ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia
შეხვედრის ადგილი – ცესკო
30 მარტი, 2011
ოქმი #10
2011 წლის 30 მარტს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
დადგენილი წესის თანახმად, შეხვედრას თავმჯდომარეობდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ბატონი ლევან ვეფხვაძე.
შეხვედრა, დადგენილ დროს ბატონმა ლევანმა გახსნა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს წინა შეხვედრის ოქმი ხელმოსაწერად წარუდგინა. მისი თქმით, ჯგუფის მონაწილე 17 პარტიიდან წარმოდგენილი არ იყო11პარტია და ამ 11-დან 7 პარტიის არყოფნა მათი წინასწარ განცხადებული პოზიციით იყო განპირობებული, დანარჩენი 4 პარტიის არყოფნის შესახებ კი, უმჯობესი იქნებოდა თუ გაირკვეოდა სანამ შეხვედრის ჩატარების საკითხს გადაწყვეტდნენ. „ჩვენ თვითონ“ -ის წარმომადგენლის, ლევან გაბრიჩიძეს აზრით, სხდომის გაგრძელება აუცილებელი იყო ნებისმიერ შემთხვევაში. მსგავსი მოსაზრება გაიზიარა, კონსტანტინე ფორჩხიძემ და განაცხადა, რომ უპრიანი იქნებოდა მსჯელობა იმავე რეჟიმში გაგრძელებულიყო მიუხედავად ზოგიერთი პარტიის ბოიკოტისა. პასუხად, შეხვედრის თავმჯდომარემ მიუგო, რომ გასარკვევი იყო მხოლოდ დანარჩენი 3-4 პარტიის არყოფნის მიზეზი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წესდება შეხვედრების ქვორუმით ჩატარებას არ ითვალისწინებდა, შეხვედრის გაგრძელებისთვის პარტიების გონივრულობასთან მიახლოებული ოდენობა აუცილებელი იყო. შეხვედრას 5 წუთიანი შესვენების დროს შემოუერთდა პარტია მრეწველების წარმომადგენელი, მოგვიანებით კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული პარტია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა შეკითხვით მიმართა შეხვედრის თავმჯდომარეს, აპირებდა თუ არა ის 8 პარტიის ერთობის სახელით გაცხადების გაკეთებას. ბატონმა ლევანმა მიუგო, რომ განცხადება გასულ ოთხშაბათს 8 პარტიის ერთობის მიერ გაკეთდა და დაზუსტებას აღარ საჭიროებდა, ხოლო მისი როლი შეხვედრაზე მხოლოდ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებით შემოიფარგლებოდა.  
ბატონი პავლეს განცხადებით სამწუხაროა, რომ 8 პარტიის ერთობას სურვილი აქვს ისეთ პოზიციაზე მიაღწიონ მმართველი პარტიის თანხმობას, რაზეც ვერასდროს მოხდება შეთანხმება - ანუ მოხდეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებისთვის საქართველოს პარლამენტში პირდაპირი წარმომადგენლის ყოლის უფლების ჩამორთმევა. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოიკოტი აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია დიალოგის იმ ფორმატისთვის, რომელშიც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ბატონი კუბლაშვილის სიტყვის შემდეგ, დისკუსიაში ჩაება ლევან გაბრიჩიძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ფორმატის გაგრძელების  სამი ვარიანტი შეთავაზა: (1) შეხვედრების არსებულ ფორმატში დასრულება, (2) რვა პარტიის ერთობის მოსაზრებების გაგებამდე შეხვედრების გადადება, (3) შეხვედრის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება და საბოლოოდ შეჯერება იმ შეთანხმებაზე რაც ხელისუფლებასთან მოხდა. თავად გაბრიჩიძე მესამე ვარიანტს  მიემხრო და განაცხადა, რომ პარტიების ბოიკოტს ნაკლები აზრი ჰქონდა, რადგანაც მმართველი პარტია მაინც მოახერხებდა ნებისმიერი კანონის მიღებას. ბატონმა ლევანმა, მსგავსი აზრი  მოგვიანებითაც განავრცო და  გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ 2-3 შეხვედრა ჩატარებულიყო, რათა არასაპარლამენტო პარტიებს საზოგადოების წინაშე შეძლებოდათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
პარტია თავისუფლების წარმომადგენლის, მალხაზ გორგასლიძის თქმით, მიუღებელია რვა პარტიის ერთობის დამოკიდებულება პროცესისადმი და არსებულ ფორმატში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. იგივე აზრი გაიზიარა კონსტანტინე ფორჩხიძემ. ფორჩხიძის თანახმად, მიუხედავად მათი მკვეთრი პოზიციისა მმართველი პარტიის წინადადებების მიმართ და 8 პარტიის ერთობის წინადადებებთან მათი მოსაზრებების მსგავსებისა, საკუთარ წილ პასუხისმგებლობას გვერდზე ვერ გადადებდნენ და არსებულ ფორმატში გააგრძელებდნენ მუშაობას. ბატონი კონსტანტინეს თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, მომავალი არჩევნები გადაუმოწმებელი სიებით და მოქმედი საარჩევნო კოდექსით ჩატარდებოდა. იდენტური მოსაზრება გამოთქვა მოძრაობა სამართლიანი არჩევნებისთვის მეორე წარმომადგენელმა ზაზა სვანაძემ. მისი განცხადებით, შანტაჟის ენით საუბარი პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებში არ ჯდებოდა და მოლაპარაკებისას აუცილებელი იყო ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა.
ამის შემდეგ, საუბარი განაგრძო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ. ბატონი ლევანის თანახმად, პოლიტიკური პროცესისთვის კალაპოტის მიცემის ისტორიული შანსის გამოყენების მიზნით, აუცილებელი იყო მმართველი პარტიისა და 8 პარტიის ერთობის მკვეთრი პოზიციების დაახლოება. მანვე დასძინა, რომ კონსენსუსის მოსაძებნად ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია მზად არის პარტიის სახელით შუამავლის როლი შეასრულოს 8 პარტიის ერთობასა და მმართველ პარტიას შორის და საპარლამენტო პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის. ბატონი ლევანის თანახმად, პოზიციების მოსასინჯად, დასაშვები იყო კულუარული მოლაპარაკებების გამართვაც, რადგანაც მოლაპარაკების არსებული ფორმატი შედეგის მომტანი ვეღარ იქნებოდა. ბატონმა პავლემ მიუგო, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციების შემდგომ შექმნილიყო დოკუმენტი და თუ პარტიებს სურვილი ექნებოდათ, ნებისმიერ მათგანს შეეძლებოდა შემოერთება და დოკუმენტის დახვეწაში მონაწილეობის მიღება. ამ საკითხის თაობაზე, შეხვედრის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მანამ სანამ კონკრეტული პოლიტიკური კონსენსუსისკენ არ დაიძვრებიან, დოკუმენტის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. მისივე აზრით, მსგავსი დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს პარტიების პოზიციების კონსენსუსს.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ გასულ შეხვედრაზე წარმოდგენილ წინადადებებში მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს და შეკითხვით მიმართა პავლე კუბლაშვილს უპასუხებდა თუ არა სრულად ოპოზიციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს მმართველი პარტია. შეკითხვაზე პასუხად, ბატონმა პავლემ განაცხადა, რომ პროცესის ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელების შემთხვევაში, მმართველი პარტია მზად იყო საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა საკითხების მიმართ და პოზიციები დაეახლოებინა. მისივე თქმით, მაშინ როცა მმართველი პარტიის პოზიციების მოსმენის შემდეგ 8 პარტიის ერთობამ მოლაპარაკებები დატოვა, მსჯელობის იმავე ფორმატით გაგრძელება შედეგიანი აღარ იქნებოდა. კუბლაშვილის აზრით, პრობლემიდან გამოსავალი მოლაპარაკებების ინდივიდუალური კონსულტაციის გზით გაგრძელება იყო. ბატონმა პავლემ დასძინა, რომ ამგავრი კონსულტაციებით იმდენად უნდა დაახლოვებულიყო პოზიციები, რომ ერთიანი დოკუმენტზე საუბარი გამხდარიყო შესაძლებელი. სიტყვის დასასრულს, კუბლაშვილმა დასძინა, რომ მიუხედავად ბოიკოტისა და მსჯელობის შეწყვეტისა, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა ყველა შემთხვევაში გაიმართებოდა.
ინდივიდუალური მოლაპარაკებების თემა განავრცო შეხვედრის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე პარტიები შეთანხმდნენ მსგავსი ტიპის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვაზე, თუმცა მისი თქმით, სამწუხაროდ ეს გეგმა არ განხორციელდა და ამაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი მმართველ პარტიას დააკისრა. პარტია ჩვენ თვითონ-ის წარმომადგენლის ლევან გაბრიჩიძის თქმით, კი აუცილებელია ინდივიდუალური მოლაპარაკებები საჯაროდ ჩატარდეს და საზოგადოება მსჯელობის შესახებ იყოს ინფორმირებული. იგივე აზრი გააჟღერა პარტია თავისუფლების წარმომადგენელმა მალხაზ გორგასლიძემ. მისი თქმით ყველა მოლაპარაკება საჯაროდ და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რადგანაც მმართველ პარტიასთან გამართულ ფარულ მოლაპარაკებებს საზოგადოებაში აუცილებლად მოყვება არაერთგვაროვანი გამოხმაურება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებულ ფორმატში ოპოზიციური პარტიების ერთიანი ფრონტით გამოსვლა საბოლოო შედეგებზე საზოგადოების ნდობას საგრძნობლად აამაღლებდა. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება გააკეთა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის წარმომადგენელმა კონსტანტინე ფორჩხიძემ. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბებულიყო საერთო წინადადებებზე.
შეხევდრის მიწურუწლს პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის მოლაპარაკების ფორმატს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მმართველი პარტიის ძირითადი მიზანი პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაა. ბატონმა პავლემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია გააგრძელებს დიალოგის პროცესში მოქნილ პარტიებთან მოლაპარაკებას და შეეცდება ზოგიერთ პოზიციასთან დაკავშირებით მათი მიდგომების დაახლოებას.
ამის შემდეგ, შეხვედრის თავმჯდომარემ ამცნო მონაწილეებს, რომ დღის წესრიგის პრაქტიკულად არარსებობის გამო შეხვედრა დასრულებულად ცხადდება.
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი მელაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე, ჩვენ თვითონ
·         ირაკლი მელაშვილი,  მოწვეული ექსპერტი
·         ნანა ციკოლია, დემოკრატიული პარტია
·         კონსტანტინე ფორჩხიძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
·         ზაზა სვანაძე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, NGNI, TI, Democracy Center.
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, MEMO 98, NIMD, US Embassy, British Embassy

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.