"ინტერპრესნიუსი"
ავტორი კობა ბენდელიანი
22.12.2011

2011 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2012 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და რას მიიჩნევდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკას ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად?
- ივანიშვილის სახით ქართულ პოლიტიკაში ვულკანი ამოიფრქვა. სრულიად წყნარი და პრაქტიკულად უკვე დაგეგმილი პოლიტიკური სივრცე ივანიშვილის პოლიტიკოსის სტატუსში გამოჩენამ დაარღვია. ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის გამოჩენა საშინაო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. 
ოქტომბრამდე, ანუ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე მმართველმა პარტიამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი მეთოდურად და საკმაოდ სკურპულოზურად განსაზღვრა. გააზრებული სტრატეგია მიმართული იყო იმისკენ, რომ კონკურენტი დაძლევადი ყოფილიყო, გამორიცხულიყო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და ქუჩის აქციების გზით ხელისუფლების შეცვლა. ორივე მიმართულებით მიზანი ხელისუფლებას წარმატებით ჰქონდა მიღწეული. ანუ, საზოგადოებას ნდობა, როგორც ზომიერი, ისე რადიკალური ოპოზიციის მიმართ დაკარგული ჰქონდა. გაძლიერებული იყო იმის გრძნობა, რომ ხელისუფლების მომრევი არავინ არის. ამავე პერიოდში წინა პლანზე მოხდა იმ პარტიების წამოწევა, რომლებთანაც ხელისუფლებას საერთოს პოვნა უადვილდება. მოგეხსენებათ, რომ სწორედ იმ პერიოდში გაფართოვდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიათა წრე. ცხადი იყო, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდებოდა სწორედ ამგვარი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას დემოკრატიულობის იმიჯს შეუქმნიდა. ამგვარი პარლამენტი ხელსაყრელი იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ვინაიდან მას მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებოდა. 
ივანიშვილის გამოჩენამდე ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავდა და ხალხი ხმას ხელისუფლებას უფრო მისცემდა, ვიდრე - ოპოზიციას და ყოველგვარი გაყალბების გარეშე ის ვითარება შენარჩუნდებოდა, რაც პრაქტიკულად დღეს გვაქვს. პოლიტიკური ცხოვრება იმავე რეჟიმში გაგრძელდებოდა, როგორც აქამდე იყო. პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამ ამგვარი პოლიტიკური მომავლის სურათი არია. 
- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დეპუტატ თორთლაძის მტკიცება, რომ ივანიშვილი "რუსული პროექტია", რომ მისი ფინანსები რუსულ "გაზპრომსა" და ფე-ეს-ბეს უკავშირდება? და კიდევ, რამდენად მართებულია დაწყებული კამპანია იმის საწინააღმდეგოდ, რომ საარჩევნო პროცესში ივანიშვილის ფინანსები არ უნდა იყოს გამოყენებული?
- ხელისუფლების თვალში ივანიშვილის ფინანსები ოპოზიციისთვის მეტისმეტად სერიოზული რესურსია. შესაბამისად, ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ფინანსური რესურსის გაჩენით ივანიშვილმა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების ხელისუფლებისეული კონცეფცია აშკარად დაარღვია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეფასდეს ივანიშვილის ფინანსები. რადგან ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ივანიშვილის ფინანსებმა პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიიღოს, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ამ ვითარებიდან გამოსავალი და ამ ფინანსების დაბლოკვის გზა იმ რიტორიკაში ეძებოს, რომელიც დეპუტატმა თორთლაძემ წარმოადგინა. 
ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ - თუ ბიძინა ივანიშვილის ფული რუსული ფულია, რატომ სარგებლობდა ამ ფულით "ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსებობის პირველ პერიოდში და საერთოდ, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე? რატომ ხარჯავდა ივანიშვილი ამ ფინანსებს თეატრებზე, ეკლესიებზე, იგივე "ნაცმოძრაობისა" და საზოგადო მოღვაწეების დაფინასებაზე? აქ ლოგიკური წინააღმდეგობა აშკარაა. თუ ივანიშვილის ფული მტრის ფინანსებია, საკითხავი და გასაკვირი ისაა, რატომ აფინანსებდა მტერი "ნაციონალურ მოძრაობას" და ქართულ პოლიტიკას? ამ გაუგებრობის გამო რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი მოტივი, რაც ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით ამ გაუგებრობებს წარმოშობს, არის ის, რომ საკუთარი ინტერესის გამო როგორმე ჩაკეტონ კონკურენტული ფინანსები და წმინდა პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში დაასუსტონ კონკურენტი. 
- თქვენი ვარაუდით, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2012 წელს? მომავალი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მოუწევს. რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცება და რამდენად სავარაუდოა პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზული მესამე ძალის გამოჩენა?
- მესამე ძალის ჩამოყალიბების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს "ქრისტიან-დემოკრატებმა". ამ თემაზე ბევრი სხვაც საუბრობს. არ ვიცი, არის თუ არა ეს სწორი სტრატეგია, რადგან თუკი გათვლა არის იმაზე, რომ მესამე ცენტრი ივანიშვილისეულ ხმებს მიიღებს, მაშინ ასეთი გათვლა შეიძლება მეტ-ნაკლებად ლოგიკური მოგვეჩვენოს. მაგრამ, ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, როგორიც "ქრისტიან-დემოკრატები" არიან, მიიღებენ იმ ხმებსაც, რომელიც შეიძლება "ნაცმოძრაობას" მიეღოთ. რამდენიმე გამოკვლევაში ჩანს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" და "ნაცმოძრაობა" რიგ შემთხვევაში ერთსა და იმავე ელექტორატზე გადიან. მოქალაქემ, რომელმაც შეიძლება რაღაც მიზეზით "ნაციონალებს" არ მისცეს ხმა, დიდი ალბათობაა, რომ ხმა მისცეს ქდმ-ს. დიდი ალბათობაა, რომ ამ ტიპის მესამე ცენრტმა ხმები სწორედ "ნაციონალებს" წაართვას და არა - ივანიშვილს. ეს გათვლა არ მეჩვენება მართებული იმ ვითარებაში, როცა მომავალ არჩევნებზე თითოეულ ხმას შეიძლება ოქროს ფასი დაედოს. 
მიჭირს პროგნოზის გაკეთება თემაზე, მშვიდად ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან უცნაურად განვითარდა პროცესები. ამის კარგი მაგალითია "ქართუ" ბანკის საინკასაციო მანქანებზე თავდასხმა. ამ პროცესში რეალურად ის ძალები ჩაერთვნენ, რომელთაც ამ საბანკო ოპერაციასთან არნაირი საქმე არ ჰქონდათ და სადამსჯელო ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. ივანიშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნიშნები იმთავითვე გამოჩნდა და, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, არა მგონია, რომ არჩევნების დროსაც ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირებაზე უარი თქვას. 
- როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე 2011 წელს განვითარებულ პროცესებს და როგორი იყო საქარველოსთვის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით?
- ბევრ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ქართულმა დიპლომატიამ გარკვეული წარმატებები მოიპოვა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ერთი მხრივ ვაიძულეთ რუსეთი, ეღიარებინა ჩვენი უფლებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე; მეორე მხრივ აფხაზებს, ოსებს, დავანახეთ თუ რამდენად "მტკიცეა" მათი პარტნიორობა რუსეთთან და თუ რუსეთს დასჭირდება, ისინი შეიძლება რუსეთის ინტერესების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. პრაქტიკულად, 2011 წლის განმავლობაში ასეთი პოზიტიური მნიშვნელობის მოვლენა მე არც მახსენდება. რაც შეეხება უარყოფით მოვლენებს, სამწუხაროდ, ამავე წელს ასეთი მოვლენები საკმაოდ იყო. 
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე და როგორი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით? 
- 2012 წელს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისთვის გადამწყვეტი როლი მიენიჭება ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებს და კერძოდ საპარლამენტო არჩევნებს. საერთაშორისო ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე. არჩევნები გაარკვევს, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლების არჩევნების გზით დინამიურად შეცვლის უნარი. 2012 წელი გაარკვევს, საქართველო ქვეყნის აზიური მმართველობის მოდელს მიუახლოვდება, თუ ევროპულს. 2012 წელს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკა-ირანის ურთიერთობების ხაზი, ასევე ის, თუ რა გაგრძელებას ჰპოვებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა. ამერიკის რუსეთთან დამოკიდებულებაში კონფრანტაციული ტონი აშკარაა. თუკი კონფრონტაცია გაძლიერდა, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა ისევ საქართველოზე, როგორც ამერიკის მეგობარზე გადატეხოს ჯოხი. მაგრამ, თუ პუტინი აღმოჩნდა ელასტიური და მოახერხა ამერიკასთან ურთიერთობების დამშვიდება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამან საქართველოსთვის ბევრი პოზიტიური რამ მოიტანოს თუნდაც იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა ჰქვია. 
- სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ რუსეთში განვითარებული პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ 2012 წლის მარტისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარება რუსეთში კიდევ უფრო დაიძაბება. თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებში გარკვეული დატვირთვა აქვთ რუსეთის დემოკრატიულ ძალებს, საუბარი იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია და დიქტატურა ერთმანეთს უპირისპირდება, ძნელი სათქმელია. უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან ის დიქტატურა, რომელიც ხელისუფლებაშია და მოდიქტატურო ჯგუფები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. მხედველობაში მყვანან ნაციონალისტები და კომუნისტები. შედარებით მცირე ძალას წარმოადგენენ ლიბერალ-დემოკრატები. ასე რომ, ის მოძრაობა, რომელიც დღეს რუსეთში მიმდინარეობს, ვერ შეაჩერებს პუტინის კრემლისკენ სვლას, მაგრამ შეიძლება, უბიძგოს პუტინს, მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს ნაციონალისტებისა და კომუნისტების ინტერესები და პოლიტიკური პრეტენზიები. ეს კი, არც რუსეთს და არც მის სამეზობლოსა და საქართველოს კარგს არაფერს უქადის. თუკი პუტინმა მათთან შეთამაშება და მათთვის ანგარიშის გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო უარეს სურათს მოგვცემს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. 
- იმის ფონზე, რომ აშშ-ის ლიდერებმა, ევროპარლამეტმა, ევროსაბჭომ, გერმანიის ბუნდესტაგმა რუსეთის სათათბიროს არჩევნები არ აღიარეს და კრემლს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები? და კიდევ, თუ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და ვითარების განმუხტვა გაჭიანურდა, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია? 
- არა მგონია, თბილისისთვის ხელსაყრელი იყოს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე შეფასების ღიად გამოთქმა. ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკას სხვა მოტივები აქვთ, რომ რუსეთის მიმართ იყვნენ კრიტიკული. ამერიკასა და რუსეთს შორის შეუთანხმებელი თემებია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებისა და ირანის თემები და, როგორც ჩანს, ვაშინგტონი კრემლთან დიალოგში არჩევნების თემის გამოყენებას შეეცდება. რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებულმა თემატიკამ დასავლეთი უფრო მგძნობიარე გახადა. ჩვენც რომ ჩავერთოთ ამ პოლემიკაში, ისე გამოგვივა, როგორც ქართულ ანდაზაშია – კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო და შესაძლოა, სხვის ქეიფში დაკლული ქათმის როლი შევასრულოთ. დასავლეთმა კიდეც რომ მოგვიწონოს რუსეთის კრიტიკა, ეს ჩვენ საქმეს არ წაადგება. პრობლემების იმ ჩამონათვალში, რაც დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს, არის სხვა მწვავე თემები, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად, დიდწილად არ გვეხება. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.