ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia
შეხვედრის ადგილი – ცესკო
9 მარტი, 2011
ოქმი #9
2011 წლის 9 მარტს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
დადგენილი წესის თანახმად, შეხვედრას თავმჯდომარეობდა პარტია ქართული დასის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ბაშარული.
შეხვედრა ბატონმა გიორგიმ გახსნა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს წინა შეხვედრის ოქმი ხელმოსაწერად წარუდგინა. ამის შემდეგ მან შეხვედრის მონაწილეებს დღის წესრიგი გააცნო, რომელშიც შევიდა შემდეგი საკითხები:
·         ბატონი დენის დავითაშვილის წერილი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის წევრებისადმი. (დანართი I)
·         ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინადადებები საარჩევნო პროცესის ირგვლივ. (დანართი II)
შეხვედრის დაწყებისთანავე, თავმჯდომარემ მაგიდის წევრებს ბატონი დენის დავითაშვილის წერილი გააცნო, რომლის თანახმად იგი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში ნებისმიერი სტატუსით მონაწილეობას ითხოვდა. წერილის მიხედვით, დავითაშვილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად 10 წლიანი მუშაობის სტაჟი და სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლის გამოცდილება აქვს. აღნიშნულ საკითხზე, შეხვედრის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ბატონ აკაკი მინაშვილს, რათა მას საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თაობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია წარედგინა. ბატონმა აკაკიმ, მმართველი პარტიის პოზიცია რამოდენიმე ნაწილად დაყო:
·         საარჩევნო სისტემის ცვლილების 3 ვარიანტი ხმების თანასწორობის პრინციპის უზრუნველსაყოფად;
·         ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კენჭისყრის უფლების მინიჭება;
·         მსჯავრდებული პირისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება;
·         საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნიშნით დანიშნული პირის გამოწვევის შეზღუდვა;
·         საარჩევნო უბანზე კანდიდატის წარმომადგენლად რეგისტრაციის აკრძალვა;
·         გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილეთა ზედა ზღვრის დაწესება;
აღნიშნული საკითხების გაცნობის შემდეგ, ბატონმა აკაკიმ შეხვედრის დამსწრეებს აუწყა, რომ მმართველი პარტია იწონებს გასული წლის განმავლობაში ამომრჩეველთა სიების სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზაციის მიზნით მიმართულ ძალისხმევას. მინაშვილმა ასევე დასძინა, რომ 2010 წელს 12 პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგის განხორციელება ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა. შემდეგ, მინაშვილმა განაგრძო მმართველი პარტიის პოზიციების გაცნობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით და გამოყო კიდევ 4 საკითხი:
·         ბიომეტრიული სიებით ხმის მიცემის პილოტირება;
·         საარჩევნო სიების გადამოწმების დამატებითი საშუალებები;
·         დავების განხილვა;
·         საარჩევნო კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დაწესებული სანქციები.
ბატონი აკაკის მიერ მმართველი პარტიის პოზიციების მიმოხილვის შემდგომ, შეხვედრის თავმჯდომარემ კითხვა-პასუხის რეჟიმი გახსნა. ქართული დასის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ბაშარულმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ გასული თვეების განმავლობაში გაცხადებული პოზიციები ადმინისტრაციული რესურსების  გამოყენების შეზღუდვასთან, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებთან, საინფორმაციო ველის გათანაბრების პირობებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პრეზენტაციაში გათვალისწინებული არ იყო. ამაზე, ბატონმა აკაკიმ მიუგო, რომ აღნიშნულ თემებზე საუბარი დახურული არ არის და შესაძლოა დამატებითი კონსულტაციების გამართვა. შემდეგ სიტყვა ითხოვა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ და მიმართა მმართველ პარტიას კითხვით საბოლოო იყო თუ არა წარმოდგენილი პოზიციები. მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული შემოთავაზებებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსია უნდა გაგრძელდეს და პოზიციები შეჯედრეს.
მმართველი პარტიის პრეზენტაციიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბიომეტრიული სიების შედგენის თბილისში პილოტირების თემამ. საკითხი დასაწყისშივე წამოჭრა მრეწველების წარმომადგენელმა ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ. მან იკითხა, თუ ბიომეტრიული სიების შედგენის თბილისში პილოტირება პარალელურად რატომ არ უნდა მომხდარიყო საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებში. შეკითხვაზე პასუხად, ბატონმა აკაკიმ თბილისის არჩევა მოსახლეობის კომპაქტურად განსახლებით დაასაბუთა და დასძინა, რომ თბილისს გარეთ განხორციელებას წინ ტექნიკური და ფინანსური დაბრკოლებები აღუდგებოდა. მოგვიანებით, იმავე საკითხი წამოჭრა ბატონმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც თბილისში პილოტირების არგუმენტაციით დაინტერესდა. მინაშვილმა მიუგო, რომ პილოტირებისთვის თბილისის შერჩევისას გამოიკვეთა ორი მიზეზი: აქედან პირველი დასახელდა თბილისის მოსახლეობის კომპაქტურად განსახლება, რომელიც მათივე განცხადებით, საფუძვლიანი და შედეგიანი საპილოტო პროექტის განხორციელების წინაპირობას ქმნის, მეორე კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ბიომეტრიული სიების შედგენის ფინანსური და ტექნიკური დაბრკოლებები. მანვე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიომეტრიული სიების შედგენის თბილისის გარეთ განხორციელება მოსახლეობის სრულფასოვანი რეგისტრაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
მრეწველების წარმომადგენელმა ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ ბატონ აკაკი მინაშვილს მიმართა კითხვით, შესაძლო იყო თუ არა ბიომეტრიული სიის თბილისში შედგენის პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულიყო ამომრჩეველთა სიების წინასწარი რეგისტრაცია და მაგალითად 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიხმო. ბატონი აკაკის თქმით, ამ საკითხზე სავარაუდოდ წარმოიშობოდა წინასწარი რეგისტრაციისას მოქალაქეების დაბალი აქტივობის პრობლემა. ეს კი, მისი თქმით საფრთხეს შეიცავს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რადგანაც შესაძლოა რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეების დიდი ოდენობა საარჩევნო დღეს გამოცხადებულიყო უბანზე. ამ საკითხის გავლის შემდეგ, დისკუსიაში ჩაება ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. მან ყურადღება გაამახვილა  4 საკითხზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პრეზენტაციებში წამოაყენეს, თუმცა მმართველი პარტიის პოზიციებში საერთოდ არ აისახა. აღნიშნული საკითხებია: დაფინასების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის, მედიათანაბრობის და საარჩევნო პროცედურების თემები.  მისივე თქმით, ნაწილობრივ აისახა დავებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. რაც შეეხება მმართველი პარტიების ნოვაციებს, კაციტაძის განცხადებით, მას პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დაჭირდებოდა გარკვეული დრო. ბატონმა მამუკამ მმართველ პარტიას მიმართა კითხვით შეიძლებოდა თუ არა შეხვედრის დამსწრეთ ჩაეთვალათ, რომ არის თემები რომელშიც  მმართველი პარტია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ხომ არ მიიღებდნენ წინადადებას ამ საკითხებზე მათი პოზიციის წარდგენამდე გახსნილიყო დისკუსია. ამის პასუხად, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ემხრობოდა იმ საკითხებზე, რომელზეც პოზიციები შეხვედრის დასაწყისში არ წარადგინეს. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ინტერესშია ყველა საკითხზე დისკუსიის გამართვა და შეთანხმების მიღწევა.
მსგავსი პოზიცია გაიზიარა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა დავით უსუფაშვილის კითხვაზე, როდის იქნებოდა მმართველი პარტია მზად გაეცნო პოზიციები და მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებზეც ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ბატონმა პავლემ დაადასტურა, რომ შიდაპარტიული განხილვებისას საუბარი ამ საკითხებზე გაიმართა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემებზე მმართველი პარტიის პოზიციები ემთხვევა მოქმედ კანონმდებლობას, სამუშაო შეხვედრისას მხოლოდ ის მოსაზრებები წარადგინეს, რომელსაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებად განიხილავენ. კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა მმართველი პარტიის პოზიციების შეცვლა, ბატონმა პავლემ დასძინა, რომ პროცესის დინამიურობიდან გამომდინარე შესაძლებელია პოზიციების შეჯერება. დავით უსუფაშვილმა მიმართა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რათა მათ სიცხადე შეეტანათ ერთ საკითხში: წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პასუხი ნოემბერ-დეკემბერში ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ პრეზენტაციებზე თუ ეს იყო მმართველი პარტიის პირველადი პრეზენტაცია, რომელიც 2,5 თვის დაგვიანებით გაკეთდა. პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შინაარსობრივად წარმოდგენილი წინადადებები შეიძლება მიჩნეულიყო, როგორც მმართველი პარტიის პრეზენტაცია და ხედვა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზენტაციების გაკეთების ეტაპზე უარი განაცხადა საკუთარი ხედვების წარმოდგენაზე და, შესაბამისად, დიალოგის ამ ეტაპზე მათგან პირველ რიგში ელოდება პასუხებს ოპოზიციის შეთავაზებებზე, თუმცა მზად არის განიხილოს მმართველი პარტიის მიერ დღეს წარმოდგენილი წინადადებებიც. შეხვედრის მიწურულს, ამავე საკითხს შეეხო თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით, მოსალოდნელი იყო თუ არა მომავალ შეხვედრებზე  მინიშნების ფორმით მაინც ყოფილიყო დაფიქსირებული მმართველი პარტიის პოზიციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ მიერ წარმოდგენილ წინანდადებებში არ იქნა გათვალისწინებული. ბატონმა აკაკიმ გაიმეორა, რომ მათი პოზიცია მოქმედ კანონმდებლობას ემთხვევა. მისივე თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან პოზიციებში სიახლეები და ცვლილებები შესაძლებელია და იგივე მოლოდინი არსებობს ოპოზიციური პარტიებისადმი. ბატონი აკაკის თანახმად, შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციით და კონტაქტით უნდა განსაზღვრულიყო მიმართულებები, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიები მმართველი პარტიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს გაანალიზებდნენ.
ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა იკითხა, ითვალისწინებდა თუ არა მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული მანდატების გაზრდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. მინაშვილის პასუხის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მანდატების რაოდენობის გაზრდაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდება, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი იქნება.
შემდეგ სიტყვა ითხოვა ჩვენ თვითონ-ის წარმომადგენელმა ლევან გაბრიჩიძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეხმიანებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წინადადებების ზოგადი ხასიათის გამო გაუგებარი იყო მსჯავრდებულებს უფლება ექნებოდათ თუ არა მაჟორიტარების არჩევის უფლება, რაზეც ბატონმა პავლემ მიუგო, რომ სავარაუდოდ მაჟორიტარულ არჩევნებზე მონაწილეობის უფლება მსჯავრდებულებს არ ექნებოდათ. რაც შეეხება ბატონი გაბრიჩიძის პირველ შეკითხვაზე პასუხად, ბატონი აკაკის განცხადებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კონრეტულ მექანიზმებს არ შეიცავს და ის უბრალოდ მიუთითებს, რომ უნდა გათანაბრდეს ხმების ფასი.
შეხვედრის დასასრულს, ბატონმა მამუკა კაციტაძემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართა კითხვით, თუ რა არის ის საშუალო მაჩვენებელი, საიდანაც აითვლება 10-15%-იანი ცდომილება მანდატის წონის განსაზღვრისას. კითხვაზე პასუხად, ბატონმა პავლემ მიუგო, რომ 10-15%-იან ცდომილებასთან დაკავშირებულ პრობლემას მმართველი პარტიის წინადადება სრულად არ ამოწურავს, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს განსხვავებას.
შეხვედრისას მაგიდის მონაწილეთა მხრიდან ასევე გაჟღერდა იდეა ჩატარებულიყო 2-3 დღიანი გასვლითი ღონისძიება. იდეას მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა პავლე კუბლაშვილმა. თუმცა, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის ბატონი ბიძინა გუჯაბიძის მოსაზრებით, ასეთ შეხვედრებს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ დაესწრებოდა. შესაბამისად, მან ეჭვქვეშ დააყენა გასვლითი ღონისძიების ეფექტურობა. მსგავსი აზრი გამოთქვა ბატონმა მამუკა კაციტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავს იდეას მხარს დაუჭერდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრების გამჭვირვალობა იქნებოდა დაცული.
ბატონმა პავლემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელი იყო საკითხების კენჭისყრაზე ერთიანად გატანა. რაც, გაიზიარა ბატონმა მამუკა კაციტაძემ და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა თითოეული საკითხის არსებითი განხილვის დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ საკითხების ერთიანად გატანა კენჭისყრაზე.
შეხვედრის დასასრულს თავმჯდომარემ ამცნო მონაწილეებს, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 23 მარტს ცესკოში 15:00 სთ-ზე. მომდევნო შეხვედრას დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი. მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები:
·         ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია.
 საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         აკაკი მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი მელაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         პაატა საყვარელიძე, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         ბიძინა გუჯაბიძე, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         ზურაბ ტყემალაძე, მრეწველები
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         გრიგოლ ჯოჯუა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         მამუკა ხიმშიაშვილი, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე, ჩვენ თვითონ
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია
·         ირაკლი მელაშვილი,  მოწვეული ექსპერტი
·         ნანა ციკოლია, დემოკრატიული პარტია
·         კონსტანტინე ფორჩხიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
·         ეკატერინე კაპანაძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
·         ნიკოლოზ ჯავახიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, NGNI, TI, Political Research Center, Democracy Center, Union "Free Choice", Journalists’ Initiative Group.
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, Council of Europe – Venice Commission, NIMD, US Embassy, NATO

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.