ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia

შეხვედრის ადგილი – ცესკო
16 თებერვალი, 2011
ოქმი #8

2011 წლის 16 თებერვალს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
დადგენილი წესის თანახმად, შეხვედრას თავმჯდომარეობდა პარტია საქართველოს გზის წარმომადგენელი ბატონი კახაბერ სეთურიძე.
ბატონმა კახამ გახსნა შეხვედრა და ტრადიციულად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს წარუდგინა წინა შეხვედრის ოქმი ხელმოსაწერად.
შემდეგ მან გააცნო შეხვედრის მონაწილეებს დღის წესრიგი რომელშიც შევიდა შემდეგი საკითხები:
·         ბიომეტრიული მონაცემების შემცველი ახალი პირადობის მოწმობების გაცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია)
·         ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენება კენჭისყრის პროცედურებში (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია)
·         საარჩევნო სისტემა  (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია)
·         მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ პროექტი ცვლილებებთან დაკავშირებით
·         პროცესის პოპულარიზაცია და ამომრჩეველთა ინფორმირება
თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ბატონ პავლე კუბლაშვილს, რათა მას მმართველი პარტიის სახელით გაეცნო მაგიდის წევრთათვის მათი პოზიცია. ბატონმა პავლემ განუცხადა დამსწრე საზოგადოებას რომ დღის წესრიგის პირველი თემა შეიძლება პირობითად ორ ნაწილად გაყოფილიყო:
·         ამომრჩეველთა სიების გადამოწმება
·         ბიომეტრიული პირადობის მოწმობები და მათი გამოყენება არჩევნებზე
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება პირველი ივნისიდან და ეტაპობრივად მოხდება ყველა მოწმობის გამოცვლა. მას არ გაუმახვილებია ყურადღება დეტალებზე ვინაიდან ეს ინფორმაცია ჯგუფს უკვე მიაწოდა სამოქალაქოო რეესტრის წარმომადგენელმა სიღნაღის შეხვედრის დროს. ბატონმა პავლემ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია მოწმობის გაცემის ვადების საკითხი. გამომდინარე იქედან, რომ პირადობის მოწმობის ფასი იქნება 30 ლარი არსებობს საშიშროება იმისა, რომ ხალხის მოტივაცია გამოცვალოს მოწმობა იქნება ძალიან დაბალი. ამის გათვალისწინებით მათ ჩაატარეს კვლევა და მოიძიეს სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვადები უნდა ევარაუდათ პროცესის პროდუქტიულად წარმართვისათვის. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით არსებული ტექნიკის და პერსონალის გათვალისწინებით შესაძლებელია თვეში 60.000 ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გაცემა. იმისათვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც სავარაუდოდ 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება, მოხდეს მთელი ელექტორატის უზრუნველყოფა პირადობის მოწმობებით სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით საჭიროა ყოველთვიურად დაახლოებით 233.000 ბიომეტრიული პირადობის მოწმობის დამზადება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაიზრდება ამომრჩეველთა მოტივაცია სხვადასხვა აქციებით, მაგალითად გარკვეული პერიოდისათვის მოწმობების გაცემა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მაინც საჭიროა დაახლოებით 200.000.000 ლარი. ეს თანხა არ ითვალისწინებს საარჩევნო დღისათვის მოწმობების გამოყენების ხარჯებს (ვერიფიკაცია). კუბლაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოწმობებში დამატებით თითის ანაბეჭდების ჩადება საარჩევნო მიზნით, გაზრდიდა აღნიშნულ თანხას 50.000.000 ლარით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ბატონმა პავლემ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს პროცესი დაკავშირებულია დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობასთან, კვალიფიციური კადრების ნაკლებობასთან და ზოგადად დიდ თანხებთან, იგი თვლის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პროცესის დასრულება ვერ მოხერხდება.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ყურადღებით გაეცნო ექსპერტის მიერ მოწოდებულ დოკუმენტს და აღნიშნა, რომ პარტიების მიერ სიების საგულდაგულო გადამოწმება შეიძლება უკეთესი შედეგის მომტანი იყოს ამ შემთხვევაში ვიდრე ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება. მან აქვე დასძინა, რომ ამ გადამოწმების მექანიზმი უნდა შეიცვალოს და პარტიებს მიეცეთ გაცილებით უფრო მეტი დრო შესამოწმებლად - მაგალითად 4 თვე. პარტიამ აგრეთვე უნდა გამოიყენოს თავისი რესურსიც საოლქო საარჩევნო კომისიაშიც და თუ პარტიების მხრიდან იქნება მზაობა, შეიძლება მსჯელობა საოლქო კომისიებში პარტიული ნიშნით დანიშნული წევრების 4 თვით ადრე დანიშვნაზე. ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება დამატებითი პრობლემები წარმოშვას და უმჯობესი იქნება უზრუნველვყოთ სიების გამართულობა ალტერნატიული მექანიზმებით, როგორიც არის შემოწმებისათვის საჭირო ვადების გაზრდა და ასევე არსებული მარკირების მექანიზმის გამოყენება.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ დასვა კითხვა იმის შესახებ თუ საიდან იქნა მიღებული 200.000.000 ლარი, ვინაიდან უხეში დათვლის მიხედვით სამ მილიონ ამომრჩეველზე 30 ლარიანი პირადობის გაცემის შემთხვევაში ვიღებთ 90.000.000. მან ასევე შეახსენა მაგიდის წევრებს ის ფაქტიც, რომ სიღნაღში გაკეთებული პრეზენტაციის დროს სამოქალაქო რეესტრმა გამაცხადა, რომ 30 ლარიდან 15 ლარი იყო ელექტრონული ხელმოწერის საფასური და შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად ესაჭიროება ყველა მოქალაქეს ხელმოწერის ელექტრონული ფორმით დატანა მოწმობაზე.
ბატონმა პავლემ განმარტა, რომ ელექტრონული ხელმოწერა საჭიროა სხვა უამრავი ფუნქციის განსახორციელებლად, რომელიც ექნება ახალ მოწმობას და ხელმოწერის გარეშე იგი დაკარგავს მნიშვნელობას როგორც სამოქალაქო დოკუმენტი. რაც შეეხება თანხას, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა იმ დამატებითი მატერიალური-ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის დამატების შემთხვევაში, რომელიც აუცილებელია ფორსირებული რეჟიმით მოწმობების გასაცემად, ვიღებთ დაახლოებით 200.000.000 ლარს.
კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიის გადამოწმების ალტერნატიულ მექანიზმებზე დისკუსიას ისინი არ ხურავენ და პირიქით მზად არიან იმსჯელონ სხვადასხვა წინადადებებზე.
ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, რესპუბლიკური პარტიიდან, ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული თანხის ოდენობა და განმარტა, რომ მათ მუშაობის პროცესში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოიძიეს იმ მოწყობილობების შესახებ, რაც ჭირდება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების დამზადებას და მათთვის ასევე ცნობილია სამოქალაქო რეესტრს ამჟამინდელი ტექნიკური თუ ადამიანური შესაძლებლობები; ხმალაძის განცხადებით მათი კალკულაციები მკვეთრად განსხვავდება 200.000.000 ლარისგან და საგრძნობლად მცირეა. ბატონი ვახტანგის აზრით საჭიროა დეტალურად გაიწეროს ეს ყოველივე, რათა ნათელი გახდეს რეალური ხარჯები. ასევე, იგი შეეხო ელექტრონულ ხელმოწერას და განაცხადა, რომ იგი საჭიროა დისტანციურად დოკუმენტების დადასტურებისათვის, რაც მცირე კონტიგენტს შეიძლება ჭირდებოდეს. მან გაახმოვანა პოზიცია იმის შესახებ, რომ ელ. ხელმოწერა შეიძლება იყოს მაგრამ არა სავალდებულოდ; შესაძლებელია ისეთ მექანიზმზე მსჯელობა, რომლის დროსაც სახელმწიფო გასცემს პირადობის მოწმობებს უფასოდ ხელმოწერის გარეშე, ხოლო ისინი ვისაც ესაჭიროება ეს ფუნქცია სიამოვნებით გადაიხდიან 15 ლარს.
ამ შეკითხვას მოყვა მცირე დისკუსია, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ შეიძლება გარკვეულ დიფერენცირებაზე ფიქრი თუ ვისთვის უნდა იყოს მოწმობები უფასო და ვისთვის ფასიანი.
შემდეგ სიტყვა ითხოვა ბატონმა დავით უსუფაშვილმა და მიმართა მმართველ პარტიას მოეწოდებინა მაგიდის მონაწილეებისათვის დეტალურად გაწერილი ხარჯთაღრიცხვა, რათა ზეპირად არ მომხდარიყო მსჯელობა. მან ასევე მოუწოდა მაგიდას, რომ აღარ დაეხარჯათ დრო ამ მოწმობების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენების საკითხზე მსჯელობაზე, რადგან ხელისუფლების პოზიცია ნათელია, რომ ისინი გამორიცხავენ ამ ეტაპზე ბიომეტრიული მოწმობების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას. მან ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო გაურკვეველი სიტუაცია ვიდრე აქამდე, ვინაიდან შეიძლება ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდეს ორი მოწმობა, ან სხვადასხვა ამომრჩეველს - სხვადასხვა მოწმობები.
შემდეგ მოწვეულმა ექსპერტმა ბატონმა ირაკლი მელაშვილმა დასვა კითხვა თვითღირებულების თაობაზე, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი და დაძაბული დისკუსია. დისკუსიის მსვლელობისას ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ მიმართა სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს მოეხსენებინა მაგიდისათვის თუ სადამდე შეიძლება დამატებით გაზრდილიყო 30 ლარიანი გადასახადი, თუ ფორსირებულ რეჟიმში წარიმართებოდა პროცესი, ყველა შესაძლო ხარჯის გათვალისწინებით; რაზეც სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ხარჯთაღრიცხვა მის კომპეტენციას სცილდება და დეტალურ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრი ჯგუფს მიაწვდიდა მოგვიანებით.
მამუკა კაციტაძემ მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ სამუშაო ჯგუფის პრაქტიკა და ნაციონალური მოძრაობის ხედვები წერილობით გააცნონ მონაწილეებს მოდერატორის მეშვეობით.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ბატონმა ირაკლი ჩიქოვანმა წამოაყენა წინადადება, რომ ამ შეხვედრაზე მეტი აღარ ემსჯელათ ბიომეტრიულ პირადობებზე, ვინაიდან კონკრეტული რიცხვები მათ ხელთ არ აქვთ და არგუმენტებს უბრალო რიტორიკით ამაგრებენ; ასევე, მან განაცხადა, რომ ბიომეტრიული ვერიფიკაცია არჩევნების დღეს დღის წესრიგიდან შეიძლება საერთოდ ამოღებულ იქნას ვინაიდან მმართველი პარტია ამას შეუძლებლად მიიჩნევს და უკეთესია პირდაპირ გადავიდნენ საარჩევნო სისტემის შესახებ  მოსაზრებების მოსმენაზე.
ბატონმა პავლემ განაცხადა, რომ მათ დაგეგმილი აქვთ საერთო პრეზენტაციის გაკეთება, რომელიც მოიცავს მმართველი პარტიის პოზიციას ყველა საკითხზე. ამ პრეზენტაციას ისინი წარმოადგენენ 1 მარტამდე.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მათ განემარტათ, რომ ამ სახით თემების განხილვა აქტუალური გახდება, როდესაც არსებითი დოკუმენტების ჩამოყალიბებაზე გადავა სამუშაო პროცესი, რაზეც ბატონმა კონსტანტინე ფორჩხიძემ განაცხადა, რომ მათ სურდათ უბრალოდ დაეფიქსირებინათ პარტიის ხედვა.
რაც შეეხება დღის წესრიგის ბოლო საკითხს, რომელიც შეეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებლისათვის წერილის გაგზავნას, დისკუსია გაიმართა მამუკა კაციტაძეს, ლევან გაბრიჩიძეს, ჩვენ თვითონ, და მალხაზ გორგასლიძეს, თავისუფლება, შორის. ეს უკანასკნელნი მოითხოვდნენ წერილში გარკვეული სავალდებულო ფორმით დაფიქსირებულიყო ის ფაქტი, რომ თანაბარი მონაწილეობის უფლება მისცემოდა ყველა მონაწილეს. ბატონმა მამუკამ განმარტა, რომ ეს ყოველივე წერილში საკმაოდ კორექტულად იყო დაფიქსირებული და იგი ვერ აიძულებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეესრულებინა სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა და შესაბამის პროექტში უზრუნველეყო პარტიების მონაწილეობა პარიტეტის გათვალისწინებით. ბატონმა ლევანი მიემხრო პოზიციას, რომლის მიხედვითაც თუ წერილი ამ ფორმით გაიგზავნებოდა მაშინ მას არა მაგიდის მიმართვა უნდა ეწოდოს, არამედ - რვიანის ან სახელობით იმ პარტიების, ვისაც ფორმულირება აკმაყოფილებს. მცირედი დისკუსიის შემდეგ ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ერთსულოვნება ვერ იქნა მიღწეული სამუშაო ჯგუფის ფორმატში, იგი თავის ინიციატივას უკან იწვევს.
დასასრულს IFES - საქართველოს სახელით ქალბატონმა ქეთევან მაისურაძემ სამუშაო ჯგუფს წარუდგინა ექსპერტი ბატონი ბობ დალი, რომლის სპეციალიზაციაც არის საარჩევნო სისტემები, კამპანიის დაფინანსება და საარჩევნო დავები. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ექსპერტი მზად არის დაიწყოს კონსულტაციები ნებისმიერ დაინტერესებულ პარტიასთან.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ბატონმა გიგი ბრეგაძემ ასევე ისარგებლა შემთხვევით და აცნობა ჯგუფს რომ მათ მიერ მოწვეული ექსპერტი ჯერალდ მიტჩელი ისევ ჩამოვიდა და ისიც მზად არის კონსულტაციებისთვის.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 9 მარტს, ცესკოში. შეხვედრის თავმჯდომარე დადგენილი წესის შესაბამისად იქნება ქართული დასის წარმომადგენელი.

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         ნანა ციკოლია, დემოკრატიული პარტია
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         აკაკი მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი მელაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         პაატა საყვარელიძე, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         ბიძინა გუჯაბიძე, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         ზურაბ ტყემალაძე, მრეწველები
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         გრიგოლ ჯოჯუა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე,  ჩვენ თვითონ
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია
·         ირაკლი მელაშვილი,  მოწვეული ექსპერტი
·         კონსტანტინე ფორჩხიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
·         ეკატერინე კაპანაძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:

1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, NGNI, TI, Political Research Center, Democracy Center, Journalists’ Initiative Group, Society of Democracy and Legal Development, CRA
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, NIMD, US Embassy, NATO

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.