”კვირის პალიტრა”
"ახლებისგან" ამას ელოდით? გულწრფელად ვიტყვი - მე არ ველოდი. ქრისტიან-დემოკრატებზე ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ვერ გაუძლებდნენ. ალასანიაზეც ვუშვებდი იმავეს, მაგრამ "ახლებისგან" ნამდვილად ვერ წარმომედგინა. საბოლოოდ, ალასანიამ სასიამოვნოდ გამაოცა, "ახლებმა" - უსიამოვნოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა კი ვერანაირი სიურპრიზი ვერ შემოგვთავაზეს.
ქრისტიან-დემოკრატებს ჰქონდათ უნიკალური შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად - ცხოვრება, რომელიც მათ ხელისუფლების სატელიტი პარტიის იარლიყს ჩამოაშორებდა. მათ შეეძლოთ ე. წ. ნამდვილი ოპოზიციის მარაქაში გარეულიყვნენ. მართალია, ეს გზა ცოტა რთული და ეკლიანია, მაგრამ უფრო ნაღდი და გულწრფელი იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში იდეალების ადგილი არ არის. მათ ისევ ძველი, უფრო მარტივი და უკვე ნაცადი გზა აირჩიეს - ხელისუფლებასთან მორიგება, რასაც მათთვის დღეს სხვადასხვა გამოკითხვაში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მოაქვს. ისე, სხვა რა დარჩენია ამ პარტიას? ე. წ. ნამდვილი ოპოზიციური პარტიები ერთად აღებული ვერ აგროვებენ იმდენ პროცენტს, რამდენსაც მარტო ქდმ.
იქნებ სწორედ ამან მოხიბლა "ახლები", რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილებით გაქრისტიანდემოკრატების გზას დაადგნენ? რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ "ახლებს" ორი რამ ავიწყდებათ: პირველი - ხელისუფლებას გადაგდება სჩვევია და მეორე - ქრისტიან-დემოკრატებს ჰყავთ გიორგი თარგამაძე, რომელიც, მიუხედავად საზოგადოებაში მის მიმართ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, მაინც დიდწილად განაპირობებს ქდმ-ს რეიტინგს (თარგამაძის პერსონალური რეიტინგი დღემდე უსწრებს მისი პარტიის რეიტინგს), ხოლო "ახლებს" ჰყავთ დავით გამყრელიძე - მეწარმე, ექიმი, ლიდერი.
"რვიანი" მოკვდა, გაუმარჯოს "ექვსიანს"!
საზოგადოებამ წინა კვირას ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" აღდგენით გახარება ვერ მოასწრო, რომ ოპოზიციური "რვიანი" დაიშალა. თუ შეიძლებოდა "ქუჩის ბიჭები" მკვდრეთით აღმდგარიყო, რატომ არ შეიძლება ოდესმე ოპოზიციური "რვიანიც" აღდგეს? განა "რვიანმა" ნაკლები სიხარული აჩუქა ქართველ ხალხს? განა "რვიანი" ნაკლებად მოენატრებათ? ბოლოს და ბოლოს, ლამის ერთი წელი ვუყურებდით მათ წვალებას, მათთან ერთად გვტკიოდა და გვიხაროდა, მათთან ერთად ვიტყუებდით თავს.
ახლა იმ სიყვარულს, რომელიც ქართველი ხალხის გულებში ოპოზიციურმა "რვიანმა" მოიპოვა, "ექვსიანზე" გადავიტანთ. მართალია, "ექვსიანი" "რვიანი" არ არის, მაგრამ მაინც მისი შვილია, მისი სისხლი და ხორცი, ამიტომ ის გაგვიქარვებს მონატრებას. მასში დავინახავთ დიდი "რვიანის" სულს (ამას რომ ვწერ, ცრემლები მომდის და ვსლუკუნებ).
მოდი, "ექვსიანს", როგორც "რვიანის" პირმშოს, ვუსურვოთ ჩვენი იმედის გამართლება, ვუსურვოთ, რომ დიდი წინაპრის დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანოს და საქართველოში გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო გვეხილოს (მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც). ხომ გაგიგიათ, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო. მართალია, ჯერ "ექვსიანი" პატარაა, მაგრამ უკვე კოჭებში ეტყობა, რომ მამის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს, უფრო გაძლიერდება და ხელისუფლებას უფრო მაგრადაც დაუდგება. თქვენ ვერ გადააშენებთ "რვიანის" ჯიშსა და ჯილაგს, ის ისევ ცოცხლობს! მტარვალებო, გეშინოდეთ "ექვსიანის"! არა, "რვიანი" "ქუჩის ბიჭების" მსგავსად ფერფლიდან არ აღდგება! ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკაა ეს, შოუბიზნესი კი არა! რაც დამთავრდა, ის სამუდამოდ დამთავრდა! "რვიანი" მოკვდა, გაუმარჯოს "ექვსიანს"!
წინ გადადგმული გრანდიოზული ნაბიჯი
ამას წინათ ხელისუფლების ქების გამო ერთი მწერალი გავაკრიტიკე. ამ მწერალმა პასუხი დაგვიანებით გამცა და დიდწილად ისევ ხელისუფლება აქო. რა ვქნა, მომწონს, ვანო მერაბიშვილმა ქვეყანაში წესრიგი რომ დაამყარა, მომწონს, რომ ქუჩაში გასვლის არ მეშინია და სამინისტროს მეექვსე სართულიდან ხალხი არ ცვივაო. გავიფიქრე, რომ მისთვის კარგი პასუხი "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული მურმან დუმბაძის ინტერვიუს გაგზავნა იქნებოდა, სადაც იგი იხსენებს, როგორ სცემეს და აწამეს პოლიციის სამმართველოში, თუმცა მერე გადავიფიქრე. აზრი ვერ დავინახე.
არც ამ წერილს დავწერდი, რომ არა კიდევ ერთი ამბავი: ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი, ვინმე გოჩა ჩიხლაძე დაუჭერიათ. არ ვიცი, რას ედავებიან, არც ის ვიცი, დამნაშავეა თუ არა. ამ ეტაპზე ამის გარკვევა მეორეხარისხოვანი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორდღიანი ძებნის შემდეგ "ქართული პარტიის" წევრებმა იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იპოვეს, სადაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, ჩიხლაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. სუბარის რომც არ გჯეროდეთ, თავად ფაქტი, რომ ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში ხვდება, ბევრ რამეზე მეტყველებს.
მაინტერესებს, იმ მწერალს და მისთანებს, ვინც დღეს მერაბიშვილს აქებენ, ასეთ ფაქტებს უმალავენ? თუ მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ხალხს ქუჩაში აღარ ძარცვავენ, ხოლო იმას, რომ დაკავებულებს პოლიციაში თავ-ყბას ისევ ისე უერთიანებენ, როგორც შევარდნაძის დროს, ვერ ხედავენ? უფრო სწორად, ჩვილი გული აქვთ და ვერ უყურებენ. ამიტომ იქით არ იხედებიან, ხოლო თუ ვინმე მიახედებს, თვალებზე ხელს იფარებენ: ჩვენი ნაზი თვალებისთვის ასეთი სანახაობა არ შეიძლება! ეს ჩვენს მგრძნობიარე ფსიქიკაზე ცუდად აისახება, ამიტომ გვირჩევნია, არ დავინახოთო.
არა, თუ ხმას იმიტომ არ იღებენ, რომ ფიქრობენ, იზოლატორიდან საავადმყოფოში მოხვედრა ჯობია სამმართველოს მეექვსე სართულიდან გადმოვარდნას და ასფალტზე გაბრტყელებასო, მაშინ სხვა საქმეა, პირდაპირ გვითხრან. მეც მზად ვარ დავეთანხმო. ეს ნამდვილად არის წინ გადადგმული გრანდიოზული ნაბიჯი. რაზეა ლაპარაკი, საავადმყოფო ჯობია ცივ სამარეს!
მერაბ მეტრეველი
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.