ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia
შეხვედრის ადგილი – ცესკო
16 დეკემბერი, 2010
ოქმი #5
2010 წლის 16 დეკემბერს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი  შეხვედრა.
შეხვედრას, დადგენილი წესის თანახმად, თავმჯდომარეობდა თავისუფალი დემოკრატების პარტიის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
შეხვედრის დაწყებისთანავე  ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ხელმოწერით დაადასტურა წინა შეხვედრის ოქმი.
ბატონმა თავმჯდომარემ მონაწილეებთან შეათანხმა ქალაქგარეთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის  დეტალები. ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა გაიმართება სიღნაღში 2010 წლის 24-25 დეკემბერს. თითო პოლიტიკური პარტიიდან შეხვედრას დაესწრება არაუმეტეს  ორი წარმომადგენლისა. 24 დეკემბერს  მთელი დღე დაეთმობა პრეზენტაციებს სამ საარჩევნო თემაზე, ხოლო დანარჩენი პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება 25 დეკემბერს.  სიღნაღში შეხვედრის ორგანიზებას გააკეთებს  IFES-ი, რომელიც  შეადგენს სავარაუდო დღის წესრიგს და დაუგზავნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ცვლილებების შესატანად.
ბატონმა ზურაბ აბაშიძემ მონაწილეებს წარუდგინა ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი - რუსუდან მაჩაიძე გაზეთიდან „რეზონანსი“, რომელიც დაესწრო საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას.
ბატონმა თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლის, კახა კახიშვილის მიმართვა  საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თემაზე პრეზენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რაზედაც მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, აღნიშნეს, რომ ეს თემა უკვე განხილული იყო და პრეზენტაციების დასრულებამდე მასთან მიბრუნება დაარღვევდა საკითხთა განხილვის შეთანხმებულ წესს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბატონ კახას შესაძლებლობა მიეცემა, თავისი მოსაზრებები გამოთქვას დისკუსიების მსვლელობისას.
პრეზენტაციების წარმოდგენამდე მამუკა კაციტაძემ შეკითხვით მიმართა აკაკი მინაშვილს ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რომელთა დიზაინის თაობაზეც მთავრობის მიერ ტენდერია გამოცხადებული 2010 წლის 27 დეკემბრამდე. მამუკა კაციტაძემ გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ბიომეტრიული პირადობის მოწმობების თემა სამუშაო ჯგუფში უკვე განხილვის პროცესშია, ხომ არ გამოიწვევს ეს ორმაგ ხარჯს, თუ მიღებულ იქნა ეს წინადადება სამუშაო ჯგუფის მიერ და თუ ის იმ პროექტისაგან განსხავებული აღმოჩნდა, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება. აკაკი მინაშვილმა განმარტა, რომ ბიომეტრიული მოწმობების ბეჭდვა არავითარ დამატებით დანახარჯს არ გამოიწვევს და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პირადობის მოწმობების საარჩევნო მიზნებში გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.  ბატონმა აკაკიმ, ასევე, შესთავაზა მონაწილეებს სიღნაღში შეხვედრისას, სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, გიორგი ვაშაძის მოწვევა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ზემოხსენებულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ გიორგი გოგნიაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით  წარმოადგინა პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო ოლქებისა და უბნების  თემაზე (დანართი 1). მან მოკლედ მოახსენა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ დასმული კითხვები ძირითადად ეხებოდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ კანდიდატის დასახელების შესაძლებლობას და მისი დამტკიცების წესებს.
ბატონმა მამუკა კაციტაძემ  კოლეგებს გაუზიარა მოსაზრება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.  მან შესთავაზა სამუშაო ჯგუფს ემსჯელად იმის თაობაზე,  რომ საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მოყვაქნილ ჩამონათვალს დაემატოს „ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი“ .  
პრეზენტაცია არჩევნების დაფინანსების თემაზე წარმოადგინა ირაკლი ჩიქოვანმა  რვა პოლიტიკური პარტიის ერთობის სახელით (დანართი 2) და ისაუბრა პარტიებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე საარჩევნო დაფინანსების  თვალსაზრისით: თუ რა შემთხვევაში უნდა დაფინანსდეს საარჩევნო სუბიექტი, რა უნდა იყოს მისი დაფინანსებისა და გაწეული ხარჯის ზედა ზღვარი. მან ასევე ისაუბრა შემოწირულობების ზღვრული სიდიდის გაორმაგებაზე არჩევნების ჩატარების წელს, აღებული სესხით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სუბიექტების გარანტირებულ დაფინანსებაზე კანონით განსაზღვრული ოდენობით, რომლებიც მიიღებენ არჩევნების მონაწილეთა ხმების ორ-სამ პროცენტზე მეტს (1995 წლიდან დღემდე ასეთ სუბიექტთა რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა).  პრეზენტატორის აზრით,  ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ზედა ზღვარი უნდა შეადგენდეს 5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას. მონაწილეებმა დასვეს კითხვები, თუ რის მიხედვით მოხდა ზედა ზღვრის დადგენა, ასევე გამოთქვეს ეჭვი  ბანკიდან კრედიტის გამოტანის შესაძლებლობაზე, რომლის პრაქტიკაც არასოდეს ყოფილა საქართველოში. ვახტანგ ხმალაძემ ხარჯის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით მონაწილეებს მოახსენა, რომ აღნიშნული თანხა ეფუძნებოდა ზოგადად საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯის პრაქტიკას, როგორიცაა სატელევიზიო და გარე რეკლამა, სარეკლამო მასალების ბეჭდვა და ა.შ. მამუკა კაციტაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სესხის აღებას დასჭირდება გარკვეული სახის გარანტიები.
შემდეგი პრეზენტაცია წარმოდგენილი იყო იმავე თემაზე გიორგი ბაშარულის მიერ ქართული დასის სახელით (დანართი 3). მან წარმოადგინა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის საარჩევნო კამპანიის ხარჯების გათანაბრების სისტემა, კერძოდ: საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედა ზღვარი, პროპორციული სიისათვის  და მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდათისათვის ცალ-ცალკე პირობითად 1 ამომრჩეველი 1 ლარი და ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვალიფიციური  პარტიებისთვის დაფინანსების ოდენობას არჩევნების დროს. მონაწილეებმა თავიანთი მოასაზრებები დააზუსტეს პრეზენტაციაში მოცემულ დეტალებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება სიღნაღში, 2010 წლის 24-25 დეკემბერს, სადაც პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება დანარჩენ საარჩევნო თემებზე.
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         ნანა ციკოლია, დემოკრატიული პარტია
·         აკაკი მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         კახა კუკავა, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         ზურაბ ტყემალაძე, მრეწველები
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         რატი მაისურაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         მამუკა ხიმშიაშვილი, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         გიორგი ხოკერაშვილი, ჩვენ თვითონ
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, nGnI, დემოკრატიის ცენტრი, ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID,  NIMD
3.         დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: US Embassy და ნატოს წარმომადგენელი საქართველოში 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.