www.opinion.ge 

ავტორი თათია კობიძე

როგორ უნდა მოიქცეს მედია არჩევნების გაშუქებისას – ეს ის ძირითადი საკითხია, რომელის შესახებაც ქართულმა მედიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რეკომენდაცია არაერთხელ მიიღო.  დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს აქვს თუ არა ამჟამინდელ ქართულ მედიას უნარი, გააშუქოს საარჩევნო პროცესების მიმდინარეობა სრულყოფილად? რა ფუნქცია და როლი აკისრია მედიას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში? ამ საკითხებზე opinion.ge-ს ჟურნალისტები თამარ ჩიქოვანი და ელისო ჩაფიძე ესაუბრნენ.
რამდენად შეუძლია დღევანდელ მედიას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება?
ელისო ჩაფიძე : ბუნებრივია მედიას შეუძლია საარჩევნო გარემოს შეცვლაში მონაწილეობის მიღება იმით, რომ დააკვირდეს საარჩევნო მოლაპარაკების პროცესს, რომელიც იმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. განიხილოს საარჩევნო სისტემა, ჩაატაროს ჟურნალისტური გამოძიებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებია, მაგალითად,  წინასაარჩევნო კამპანიების დროს. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მედიამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც 2010 წლის არჩევნების შემდეგ „ეუთომაც“ მისცა საქართველოს. ეს გახლავთ თანაბარი პირობების შექმნა ყველა პოლიტიკური კოალიციებისთვის, რაც დღეს წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ნაციონალური ტელეკომპანიების უმრავლესობა ეკუთვნის ხელისუფლებას და პროსახელისუფლებოა. შესაბამისად, ეს ტელევიზიები უნდა განთავისუფლდნენ მოვლენების ცალმხრივი გაშუქებისაგან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დარეგულირდება თავად სარეკლამო ბაზარი. თუ ჩვენ დავრჩით მონოპოლისტურ მდგომარეობაში როცა რამდენიმე კომპანია ანაწილებს მედიაში საარჩევნო თანხებს, ბუნებრივია, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენს მომავალ საარჩევნო გარემოზე.
თამარ ჩიქოვანი: მედიას არა მხოლოდ საარჩევნო გარემოში, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში აქვს უმთავრესი ფუნქცია – მიაწოდოს ინფრომაცია მაყურებელს, მკითხველს, თუ მსმენელს. სამწუხაროდ, აი ამ უმთავრეს ფუნქციასაც ვერ ასრულებს დღევანდელი მედია, უფრო სწორად არ ასრულებს. ძალიან ხშირად, როდესაც ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს, მან არ იცის ზუსტად რას უჭერს მხარს. იცის პარტიის ან კონკრეტული კანდიდატის დასახელება და მათი მოსაზრებების ან პრობლემის მოგვარების გზების შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. ეს არის მედიის დამსახურება იმიტომ, რომ ამ თემაზე მოსახლეობას ინფორმაციას არ აწოდებენ. ის, რომ პარტიებს არ აქვთ პროგრამები, აბსოლუტური ტყუილია. მე, პირადად, ნამდვილად მაქვს ნანახი რამდენიმე პარტიის არაჩვეულებრივად გაწერილი პროგრამები, რომელიც დაიბეჭდა, დარიგდა, მაგრამ არავის არ წაუკითხავს. წინასაარჩევნოდ პირველ რიგში დღის წესრიგში უნდა იყოს ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს, როგორ სთავაზობს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას და არა ის, თუ ვის უფრო ლამაზი ცოლი ჰყავს და ვინ უფრო სიმპათიურია, რის გაშუქებასაც ჩვენი მედია, როგორც წესი, ამეტებს ხოლმე. მედიას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. აქვს უნარი მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, მართალია ყველა მედიასაშუალებას არ აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ვისაც აქვს, ისინი აბსოლუტურად სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები, რაც ძალიან სამწუხაროა.
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია. როგორ ფიქრობთ,  აისახება თუ არა ეს ფაქტი საარჩევნო გარემოზე. არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ  ჟურნალისტები რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან კოალიციის გავლენის ქვეშ მოექცნენ?
ელისო ჩაფიძე: არა მგონია. მე, პირადად, მხოლოდ საკუთარ თავზე ვისაუბრებ და არა ზოგადად ჟურნალისტებზე. რომ მითხრათ საქართველოში ბევრი ჟურნალისტია კრიტიკულად განწყობილიო, გამეცინება. თუ შევადარებთ სახელისუფლებო ტელეკომპანიებში, გაზეთებსა თუ რადიოებში მომუშავე ჟურნალისტების რაოდენობას ოთხი ხუთი კინკილა გაზეთში თუ ინტერნეტგამოცემაში მომუშავე ჟურნალისტების რაოდენობასთან, ნამდვილად არაპროპორციური შედარება გამოგვივა. მოიხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ბევრი გადაწყვეტილება არ მომწონს და ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა მომწონს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერავის ზეგავლენის ქვეშ ვერ ვექცევი და თუ ეს ადამიანები მომავალში ხელისუფლებას ჩაანაცვლებენ, მგონია, რომ მათ მიმართაც ისევე კრიტიკულად ვიქნები განწყობილი  როგორც დღეს ხელისუფლების მიმართ ვარ და ისევე ვეცდები შევასრულო მედიის ძირითადი ფუნქცია.
თამარ ჩიქოვანი: საინფორმაციო პროგრამაში, ანუ ახალ ამბებში უნდა იყოს ყველა ინფორმაცია. მართალია ამ შემთხვევაში ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვან ამბავს მთავარ ამბად აშუქებენ, ან რომელიმე ამბავს საერთოდ არ აშუქებენ. სწორედ ამ დროს აუცილებელია გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვა, რომელსაც მედია ჩვენთან არ იცავს. თუმცა ამით არ გამოიხატება ვიღაცის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ როდესაც ვიღაც ძალიან დიდხანს არის ეკრანზე ეს პირიქით უკურეაქციასაც კი იწვევს ხშირად.  ამ თვალსაზრისითაც რომ გითხრათ, ჩვენი მედია დიდად პროფესიულია და კარგად აკეთებს თავის საქმეს, ნამდვილად მოვიტყუები.  არის იმის, საფრთხე, რომ ჟურნალისტი ჩაითვალოს მხარდამჭერად. ამიტომ ვამბობ: პრობლემების მოგვარებაზე თუ ლაპარაკობს მედია პირველ რიგში აქცენტი უნდა გაკეთდეს პრინციპებზე და არა იმაზე, გიგი უგულავა უფრო სიმპათიურია თუ ირაკლი ალასანია. ეს არ არის მედიის საქმე. მისი საქმეა მაყურებლამდე მიიტანოს ამბავი. როგორ გეგმავს უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ესა თუ ის კანდიდატი და ამავე დროს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეახსენოს ამომრჩეველს რა გააკეთეს მანამდე ამ პოლიტიკოსებმა, როცა სიტუაციის გამოყენების საშუალება ჰქონდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ მხოლოდ დაპირებები კი არა,  რეალური ქმედებები უნდა უჩვენოს მედიამ მაყურებელს, მკითხველს, თუ მსმენელს.
შეუძლია  თუ არა მედიას მოუწოდოს ხალხს არჩევნებში მისვლისაკენ?
ელისო ჩაფიძე: ამის შესახებ პირდაპირი მოწოდება, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა. მედიას სხვა ფუნქცია ენიჭება: მიაწოდოს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფრომაცია ამა თუ იმ კანდიდატის, საარჩევნო პროცედურის შესახებ, რათა მოქალაქეებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. მოქალაქეებმა გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც მათ უკმაყოფილებას არ გამოიწვევს ხვალ თუ ზეგ. ძალიან ბევრი ადამიანსგან მსმენია როგორი იმედები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალების მიმართ, როგორ არ გამართლდა ეს იმედები. მედიას რომ კარგად ეჩვენებინა მაშინ თითოეული კანდიდატის პოზიცია, რა თქმა უნდა, ის ილუზორული წარმოდგენები არ შეექმნებოდათ ამ შემთხვევაში ადამიანებს. სწორედ ეს ევალება დღესაც მედიას: არ შექმნას ყალბი წარმოდგენები რომელიმე კანდიდატის მიმართ.
თამარ ჩიქოვანი: მე მაინც მგონია, რომ თუ კარგად იქნება გააზრებული რას და როგორ მოუწოდებ ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, მედიას აქვს ამის უნარი. იგივე ოპოზიციური ტელევიზიებიც სცოდავენ იმ თვალსაზრისით, რომ, გარკვეულწილად, მაყურებელში ავითარებენ იმ მოსაზრებას, რომ  არჩევნებზე მისვლით არაფერი არ შეიცვლება. მაინც გააყალბებენ და დაიწერება ის შედეგი რაც უნდა ხელისუფლებას. თუ ეს დამოკიდებულება შეიცვლება და ადამიანებს გაუჩნდებათ რწმენა, რომ შენი ერთი ხმაც კი გადამწყვეტია, მაშინ ისე ვეღარ გააყალბებენ როგორც აქამდე აყალბებდნენ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა. იმიტომ, რომ ოპოზიციამ შექმნა ასეთი გარემო. თუ ამომრჩეველს ეტყვი, რომ ისინი მაინც გააყალბებენ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით, რა თქმა უნდა, არავინ მივა არჩევნებზე.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.