ავტორი ნინო კომახიძე
ვინაა ,,ექვსიანის'' ,,ნაჩალნიკი'', რატომ არ ეყოლება ერთი ლიდერი სამოქალაქო მოძრაობას და რატომ აღარ უჭერს მხარს არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ქართული აკადემია
რეჟისორი ნუკრი ქანთარია გაკოალიციებულ ,,ექვსიანს'' რეჟისურას უწუნებს. თამამად შეიძლება ითქვას, ,,ექვიანისა'' და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების რუტინულ გზას ქართულ აკადემიაზე გულმხურვალე მხარდამჭერი არავინ ჰყავს, ამიტომ, ალბათ, 8 ივლისს, შეხვედრა მართლაც უფრო ეფექტური იქნებოდა, სამოქალაქო სექტორი ფასადურად რომ არ შეეგროვებინათ კალათბურთის სასახლეში და აკადემიისთვის ცოტა მეტი დაეჯერებინათ. როგორ აფასებს დასრულებულ პოლიტიკურ სეზონსა და ,,ექვსიანის'' მიერ ახლის დაწყების მცდელობას და რატომ აღარავის უჭერს მხარს კონკრეტულად _ ,,ვერსიას'' ნუკრი ქანთარია ესაუბრება:
_ დღეს კმაყოფილი ხალხი საერთოდ არ არსებობს. ხელისუფლება ისეთი სისწრაფით, უმუხრუჭოდ მიგვაქანებს, რომ ბოლო გაჩერება ჯოჯოხეთი იქნება, თუ მანამდე გონება ან იმათ არ გაუნათდათ, ან ოპოზიციამ არ დაიწყო მობილიზაცია. რელიგიების აღიარების თემა ,,ექვსიანთან'' შეხვედრაზე მთავარი რომ ყოფილიყო, მერე თვითშემოქმედებასაც ექნებოდა ადგილი, რაც ნამდვილად არ იყო საჭირო. მით უმეტეს, მუხრუჭები ყველას მოეშალა და ქვეყანას ახალი, ჯაშუშომანიის სენი შეეყარა. ეს პარანოიაც აღარაა, ქრონიკული შიშია, რომ ყველა აგენტია. სააკაშვილს მართლა გულწრფელად სჯერა, რომ ყველა ადამიანში და ყოველ ბუჩქში სნაიპერი იმალება.
_ ჩვენ ,,ექვსიანს'' მივხედოთ. ,,მარიოტში'' დაპირება მივიღეთ, ჩვენი გეგმის შესახებ 8 ივლისს, კონკრეტულად ვისაუბრებთო. ახალი და კონკრეტული ამ შეხვედრაზე რა მოისმინეთ?
_ დიდი ხნის განმავლობაში ვურჩევდი, ორი პიჯაკი უნდა გქონდეთ, ერთი ჰასლტუხით, მოსალაპარაკებლად და მეორე _ სამხედრო ფარაჯა, ხალხთან გასასვლელად-თქო. ჯერ პატარა დარბაზებიდან დიდში უნდა გადაენაცვლათ, მერე ქუჩებში, სოფლებში. 8 ივლისიდან ეს პროცესი დაიწყო, ვისთვის კარგად, ვისთვის, ჯერჯერობით, არცთუ საინტერესოდ, მე კი მგონია, მართლა გაჩნდა რაღაც ახლის შესაძლებლობა და გაჩნდა მიზანიც. დარჩენილი 6 პარტიიდან კიდევ ორს მაინც ხელისუფლებისთვის ხელი რომ მოეწერა, პოლიტიკური ველი სრულიად ხრიოკი გახდებოდა, აღარც პერსპექტივა იქნებოდა და ისევ მომლოდინე რეჟიმში დავრჩებოდით, აბა, რას გადმოგვიგდებენო. ის ცვლილებები კი, რაც მანამდე გადმოაგდეს, არც ძვალი იყო _ არც კაკალი.
_ ახლა კითხვაზეც მიპასუხეთ.
_ 8-ში ,,ექვსიანმა'' თავისი ერთობის დემონსტრირება სცადა. ერთადერთი სიახლე კი ის იყო, რომ პოლიტიკურ ველს კოალიციად მოევლინენ და არა მხოლოდ ერთ თემაზე შექმნილ გაერთიანებად. თუმცა, ვამბობდი და ვურჩევდი, სამოქალაქო მოძრაობის ნაცვლად, სახელად ,,ფრონტი'' შეარჩიეთ-მეთქი. ახლაც ვიმეორებ, სახელი არასწორად მიმაჩნია. ფრონტი უფრო მეტად ასოცირდება ბრძოლასთან, ხოლო მოძრაობა
_ ზოგადია, ის შეიძლება ვიწროპარტიულადაც იქნას გაგებული. მით უმეტეს, ნაციონალური მოძრაობა გვყავს უკვე.
_ და არა მარტო. ისევ ,,ექვსიანის'' ანონსს მივუბრუნდეთ, რომლის მიხედვით უნდა გაგვეგო, როდის და რომელ რეგიონში აპირებდნენ ჩასვლას. არც ეს გაუჟღერებიათ.
_ იცით, ეს გასვლებიც აზრიანი უნდა იყოს, თორემ რომ გახვიდე, სადმე ჩახვიდე, ბირჟაზე დადგე, ორ კაცს დაელაპარაკო და მერე თქვა, რეგიონში ვიყავიო, არაფერს ნიშნავს. ეს ხმაურიანი გზა უნდა იყოს, ერთ სოფელში რომ ჩავლენ, მეორე სოფელმა უნდა გაიგოს.
_ ვიცი, ,,ექვსიანთან'' კონკრეტული შეთავაზებები გქონდათ, რომელთა ნაწილი გაუზიარებელი დარჩა. სწორედ ის მაინტერესებს, რაც არ გაიზიარეს.
_ არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ მათი მრჩევლები ვართ.
_ მერედა, მათი მრჩევლები და მხარდამჭერები არა ხართ?
_ მოვუწოდებ, ეს ბრძოლა ფრონტს შინაარსით მაინც დაამსგავსონ, სახელი თუ არ დაარქვეს. ბოლოს საარჩევნო ყუთთან გავალთ, თუ სად წავალთ, ამას უკვე დრო აჩვენებს. ახლაც მაქვს მათთან კითხვა, რას იზამს ,,ექვსიანი'', თუ ხელისუფლება არ დაელაპარაკება და არაფერს შეცვლის? და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. ამიტომაა საჭირო მიზნის გაფართოება. ეს ფრონტი სალონებში არ უნდა დარჩეს. პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ 8 ივლისის შეხვედრას რეჟისურა აკლდა. ეტყობოდა, მეტწილად, ნაჩქარევი იყო. მისი ვიზუალური მხარეც კი სპონტანური, იქვე გაკეთებული გამოვიდა და გაანალიზებული არ ყოფილა. დასასრულიც და დასაწყისიც ბევრად ეფექტური უნდა ყოფილიყო. თან, კალათბურთის დარბაზში იმდენი ხალხი ნამდვილად იყო, ბოლო წერტილი ზარების შემოკვრა, ქალაქში გასვლა და მანიფესტაცია ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ლოკალურად დასრულდა და ეს ცოტა მაკვირვებს. მართლა უკეთესი ღონისძიების გაკეთება შეიძლებოდა. ,,ექვსიანის'' ნაბიჯები მარტო სწორი კი არა, შთამბეჭდავიც უნდა იყოს. ესაა ჩემი მუდმივი რჩევა მათდამი. ხან სიცხე იქნება, ხან _ სიცივე, მაგრამ როცა ამხელა მიზანი გაქვს დასახული და მილიონი ხმის მოპოვებას აპირებ, ომში ბოლომდე უნდა შეხვიდე. არც გამოსვლები უნდა ყოფილიყო ამდენი, ხალხს პათეტიკა მობეზრდა, ახლა ქმედებებია საჭირო. გეგმაც უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოეყალიბებინათ. მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე არ ვარგოდა, ცუდები არიანო, რომ ვიძახოთ, მაშინ დავსხდეთ სახლებში და ან პროცესს შევეგუოთ და შევეზარდოთ, ან ინფარქტი მივიღოთ. რაც მთავარია, აქცენტი ,,წადი, წადი''-ზე კი არა, ახლის მოსვლის პერსპექტივაზე უნდა გაკეთდეს. _ ,,მიშა მოვედი''? ეს ხომ გაჩეჩილაძის გავლილი გზაა? ან ვინ სად მოვიდა?
_ არა, არავითარი ,,მოვედი'', უბრალოდ, ამ უსიერ ტყეში ბილიკი უნდა გაიკაფოს, რომელიც საარჩევნო ყუთთან გადის.
_ და ამ ბილიკზე ორი ფრონტი გამოკვეთეს: ერთი კოალიცია, ,,ექვსიანის'' სახით და მეორე სამოქალაქო ნაწილი, რომელსაც ლიდერი არ ჰყავს. თქვენ თუ შემოგთავაზეს ამის ხელმძღვანელობა? რამდენადაც ვიცი, ასეთი წინადადება რამდენიმე ადამიანმა მიიღო და ყველამ უარი განაცხადა.
_ არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა და არ მივიღებდი, რომც ყოფილიყო.
_ რატომ?
_ არა მგონია, ეს სწორი იყოს. საზოგადოებას ერთი ,,ნაჩალნიკი'' რომ აერჩია, ის სავარძელში ჩამჯდარიყო, სიტუაცია ემართა და ეძახა, შენ იქით წადი, შენ აქეთ წამოდიო, სასაცილოც იქნებოდა და სახალხო კრების ანალოგიც გამოვიდოდა. მერე დაიწყებოდა აღმასრულებელი სტრუქტურებისა და კომიტეტების შექმნა, არადა, ეს პროცესი ახლახან გავიარეთ და ვერსადაც ვერ მივედით. წარმოიდგინეთ, ექვსი პარტიული ლიდერია, გვერდში ვიღაც მეშვიდე რომ ამოუდგეთ, ხომ იკითხავთ, ვინ არისო. გიპასუხებენ _ ხალხის კრებით სახეს გამოხატავსო და ესეც სასაცილო იქნება.
_ რა ვიცი, თქვენი პოლიტიკური რჩეულის ფორმულაც ეგ არის. ისე, 6-იანშიც იკვეთება ერთი ,,ნაჩალნიკი'', ალასანიას სახით. ბოლო დროს შეხვედრას ან ხსნის, ან _ ხურავს, მთავარ სათქმელსაც მას ანდობენ. ასე რატომ ხდება?
_ ლიდერთა ამ კრებულში ალასანია, მათი ნებაყოფლობით, შესაძლოა, ორგანულად გამოიკვეთოს, აბა, ძალით კი არ გამოვარდნილა. ეს თუ შტაბია, ბუნებერივია, მას თავისი წარმმართველი უნდა ჰყავდეს.
_ და იმის თქმა გინდათ, სადაც, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეა, იქ ალასანია ორგანულ ლიდერად იკვეთება?
_ გაშუქებებს ვერ დავიწყებთ და ამ ხალხს რენტგენში ვერ გავატარებთ. რეალურად რომ შევხედოთ, ალასანიას გაცილებით მეტი პერსპექტივა ჰქონდა, უცხოეთთანაც მეტი გზა და კონტაქტები აქვს, თან პოლიტიკაში შედარებით ახალი სახეა.
_ თუმცა, ძველებზე არანაკლები შეცდომის დაშვება მოასწრო.
_ შეცდომებიც აქვს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე, ალიანსმა ნორმალური შედეგი აჩვენა. ჯერჯერობით, ,,ექვსიანში'' სახელოზე ქაჩვა არ მიდის, შენ წინ წადი, შენ _ უკან დაიწიეო და ეს იმედს მაძლევს, რომ პროცესი სწორად განვითარდება. გამხნევება ჩემგან უკვე ბევრჯერ მიიღეს და მაამებლობას ნამდვილად არ ვაპირებ!
_ რიტორიკა შეგიცვლიათ, ქართული აკადემია კონკრეტულად ერთი ძალის მხარდამჭერად ასოცირდებოდა. თუმცა ის პერიოდიც მახსოვს, როცა ამას ნანობდით, ახლაც ასეა?
_ ალასანიას მხარი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთში დავუჭირეთ და ისიც მაშინ, როცა მერის კანდიდატურა ოპოზიციიდან ერთი უნდა ყოფილიყო. ახლა მარტო პროცესის მხარდამჭერები ვართ და არა კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის. ყველას ყელში აქვს გაჩხერილი ის რაგბის ბურთი, რომელიც ალასანიას კალათბურთის სასახლეში გადავეცი. მაშინვე ვთქვი და ვიმეორებ, ამ ბურთის გამოყენება გაცილებით აქტიურად შეეძლო. დიახ, საარჩევნო პროცესში, ნებით თუ უნებლიედ, ბევრი შეცდომა დაუშვა. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, შეცდომებს ვერ ვხედავ, რადგან იმ ქაღალდს ხელი არ მოაწერა.
_ და არ სვამთ კითხვას, რატომ არ მოაწერა? 99%-ით სულ რომ კერკეტი კაკალი იყოს, 1%-ი ხომ არსებობს, ბაქრაძე-ქდმ-სა და კუბლაშვილიმემარჯვენეებისგან განსხვავებით, ალასანიაბოკერიასOშორის შეთანხმება არ შედგა და ის, უბრალოდ, ,,გადააგდეს''?
_ შესაძლოა, ალასანიას მოთხოვნები იყო არა კოსმეტიკური, არამედ ბოკერიასთვის მიუღებელი. თუ არადა, რას ითხოვდა, ერთის ნაცვლად ორ მილიონს? რატომ ვიმარჩიელოთ? მაშინ ისიც ვთქვათ, რომ ალასანიამ კაცი შეჭამა და დაუსრულებელ ეჭვებში გადავიდეთ. შედეგი ისაა, რომ ხელი არ მოაწერა და სხვა პარტიებთან ერთად ცდილობს რაღაცის შეცვლას. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, კონკრეტულად მხარს არავის ვუჭერ, მხოლოდ _ პროცესს. თავდებად ვერავის დავუდგები, შედეგი უნდა მაჩვენონ, მიზანი კი მომწონს. ეგრე არაა, ერთი თავდამსხმელი ავირჩიო, იმას გოლები ვერ გაჰქონდეს, მაგრამ მაინც ჯიუტად მომწონდეს. ეს აჩემებაა და სხვა არაფერი, ამიტომ ექვსივე ლიდერს თანაბრად ვგულშემატკივრობ. ამ ეტაპაზე კი პოლიტიკური სეზონი, თუ სააკაშვილი კიდევ რამეს არ გადმოაგდებს, დამთავრდა! მაგრამ ახლა ესენი დასასვენებლად თუ წავლენ, მართლა დამთავრებული ამბავი ყოფილა. პროცესი არ უნდა გაჩერდეს და ამან შედეგი ოქტომბერში უნდა გამოიღოს, სხვა გზა არც გააჩნიათ!