"ინტერპრესნიუსი"
11.12.2011
ავტორი დაჯი პაატაშვილი

მომავალი კვირიდან პარლამენტი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების განხილვას იწყებს. სამშაბათს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველ "საარჩევნო კოდექსის" პროექტში, უკვე ასახული უნდა იყოს ვენეციის კომისიის შენიშვნების ნაწილი. იყო თუ არა შეთანხმებული ოპოზიციასთან ახალი ინიციატივები და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ შენიშვნას, "ინტერპრესნიუსი" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ესაუბრა.
- გადაწყვეტილება კოდექსის პროექტში დამატებითი ცვლილებების შესახებ, იყო თუ არა შეთანხმებული ხელმომწერ პარტიებთან?

- დამატებითი კონსულტაციები არ გვქონია, დამატებითი ცვლილები უკავშირდება იმ თემებს, რაზეც თავიდანვე ვიყავით მზად, რომ განგვეხორციელებინა.

- თუმცა, პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა...

- ვენეციის კომისია ბოლო რამდენიმე თვეა მიგვითითებდა, რომ პატიმრებს ხმის მიცემის გარანტირებული უფლება უნდა ჰქონოდათ. ჩვენ ავარჩიეთ ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო როგორც ვენეციის კომისიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ისე კანონმდებლობის იმპლემენტაციის მხრივ. ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ექნებათ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

- ოპოზიცია ამ ცვლილების მიუღებლობის არგუმენტად იმას ასახელებდა, რომ საერთაშორისო დასკვნების მიხედვით, ქართულ ციხეებში არ არის სათანადოდ დაცული პატიმრების უფლებები და ხელისუფლებას პატიმრების ხმებით მანიპულირება შეეძლება. რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს პატიმრების ხმების დასაცავად?

- ამასთან დაკავშირებით დამატებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ვენეციის კომისიის მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპონეტებს გარკვეული შიშები აქვთ ყველა საკითხზე, რაც არ შეიძლება იყოს რეალობასთან ახლოს. ეს შეიძლება უფრო პოლიტიკური შიშებია და არა რეალური.

- სხვა ისეთი საკითხები თუ შევა საარჩევნო კოდექსის პროექტში, რომელთა განხორციელების წინააღმდეგიც იყო ოპოზიცია?
- კი, არის ასეთი და მათ შორისა დამოუკიდებელი კანდიდატები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მინიჭების უფლება, პარტიულ ცხოვრებას დააზარალებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირს, რომელიც არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ არის, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

- დამოუკიდებელი კანდიდატების აღდგენა ადრე არც ხელისუფლებას არ სურდა...
- მხოლოდ იმიტომ ვიყავით წინააღმდეგნი, რომ ოპოზიციას არ სურდა. 

- რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას.. ვენეციის კომისია ითხოვს, რომ მათ ასეთი უფლება ჰქონდეთ, თუმცა, კომისიის შენიშვნების თანახმად გათვალისწინებულ საკითხთა ნუსხაში, ეს თემა ვერ მოხვდა...
- ეს ჩანაწერი სიახლე არ არის. 1995 წლიდან მოყოლებული ეს ნორმა არსებობს. ბუნებრივია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს და ეს ბუნებრივია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც გვიწევს ცხოვრება. რაც არ უნდა უნდოდეს ვინმეს, რომ ეს საკითხი კონკრეტულ პირს დაუკავშიროს, არ გამოუვა. რაც შეეხება სხვა ფორმულირებებს ამ საკითხთან მიმართებაში, მუშაობა გაგრძელდება.

- არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია ეს მოთხოვნა ახალი...
- დიახ, წლებია ჩვენც ერთი არგუმენტი გვაქვს - სამწუხაროდ არ ვართ ევროპული ქვეყნებით გარშემორტყმული და, შესაბამისად, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში სხვა რისკებია. 

- მაგრამ არსებიბს ქართული რეალობა, სადაც პოლიტიკაში ამბიციურად ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი. წინასაარჩევნო კამპანიისას ხომ არ ამოქმედდება ეს მუხლი გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?
- ეს არავის წინააღმდეგ არ ამოქმედდება და არც ვინმეს სასარგებლოდ, ეს არის ნორმა, რომელიც 15 წელია ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს და დარჩება კიდეც.

- თუ ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგა, მას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა აეკრძალება?
- ამაზე კომენტარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გააკეთოს.

- მაინც რა მექანზიმი შეიძლება ამოქმედდეს ივანიშვილთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ? 
- არ მინდა ჩემი პასუხით ხელი შევუწყო კიდევ მეტ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნორმა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ეს ნორმა 15 წელია არსებობს და არავის უკავშირდება.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.