რატომ დაიშალა ოპოზიციური "რვიანი", რა დივიდენდები დააგროვა სახელისუფლო ელიტამ "ახალი მემარჯვენეებისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" გადაბირებით და იყო თუ არა ეს მმართველი გუნდის მხრიდან სამომავლო რყევების ასაცილებლად გადადგმული პრევენციული ნაბიჯი, რა შანსები აქვს პოლიტიკურ "ექვსეულს" და ეყოფა თუ არა ამ გაერთიანების ლიდერების პოლიტიკური ალღო, ხალხურობა და ქარიზმა საყოველთაო სამოქალაქო მოძრაობის პროცესის დაწყებას და წარმატებას? - ამ და სხვა საკითხებზე "პირWელს" სოციოლოგი და პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან  გორგილაძე ესაუბრა.


- ვაკა, რამდენად მოსალოდნელი იყო პოლიტიკური "რვიანიდან" "ახალი მემარჯვენეების" და "ქრისტიან-დემოკრატების" გასვლა და რა მიიღო ამ ორმა სუბიექტმა ოპოზიციური ერთობიდან გასვლის სანაცვლოდ?


- "ახალი მემარჯვენეების" "რვიანიდან" გასვლა სავსებით მოსალოდნელი იყო. გაიხსენეთ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები ჯერ - მანიფესტაციებისა და მიტინგების, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტების კატეგორიულ უარყოფაზე, შემდეგ კი უცნაური ინიციატივა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმართვაზე. გასაგები ხდება, რომ "ახლები" თავის გასვლას დიდი ხანი ამზადებდნენ. რას შეეხება "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", მათი განშორება "რვიანთან " გარდაუვალი იყო, ვინაიდან ამ პოლიტიკურ მოძრაობას გააჩნია თავისი მყარი და დღესდღეობით ყველაზე მაღალი რეიტინგი ოპოზიციურ პარტიებს შორის (8-12%), გაშლილი პარტიული ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, მათ შორის - იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულები (რაც დიდი ხანია, ეგზოტიკურ ხილად იქცა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის), გარკვეული ადმინისტრაციული ბერკეტები ადგილებზე და გახსნილი მედია-სივრცე. "ქრისტიან-დემოკრატები" იმთავითვე ვერ იქნებოდნენ მოაზრებულები მომავალ პოლიტიკურ კოალიციაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფართო კოალიცია მათ რაიმე პოლიტიკურ ან ელექტორალურ დივიდენდს არ აძლევდა.

- საზოგადოებამ რა მიიღო ამ გარიგებით?

- ამ "ინდივიდუალური მოლაპარაკებების" შედეგად საზოგადოებამ მიიღო ზედმეტი 50 დეპუტატის შენახვის ხარჯები და არარეპრეზენტატიული პარლამენტის ფორმატში შემავალი პარტიების დაფინანსება მილიონობით ლარის ოდენობით.

- "ახლები" ამტკიცებენ, რომ ამ მოლაპარაკების პროცესით ოპოზიცია ხელისუფლებას მეტს ვერაფერს დაათმობინებდა. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო მეტის მიღწევა?

 - რა თქმა უნდა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხანგრძლივი დუმილის შემდეგ რაღაც დოკუმენტი დადო. ვინ აიძულებდა "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე დოკუმენტის შემუშავებას, თუ არა "რვიანი" და დასავლური მისიები? რა რეაქცია ექნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლური მისიების წარმომადგენლებს, რომ არა ”რვიანის“ ან თუნდაც "შვიდიანის" ერთსულოვანი და არგუმენტირებული უარი ამ გარიგებაზე?! საღად მოაზროვნე ადამიანისთვის პასუხი ერთმნიშვნელოვანია - "ნაციონალური მოძრაობა" ვერც კი გაბედავდა მსგავსი წინადადების შეთავაზებას, რომ არა "ქრისტიან-დემოკრატების" და "ახალი მემარჯვენეების" წინასწარი თანხმობა.

- როგორ გესახებათ ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია?

- "რვიანის" ამგვარი დაშლა დანარჩენი ექვსი სუბიექტისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა, მითუმეტეს, როდესაც "რვიანს" ამ მარათონული მოლაპარაკებების შედეგად დეკლარირებული მიზნების 10%-თვისაც კი პრაქტიკულად არ მიუღწევია. "მემარჯვენეებმა" გადაწყვიტეს (ან ჰგონიათ, რომ გადაწყვიტეს) თავისი ვიწროპარტიული, მერკანტილური ინტერესები და უარი თქვეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესის ლობირებაზე. მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გასვლა არ მიაყენებდა ასეთ დარტყმას "რვიანს", ვინაიდან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის სპეციფიკური პოლიტიკური ტრაექტორიის ზოგადი ვექტორი ცნობილია,როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ამ "ტროას ცხვრებით" ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი პრევენცია უფრო დიდი დათმობებისა, რომელიც მას "რვიანის" ერთობის შენარჩუნების პირობებში გარდაუვლად მოუწევდა.  "ნაციონალურ მოძრაობას" პრაქტიკულად არაფერი დაუთმია და მეტიც, მან კიდევ ერთხელ მოახერხა მეტ-ნაკლებად "კონსენსუსური" შეთანხმების მიღწევა. ეს კონფიგურაცია უკვე უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მმართველ გუნდს მომავალ არჩევნებში, თუ ეს უკანასკნელი მათ მიერ დეკლარირებულ ფორმატში შედგა. წარმოიდგინეთ მაჟორიტარული ოლქები ერთი სახელისუფლებო კანდიდატით და 4-5, მეტ-ნაკლებად თანასწორი წონის ოპოზიციური კანდიდატის არსებობის პირობებში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვინ მოიგებს ელექტორალურ ბრძოლას ამ საარჩევნო ფორმატში.

- რა პერსპექტივები აქვს ამ "ექვსეულს"?

 - ბოლოდროინდელი პროცესების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ დარჩენილი "ექვსეული" მნიშვნელოვანი წარმატების სერიოზულ შანსებს ინარჩუნებს. გარკვეული თვალსაზრისით,  "მემარჯვენეების" და "ქრისტიან-დემოკრატების" ერთობიდან გასვლამ შესაძლოა, "ექვსეულის" მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ხარისხი გაზარდოს და ადექვატური მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი დაამყაროს როგორც "ექვსეულის" შიგნით, ასევე "ექვსეულსა" და ფართო საზოგადოებრივ-სამოქალაქო სპექტრს შორის. მექმნება შთაბეჭდილება, რომ "ექვსეულმა" იცის, რას და როგორ უნდა მიაღწიოს, მაგრამ არ ფლობს მიზნის მიღწევის სათანადო ტექნოლოგიებს. ბუნებრივია, რომ იგი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ფართო სამოქალაქო მხარდაჭერის მოპოვებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ხელისუფლების იძულება პრინციპული დათმობებისათვის. მეტიც, მეჩვენება, რომ მხოლოდ "ექვსეულს" აქვს ამგვარი მხარდაჭერის პერსპექტივა და არც ერთ პოლიტიკურ ძალას დღეს მსგავსი მხარდაჭერის პოტენციალი არ გააჩნია. ამიტომაც "ექვსეული" უკვე უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე ერთიანი დასახელებით და ერთი პროექტით, რომელშიც საქართველოს სტრატეგიული განვითარების პროგრამა აისახება. ამ პროგრამის განხორციელების პერსპექტივა უნდა დაკავშირდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასთან და სწორედ ამ პროგრამის ხიბლმა უნდა მოაპოვებინოს "ექვსეულს" ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა ლოკალური ამოცანების გადაწყვეტაში, - იქნება ეს ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობა, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების  თუ პოლიციის დეპოლიტიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს, გარდა ტექნოლოგიებისა, ესაჭიროება ინტენსიური, კოლოსალური მუშაობა. თუკი "ექვსეული" ამ ამოცანების შესრულებას გაართმევს თავს, მას სერიოზული წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს. 

- როგორ ფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც "ახალი მემარჯვენეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანიდან" გავიდნენ და შესაბამისად, ამ ერთობისადმი საზოგადოების განწყობა შეიცვალა, რა რაოდენობის ელექტორალური პოტენციალი გააჩნია, ყველაზე რაელისტური გათვლით,  "ექვსეულს"?

- დღეს უკვე შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ "ექვსეულის" ელექტორალური პოტენციალი, სინერგიის გათვალისწინებით, შეიძლება, 25-45%-ს შეადგენდეს. ამხელა ამპლიტუდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელთა შორის ძირითადს საპროტესტო ელექტორატის მობილიზაციის ხარისხი და საარჩევნო კამპანიის ეფექტიანობა წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით, ამოცანის წარმატებული შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება "ექვსეულში" შემავალი ლიდერების პიროვნულ თვისებებს. არანაირად არ ვუკარგავ დავითაშვილს პოლემისტურ უნარს და არც ძიძიგურს პოლიტიკურ ინტუიციას და გამოცდილებას. ორივე ლიდერს ასევე ახასიათებს მაღალი ბრძოლისუნარიაონობის ხარისხი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძირითად ღერძს მომავალ კოალიციაში შექმნის "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკული პარტიისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ტრიუმვირატი. საინტერესოა, რომ ამ ტრიუმვირატის სამივე ლიდერს გააჩნია ზრდის პოტენციალი და ამ ზრდისთვის აუცილებელი თვისებები. მიუხედავად პოლიტიკური შეცდომებისა, რომელიც სამივე ლიდერს სხვადასხვა დროს აქვს დაშვებული, ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე არგუმენტი ან კომპრომატი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა კახა შარტავას, ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილის პიროვნულ პატიოსნებას, არაკორუმპირებულობას, პრინციპულობას. სამივე ლიდერს გააჩნია ქარიზმატული ნიშნები, თუმცა სამივე ლიდერს ქარიზმის კრისტალიზაციის პროცესი განსხვავებულად და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ნიშანდობლივია, რომ ამ ტრიუმვირატისთვის დამახასიათებელი სიდინჯის, პოლიტკორექტულობის და რაციონალიზმის აშკარად გამოკვეთილ თვისებებს ემატება დანარჩენი სამი ლიდერის - გუბაზ სანიკიძის, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის ემოციური, იმპულსური და ხალხოსნური პათოსი.  ასეთი კონფიგურაცია ფუნქციების სწორად გადანაწილების შემთხვევაში ძალზედ ეფექტიან და ეფექტურ მექანიზმად შეიძლება, იქცეს. ამდენად, პირველად ოპოზიციურ კოალიციათა ისტორიაში, რაციონალური საწყისი დომინირებს ემოციაზე, ხოლო ემოციური იმპულსი  იძენს მნიშვნელოვან  ინსტრუმენტალურ (გამოყენებით) ფუნქციას ამომრჩევლის და მოქალაქეების მობილიზაციის თვალსაზრისით.

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73707&Itemid=1 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.