ირაკლი მელაშვილი


”ნაციონალური”  კანონშემოქმედების  წინასაახალწლო კაზუსები

საქართველოს პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ისტორია სულ უფრო მეტად კომიკურ სახეს იღებს. ჯერ იყო და ამ კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა დაარღვია  რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლი  ტექსტში გაჩნდა მე-2 მოსმენის გვერდის ავლით,  მხოლოდ 28 დეკემბერს, მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა.

ამის შემდეგ, პარლამენტმა დაამტკიცა კანონის მე-2 მუხლის შემდეგ რედაქცია - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.”

პოლიტიკური პარტია, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა შეზღუდვებს დაუწესებდა მას კანონმდებელი წლის ბოლოს,  2011 წლის განმავლობაში მაშინდელი კანონმდებლობის სრული დაცვით იღებდა შემოწირულობებს. კანონის ამ რედაქციის თანახმად პარლამენტმა დაუწესა მათ შეზღუდევები შემოწირულობების მიღების დროს და დაადგინა, რომ ამ კანონის გვერდის ავლით  პარტიის ანგარიშებზე მთელი წინა წლის განმავლობაში კანონიერად მიღებული თანხები ან 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს შემომწირველს, ან ამ თანხას წაიღებს  ბიუჯეტი!

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტიის მიერ კანონში შეტანილი აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება პირდაპირ უკავშირდებოდა 2011 წელს რიგი ოპოზიციური პარტიებისათვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ  აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებაზე  ქართული  არასამთავრობო ორგანიზაციებისა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთებამ და მკაცრმა პროტესტმა ხელისუფლები მოულოდნელი რეაქცია  გამოიწვია.  ”საკანონმდებლო მაცნის” საიტზე (სადაც საქართველოს კანონმდებლობით უნდა გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტი, რათა ის ძალაში შესულად ჩაითვალოს) კანონის უკვე შეცვლილი (ჩასწორებული) ტექსტი გაჩნდა: - -”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ,..” ამ რედაქციით პარტიებს აღარ მოეთხოვებოდათ, რომ  წინა წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსება შესბამისობაში ყოფილიყო ამ კანონთან და აღარ უჩნდებოდათ ამ თანხების შემომწირველებისათვის დაბრუნების ან ბიუჯეტში ექსპროპრიაციის საფრთხე.

თითქოს პრობლემა ამოიწურა, მაგრამ ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ კიდევ მეტი კითხვა გააჩინა. როგორ იმართება ქართული კანონშემოქმედებით პროცესი? ვის აქვს უფლება შეცვალოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტი, როცა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (პარლამენტში შესული კანონპროექტის ტექსტი, პარლამენტის სხდომის სტენოგრამა) ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრით ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული  ტექსტისაგან განსხვავებული ვარიანტი დაამტკიცა?

იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის ზედამხედველი ორგანო?

მოვლენები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადათ განვითარდა. 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის N 157  ბრძანებით - ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.” საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება დაადგინოს კანონის ტექსტი.  ფაქტიურად იუსტიციის მინისტრმა თავისი აქტით ეს უფლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ” საკანონმდებლო მაცნეს” გადსცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა ირიბად დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქართული არასამთავრობოებისა და დიპლომატების პროტესტის საპასუხოდ უკვე კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა. იუსტიციის მინისტრი კი, 29 დეკემბრის  N 157  ბრძანებით  ეცადა კანონიერი საფუძველი შეექმნა ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტებს შორის  განსხავავების ფაქტისათვის.  

ქართული  იუსტიცია კანონის, საკუთარი ბრძანებულებისა  და საღი აზრის წინააღმდეგ

ბუნებრივია, რომ იუსტიციის მინისტრის ახლა ეს აქტი გახდა ქართული არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების კრიტიკის საგანი. დაისვა საკითხი, რომ შესაბამის ორგანოებში მოხდეს მისი გასაჩივრება. ხელისუფლების რეაქცია აქაც მყისიერი და ... ისევ არაადექვატური იყო. საქართველოს ”საკანონმდებლო მაცნემ” უკვე 4 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე როგორც, მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია.” ბუნებრივია, რომ ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ანუ იუსტიციის მინისტრის გამოცემულ 20111 წლის N 157 ბრძანების მე 5 პუნქტი -”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება...” აშკარად ითვალისწინებს სწორედ ”საკანონმდებლო მაცნე”-თვის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში  ცვლილებების შეტანის უფლებას.

ალბათ არავის მოუვა აზრად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან სამინისტროს ბრალი დასდოს კანონების უცოდინარობაში. ამ დღეებში დატრიალებულმა მოვლენებმა კიდევ  ერთხელ აჩვენა, თუ რა მახინჯი სახე შეიძლება მიიღოს  რეჟიმის სურვილს ლეგალური დასაბუთება მოუძებნონ საკუთარ მისწრაფებას, შეზღუდონ ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების განვითარების და გაძლიერების ნებისმიერი შესაძლებლობება. ხელისუფლების ეს ქმედება კარდინალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა  და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების კურსის თაობაზე. ეს მოვლენები განსაკუთრებით სახიფათოა ახლა, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებამდე წელზე ნაკლებია დარჩენილი.  ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები კი სულ უფრო მეტად ემსგავსება ბრძოლას წესების გარეშე.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ აქ

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.