ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia

შეხვედრის ადგილი – ცესკო
9 თებერვალი, 2011
ოქმი #7

2011 წლის 9 თებერვალს განახლდა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრების სერია.
დადგენილი წესის თანახმად, შეხვედრას თავმჯდომარეობდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.
ბატონმა დავითმა გახსნა შეხვედრა და ტრადიციულად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს წარუდგინა წინა შეხვედრის ოქმი ხელმოსაწერად.
შეხვედრის ძირითად ნაწილზე გადასვლამდე შეხვედრის თავმჯდომარემ აუწყა მაგიდის წევრებს, რომ მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსათვის“ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებში და თავის წარმომადგენლებად დაასახელა ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე და ქალბატონი ეკატერინე კაპანაძე. ბატონმა დავითმა შეახსენა დამსწრეთ, რომ მაგიდის მიერ მიღებული პირველივე გადაწყვეტილების მიხედვით სურვილის შემთხვევაში ჯგუფის წევრი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი კვალიფიციური ან საპარლამენტო ტატუსის მქონე პარტია; და თუ რომელიმე პარტია, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს მოგვიანებით მოისურვებდა შემოერთებას, მისთვის ჯგუფის კარი ღია იქნებოდა ერთადერთი დათქმით, რომ მანამდე განხილული საკითხები ან მიღებული გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება. ჯგუფმა თანხმობა განაცხადა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ მონაწილეობაზე.
ამის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მხარეებს შეახსენა სიღნაღში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ განახლებულ შეხვედრებზე ჯგუფი გადავიდოდა უკვე კონკრეტული თემების განხილვა/მიღებაზე და რაც ყველაზე მთავარია მოისმენდა ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებებს მუშა პროცესში წარმოდგენილი თითოეული თემის თუ პრეზენტაციის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ დისკუსიების მეორე ეტაპზე განსახილველ პირველ საკითხად რჩება ისევ ამომრჩეველთა სიები და ბიომეტრიული მონაცემები, რომელთა გარშემოც მუდმივად მიმდინარეობდა ტექნიკური ხასიათის დისკუსიები სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებთან, უცხოელ ექსპერტებთან და მან გამოთქვა იმედი, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მოსაზრებების დაფიქსირებით უნდა წარიმართოს პროცესი. ამას გარდა, ჯგუფი უნდა შეთანხმდეს შემდგომი განსახილველი  თემების თანმიმდევრობაზე. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ბატონმა პავლე კუბლაშვილმა კითხვით მიმართა ჯგუფის წევრებს, ხომ არ შეჯერებულა პოზიციები თემების შესახებ ან ხომ არ გაუერთიანებიათ პარტიების თავიანთი პრეზენტაციები. ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ბატონმა მამუკა კაციტაძემ უპასუხა მას, რომ ჯერ პოზიციები არ გაერთიანებულა და რომ მათი შეჯერება შეიძლება უფრო ადვილი გახდეს მას შემდეგ, რაც მონაწილე პარტიები მოისმენენ მმართველი პარტიის მოსაზრებებს საკითხებთან დაკავშირებით ან პირიქით,  ამ ყოველივემ, შეიძლება კიდევ უფრო დააშოროს პოზიციები. ასევე, ბატონმა მამუკამ ისარგებლა შემთხვევით და შესთავაზა ჯგუფს დღის წესრიგის ბოლო საკითხად განეხილათ მიმდინარე პროცესის პოპულარიზაცია და ამომრჩევლის უკეთესი ინფორმირება. ჯგუფის წევრებს არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა ამ ინიციატივისადმი და შესაბამისად თავმჯდომარემ მაგიდას გააცნო 9 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი:
1.      ამომრჩეველთა სიები/რეგისტრაცია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თემატური გამოსვლა)
2.      განსახილველი თემების თანმიმდევრობა
3.      პროცესის პოპულარიზაცია და ამომრჩეველთა ინფორმირება
ბატონმა თავმჯდომარემ მიმართა მაგიდის წევრებს დღის წესრიგთან დაკავშირებული შენიშვნების ან კითხვების დაზუსტების მიზნით, რაზეც ბატონმა პავლემ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ დღეს გაეცნო საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოადგინა ექსპერტმა ბიომეტრიის დარგში. მისი აზრით უმჯობესი იქნებოდა, რომ იგი გაცნობოდა ამ დოკუმენტს დეტალურად და ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსაც ჰქონოდა ხელთ ეს მონაცემები და საერთოდ დასწრებოდა ჯგუფის შეხვედრებს. ამიტომ მან მიმართა მაგიდას არ აჩქარებულიყვნენ და დღევანდელი დღე დაეთმოთ მხოლოდ თემების თანმიმდევრობისა და პროცესის პოპულარიზაციის საკითხისათვის.
ამ განცხადებამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები და რაც მთავარია გამოითქვა საშიშროება იმის თაობაზე, რომ განხილვების გადადებით შეიძლება თებერვლის განმავლობაში მმართველი პარტიის მოსაზრებების მოსმენა ვერ მოხერხდეს განსახილველი ყველა თემის შესახებ. ბატონმა პავლემ განუცხადა მონაწილეებს, რომ მმართველი პარტია თებერვლის განმავლობაში ყველა თემის გარშემო მოახსენებდა მაგიდას საკუთარ პოზიციას და მათი მიზეზით პროცესის გაჭიანურება არ მოხდება. მან იქვე აღნიშნა, რომ ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პირადობის მოწმობების გაცემის საკითხი გადაწყვეტილია და ეს პროცესი დაიწყება 2011 წლის ივნისიდან და წლის ბოლომდე გაიცემა 100 000 მოწმობა. მთავარი მდგომარეობს იმაში შესაძლებელი იქნება თუ არა ამ მოწმობების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სამოქალაქო რეესტრის დასწრება სხდომებზე. ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი გოგნიაშვილმა შეახსენა დამსწრეთ, რომ სამოქალაქო რეესტრმა სიღნაღში მოახსენა ჯგუფს, რომ ჯერ უნდა განეხორციელებინათ დამისამართება და შემდეგ გაეცათ ახალი მოწმობები. შესაბამისად ისმის კითხვა - ხელს ხომ არ შეუშლის ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს, რაზეც ბატონმა პავლემ უპასუხა, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და შეიძლება პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს. ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ კითხვით მიმართა მაგიდას იმის თაობაზე, რომ თუ წელს მოხდებოდა 100 000 მოწმობის გაცემა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 300 000, მაშინ მომდევნო არჩევნებისთვის მხოლოდ 400 000 მოქალაქეს ექნება ბიომეტრიული პირადობის მოწმობა, ხოლო სხვა მოქალაქეებმა ხმა ისევ ძველი პირადობის მოწმობებით უნდა მისცენ; ხომ არ იქნება ამ ორი დოკუმენტის გამოყენება კიდევ უფრო მეტი პრობლემის გამომწვევი. მას გამოეხმაურა მამუკა კაციტაძე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გარკვეული სათადარიგო გეგმა მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ბატონმა პავლემ ჯგუფის წევრებს განუცხადა, რომ აქ მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, ვინაიდან ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მითუმეტეს აუცილებელია მისი ზედმიწევნით დეტალურად განხილვა. მრეწველების წარმომადგენელმა ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ შეფასებების გაკეთებისას და გეგმის დასახვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომლებიც კანონიერად თუ უკანონოდ იმყოფებიან უცხო ქვეყნებში.
ასევე გამოითქვა მოსაზრება თემების განხილვის რიგითობის გადანაცვლების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია საჭიროებს დამატებით დროს საკითხის შესასწავლად იქნებ ჯერ სხვა საკითხები განხილულიყო და შემდეგ დაბრუნებოდა ჯგუფი ამომრჩეველთა სიებს. ბატონმა პავლემ ნათლად განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მზად იქნებოდა ამომრჩეველთა ბიომეტრიული მონაცემების რეგისტრაციაზე და თუ მოესწრება ასევე არჩევნების დროს მათ ვერიფიკაციაზე სასაუბროდ და აქვე ამცნო ჯგუფს, რომ თუ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული იმის თაობაზე, რომ ჯგუფი აგრძელებს ამომრჩეველთა სიებზე ბიომეტრიული მონაცემების გათვალისწინებით მუშაობას, მაშინ ამის შემდეგი განსახილველი თემა იქნებოდა საარჩევნო სისტემა. ხოლო თუ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის უარყოფილი იქნება, მაშინ შემდეგი შეხვედრა დაეთმობა ალტერნატიული გზების განხილვას და მხოლოდ ამის შემდეგ - სისტემას. სხდომის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ითხოვა ამ საკითხში სიცხდის შეტანა და მონაწილეებს შეახსენა სამუშაო ჯგუფის შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჯერ უნდა მოხდეს ყველა წარმოდგენილ პრეზენტაციაზე მმართველი პარტიის პოზიციების მოსმენა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ამა თუ იმ საკითხზე საბოლოო პოზიციების შეჯერება ან ალტერნატიული მოდელების შემუშავება. შესაბამისად, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით კენჭისყრის თაობაზე მმართველი პარტიის პოზიციების დაფიქსირების შემდეგ უნდა მოხდეს არა ამ საკითხის შემდგომი დამუშავება ან ალტარნატიულ მოდელზე მსჯელობა, არამედ, მმართველი პარტიის პოზიციების მოსმენა შემდეგ საკითხზე, კერძოდ, საარჩევნო სისტემაზე, როგორც ეს ბატონმა კუბლაშვილმა ბრძანა.
აგრეთვე, დიდი დრო დაეთმო იმის განხილვას თუ რამდენად არის სამოქალაქო რეესტრის აქტიური ჩართვა განხილვის პროცესში, ვინაიდან მთავარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე გვინდა თუ არა ბიომეტრიის გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის, ხოლო სამოქალაქო რეესტრის ფუნქცია იქნება მხოლოდ ამ ნების ფაქტობრივი განხორციელება. საბოლოოდ გაჟღერდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეესტრი მხოლოდ ტექნიკური ექსპერტის სახით იქნება წარმოდგენილი და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეთხოვა მომდევნო შეხვედრაზე რეესტრის წარმომადგენლების დასწრების უზრუნველყოფა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჯგუფის წევრებმა განიხილეს ბატონი მამუკა კაციტაძის ინიციატივა იმის შესახებ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობა უფრო მეტად იყოს გაშუქებული; ამომრჩევლებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ თუ რა საკითხები განიხილება და რა გადაწყვეტილებები მიიღება ჯგუფის სხდომებზე. ამ მიზნით, მან შესთავაზა მაგიდის წევრებს მიემართათ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რომ რომელიმე არსებული თუ ახალი გადაცემის ფორმატში რეგულარულად მიცემოდა საშუალება მონაწილე პარტიებს განეხილათ, დაესაბუთებინათ და ემსჯელათ ჯგუფის ამა თუ იმ თემაზე. სასურველი იქნებოდა, რომ მათ იგივე სახის თხოვნით მიემართათ ასევე კერძო ტელევიზიებისათვის. ბატონმა მამუკამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაცემის ფორმატს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ უნდა მოხდეს მეორე არხზე მათთვის გამოყოფილი დროის გამოყენების ხარჯზე.
წინადადება მოიწონა მაგიდის ყველა წევრმა და ხაზი გაუსევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულმა პროექტმა უნდა უზრუნველყოს მაგიდის მონაწილეთა თანაბარი ჩართულობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბატონმა მამუკა კაციტაძემ წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი წინადადება და მიაწოდოს IFES-ს, რათა შემდგომ მოდერატორმა მიმართოს საზოგადოებრივ მაუწუებელს ამ ინიციატივის ხორცშესხმის თხოვნით. მაგიდის წევრებმა აღნიშნეს IFES-ის წარმატებული პროექტი - მერობის კანდიდატთა დებატები, რომელიც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველად საქართველოს ისტორიაში და სწორედ ამიტომ დააკისრეს მოდერატორის შუამავლის მისია.
შეხვედრის დასასრულს თავმჯდომარემ ამცნო მონაწილეებს, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება შემდეგ ოთხშაბათს, 16 თებერვალს ცესკოში 15:00 სთ-ზე. მომდევნო შეხვედრას დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს პარტია საქართველოს გზის წარმომადგენელი. მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი საკითხების ნუსხა:
·         ბიომეტრიული მონაცემების შემცველი ახალი პირადობის მოწმობების გაცემა და ამომრჩეველტა რეგისტრაცია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია)
·         ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენება კენჭისყრის პროცედურებში (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია)
·         საარჩევნო სისტემა  (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, თუ მოესწრო)
·         პროცესის პოპულარიზაცია და ამომრჩეველთა ინფორმირება

 საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         პაატა საყვარელიძე, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         ბიძინა გუჯაბიძე, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         ზურაბ ტყემალაძე, მრეწველები
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე,  ჩვენ თვითონ
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია
·         ირაკლი მელაშვილი,  მოწვეული ექსპერტი
·         კონსტანტინე ფორჩხიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
·         ეკატერინე კაპანაძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, NGNI, TI
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID,  NIMD

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.