მუხლებში) არსად არის დაფიქსირებული ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობას.

კანონპროექტის მიზანია, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო უბნებიდან ოქმების მიღების, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, ამ პროცესში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მონაწილეობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. აგრეთვე, საარჩევნო ოლქში ხმების დათვლისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის დადგენამდე მოსულ ამომრჩეველთა რიცხვის დადგენა, დოკუმენტურად დაფიქსირება და ამ მონაცემთა მიწოდება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისა და  დამკვირვებლებისათვის, რათა შეუძლებელი გახდეს არჩევნების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობისა და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის  ხელოვნურად გაზრდა.

                                      

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.