გაზეთი ”ვერსია”
ავტორი ნინო კომახიძე  
8.07.2011

კუკავა რუსეთის ბაზარს გვიბრუნებს, ალასანიას ევროკავშირში შევყავართ _ გრცხვენოდეს, სააკაშვილო! ,,ვერსია'' სწორედ ირაკლი ალასანიას, ბოლო დროის პოპულარული ფრაზების ავტორს ესაუბრა და მის მიერ შემოთავაზებული ფორმულების _ ,,ექვსიანს პლუს ხალხი'', ,,რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება'' და ,,გერმანიარუსეთისაქართველო'' განმარტება სთხოვა:
 _ გამყრელიძეს კიდევ არ შეხვედრიხართ, კარგა ხანს ისე აკეთებდით შეფასებებს, ორ წასულ პარტიასთან ნასაუბრები არ გქონდათ? 
_ არა.  
_ ცოტა უხერხული ხომ არაა, მისი ნაბიჯის ასე მკვეთრად შეფასება, ვიდრე არგუმენტებს მოისმენთ? მაინც ყოფილი პარტნიორია. 
_ რას გულისხმობთ? რა შეფასებები გავაკეთე ასეთი? ვთქვი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ზუსტად ასე იყო.  
_ მერე, როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუ რევანში ალასანიას? 
_ ჩემთვის მთავარი მოწინააღმდეგე სააკაშვილია. ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა, ვიღაცას პოლიტიკური სიმტკიცე არ ეყო, მაგრამ ეს ყველაფერი წარსული და მეორეხარისხოვანია. ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკო, როგორ მოხდება სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. მთლიანად სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქმის სწორი ტაქტიკით წაყვანაზე ვარ მობილიზებული. 
_ ,,ექვსიანში'' ძალიან ბევრი ,,პროა'', რუსულიც და დასავლურიც. ეს ხელს არ გიშლით, ერთიანი ტაქტიკის ბოლომდე მიყვანაში? ან რა გარანტია გაქვთ, რომ მალე, ვთქვათ, 4იანი არ გახდებით? 
_ ჩემო კარგო, ჩემი მთავარი ამოცანა ისაა, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლაში თითოეული მოქალაქე პარტნიორი გავხადო. დიახ, ყველანი განსხვავებულები ვართ ისევე, როგორც ყველა მოქალაქე, თქვენს გაზეთშიც განსხვავებული აზრები იწერება, მაგრამ ყველას არჩევანის თავისუფლება გვაერთიანებს. არჩევნების დღეს თავად უნდა გადავწყვიტოთ, მხარს რას ვუჭერთ. შემდეგ უკვე ვინ ,,პროა'' და ვინ _ არა, ამას მე და თქვენ კი არა, ხალხი გადაწყვეტს. ეს უფლება დემოკრატიულ ქვეყანაში თავისთავად გარანტირებული უნდა მქონდეს, მაგრამ ეს არაა პოლიტიკური კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რასაც სააკაშვილი კომპრომისად და წყალობად ასაღებს, ეს ისედაც ჩვენი უფლებაა. ვაპირებ, მას ეს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი განწყობით დავანახო.  
_ კულუარებში იმაზეც აქტიურად საუბრობენ, რომ თქვენს მიერ ამ დოკუმენტზე ხელმოუწერლობა პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერაა, რადგან არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში წახვალთ და მილიონსაც აიღებთ.  
_ ეს თქვენი ინსინუაციაა. 
 _ ეს ინფორმაციაა, რომელიც პოლიტიკური სპექტრიდან გამოდის. 
_ ხომ აგიხსენით, რა არის ჩემთვის მთავარი _ ბრძოლა სამართლიანი გარემოსთვის.  
_ ეს პოლიტიკური მაღალფარდოვნებაა. 
_ მაშინ მოდით, ფაქტები ავიღოთ. როცა უღირსი წინადადება პირველად მარტში შემოგვთავაზეს, ერთერთი პირველი ვიყავი, ვინც უარი თქვა ამაზე, რათა მეტი დაეთმოთ. ამან გაჭრა და მერე უფრო მრავალფეროვანი წინადადებები წარმოადგინეს, მაგრამ მთავარ საკითხებზე იქაც არ იყო საუბარი, ამიტომ საზოგადოებასთან ერთად, ბრძოლას სწორედ ამ საკითხებზე შედეგის მისაღწევად ვაპირებთ.  
_ ,,ექვსიანი'' საზოგადოებასთან ერთადაა და ,,რვიანი'' მის გარეშე იყო? ასეთი განწყობა დატოვა თქვენმა ფრთიანმა ფორმულამ _ ,,ექვსიანს  პლუს ხალხიო''.  
_ აქამდე გვქონდა შიდამოლაპარაკების პროცესი, რომლის შედეგებსაც საზოგადოებას ვაცნობდით. ახლა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ და გვინდა, პროცესში ხალხიც უშუალოდ ჩავრთოთ.  
_ საქმე ისაა, ხალხს თუ უნდა. ,,მარიოტში'' შეხვედრაზე არ მოგეჩვენათ, რომ თქვენს ბლოკად დაანონსებას ხალხი აღფრთოვანებული არ დაუტოვებია?  
_ პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ სამომავლოდ, მართლაც უფრო მჭიდრო კოორდინაციაა საჭირო, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებებამდე ბლოკზე საუბარი, ნაადრევია.  
_ მაშინ, თქვენი შემდეგი ფრთიანი ფორმულა განვიხილოთ _ გერმანია საქართველორუსეთი. ესეც იმ გაფართოებულ თემატიკაში შედის, რომელიც ცოტა ხნის წინ ,,ექვსიანმა'' გაშალა?
 _ ეს ,,თავისუფალი დემოკრატების'' პოზიციაა. დეკლარირებულად სააკაშვილს სხვა პოზიცია აქვს, მაგრამ რეალურად, ის და მისი ხელისუფლება  სულ უფრო გვაცილებს ევროპას. ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა და ამისთვის, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ. 
 _ და ამისთვის, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა საჭიროო, ასე ბრძანეთ, არა? 
_ დიახ და ეს მოსაზრება მქონდა 5 წლის წინაც. ამ ნორმალიზებაში, ჩემი აზრით, გერმანია, მისი პოზიციის გამო, ევროპასა და ევროკავშირში და ტრადიციული ურთიერთობების გამო რუსეთთან და საქართველოსთან, ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენს შორის ურთიერთობის დალაგებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.  
_ ვერ გავიგე, ამაზე საუბარი ახლა რატომ წამოიწყეთ, თან ასე აქტიურად, თუკი ,,ექვსიანის'' მიერ განსახილველ თემატიკაში, ეკონომიკასთან, დასაქმებასთან და უფლებების დაცვასთან ერთად არ შედის?  
_ თემები მრავალფეროვანია, მაგრამ იქ ხომ ძირითადი მიმართულება გამოვყავით, მედია და პოლიტიკური უფლებების დაცვა. სამუშაო ჯგუფების შექმნა უკვე დაწყებულია და ამ ორი მიმართულებით რეგულარული შეხვედრები მოეწყობა. მთელ მსოფლიოსა და საქართველოს პარლამენტს დავანახებთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა მხარს რეალურ ცვლილებს უჭერს და ამას საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხებთ.  
_ მერე, ხალხს აიყოლიებთ? კრებას თითო რეგიონში 7 ოფისი ჰქონდა და მათ აქციაზე ხალხის რაოდენობას თქვენც ნახავდით.  
_ იდეა იყო სხვადასხვა. არაა აუცილებელი, ხალხი გარეთ გამოვიდეს, რადგან მხარდაჭერა გარეთ გამოსვლითაც შეიძლება და ხელმოწერითაც. მთავარი ისაა, რომ შიში ტყდება. 
_ ეს რაში გამოიხატება? 
_ ხალხთან საუბრებში.  
_ ამ საუბრებს შედეგი თუ არ მოჰყვა?  
_ მერე არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება დარწმუნდება, რომ არჩევნებზე 48% კი არა, გადამწყვეტი უმრავლესობა უნდა მოვიდეს.  
_ არჩევნებზე, სადაც ,,ექვსიანი'' მიიღებს მონაწილეობას და აიღებს მილიონს? წეღან არ მიპასუხეთ.  
_ ეს კითხვა რა შუაშია? ჩემი ორწლიანი მონაწილეობით, მგონი, ვამტკიცებ, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და ამ იდეას ყოველთვის ვუერთგულებ. ჩემი ამოცანა 5%ის აღება არ არის და ეს არც გადამწყვეტი იქნება. არჩევნები კი ფინანსურად, მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და ისიც გაირკვეს, რა რესურსებს ხარჯავს ნაციონალური მოძრაობა.  
_ კითხვაზე ოდესმე ,,დიახ'', ან ,,არა'' გიპასუხიათ? 
_ ყოველთვის ასე ვპასუხობ. 
_ მაშინ კითხვას ვიმეორებ _ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კუთვნილ მილიონს გამჭვირვალედ ხომ აიღებთ?  
_ რა აღებაზე მელაპარაკებით, ჯერ კანონიც არ მიუღიათ. მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ უსამართლოდ მექცევით, როცა ასეთ შეკითხვას მისვამთ. მით უმეტეს, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეტის დონეზეა. 


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.