გაზეთი ”ვერსია”, 11.07.2011
ავტორი რუსუდან შელია

როდის ჩაერთვებიან ,,მრეწველები'' წინასაარჩევნო კამპანიაში და რომელ ოპოზიციურ პარტიასთან აპირებენ ბლოკში შესვლას?
 მმართველი პარტიის მიერ ,,რვიანისთვის'' გაკეთებული შეთავაზებები, შვიდ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ,,მრეწველებმაც'' დადებითად მიიღეს და ხელისუფლების წინადადებებს ხელი მოაწერეს. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება, რა შანსები აქვთ არჩევნებში და აპირებენ თუ არა წინასაარჩევნოდ რომელიმე პარტიასთან ბლოკში შესვლას, ამ საკითხებზე ,,ვერსია'' პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს'' ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა:  
  _ პირველ რიგში, იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ჩვენს ნაბიჯს არასწორს უწოდებს და კრიტიკულად აფასებს, მინდა ვუთხრა, რომ ,,მრეწველები'' ხელისუფლების შემოთავაზებას კი არ დათანხმდნენ, მმართველი პარტიის წინადადებებს მოაწერეს ხელი. მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. მივიღეთ სწორედ ის შეთანხმება, რასაც თვითონ ჩვენ ვითხოვდით. მმართველი პარტიის შემოთავაზებები სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგი იყო. ამაში მონაწილეობას იღებდა ,,რვიანიც''. ანუ, ჩვენ კი არ დავეთანხმეთ მმართველ პარტიას, ჩვენ დავითანხმეთ ისინი. 
_ იმის თქმა გინდათ, რომ ხელისუფლების შემოთავაზებები, რომლებსაც ექპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაკანონიერი და უზნეო უწოდა, თქვენი, ოპოზიციური პარტიების გამარჯვებაა? 
_ არ ვამბობ, რომ საუკეთესო შედეგია, მაგრამ ეს წინადადებები ჩვენთვის მისაღებია. თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობდა, მეტყვის, რომ მსგავსი წინადადებები თავიდანვე მიუღებელი იყო მათთვის, დოკუმენტალურად და მოწმეების დაყენებით შემიძლია საზოგადოებას დავუმტკიცო, რომ ისინი იტყუებიან. რატომ არ მოაწერა ამ შეთანხმებას დღევანდელმა ,,ექვსიანმა'' ხელი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემი შეფასებით კი, როგორც ჩანს, მათ მეტის მიღება სურდათ. ,,ყვავს კაკალი გააგდებინეო'' ხომ გაგიგიათ? რასაც მიაღწევ, ის დოკუმენტალურად უნდა გააფორმო, შემდეგ კი უფრო მეტი უნდა იმუშაო, რომ მეტს მიაღწიო. ან ყველაფერზე დამეთანხმე, ან არაფერზე _ ამ პრინციპით პოლიტიკოსის მოქმედება სწორი არ არის. 
_ ზოგიერთისთვის არც ის არის გამართლებული, ოპოზიციას თუ ხელისუფლება რეალურ დათმობებზე ვერ მოჰყავს, მისი შემოთავაზებული ნებისმიერი წინადადება მიიღოს. 
_ ვინც ასე ფიქრობს, ძალიან მცდარი შეხედულება აქვს, ზოგადად, პოლიტიკაზე. საარჩევნო კამპანია ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ოღონდ, არა წინასწარ, არამედ გარკვეული ბარიერის გადალახვის შემდეგ. ამ მაგალითის მოყვანით ხელისუფლებას კი არა, ჩემს თავს ვამართლებ. როცა ფინანსებზე ვსაუბრობთ, მოდით, გავიხსენოთ იმ ადამიანების უმრავლესობის პოლიტიკური წარსული, რომლებიც დღეს, თითქოს აქტიურ და მწვავე ოპოზიციაში არიან. მათი უმეტესობა ხომ ოდესღაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო?! ცოტა უხერხულია, როცა ის ადამიანები, ვინც სოროსის ჯიბიდან ფინანსდებოდნენ, ჩვენ მორალს გვიკითხავენ. უზნეობა სწორედ ეს არის. ჩვენზე როგორ უნდა ისაუბრონ იმ პოლიტიკოსებმა, ხელი როგორ მოაწერეთ ხელისუფლების შეთავაზებასო, როცა თვითონ ხელისუფლების ყველაზე აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და დამატებით კიდევ სხვა ქვეყნიდან, კერძოდ, სოროსიდან იღებდნენ დაფინანსებას. სხვათა შორის, გოგი თოფაძემ თქვა: ,,ოღონდ, ნუ მიეყიდებით სოროსს და სხვა ქვეყნებს და მე დაგაფინანსებთ''. ვიმეორებ, ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მორალს ჩვენ არ უნდა გვიკითხავდნენ. 
_ როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრში მსგავსი წამოძახილები და კინკლავი დაუსრულებლად გაგრძელდება, არა? 
_ მე რომელიმე პარტიაზე კონკრეტულად არასოდეს მისაუბრია. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს და აფასებს. ოპოზიციის კინკლავი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ პასუხის გაუცემლობაც ჩვენგან არასწორი იქნება. სწორედ ამ ფონზე, არასწორად მიმაჩნია საუბრები ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის შეცვლაზეც. ითქვა, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლებაო. კარგად წაიკითხონ კანონი და მსგავსი შეფასებები შემდეგ გააკეთონ. 
_ ახალი შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული თანხა ხომ ანაზღაურდება? თქვენ არ გაქვთ იმედი, რომ ბარიერს გადალახავთ? 
_ ვფიქრობ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი გვაქვს. ამის მაგალითი თუნდაც გასული წლის არჩევნები იყო, როცა 4,6% ავიღეთ. მას შემდეგ მართლაც ბევრი რამ მოხდა და გარწმუნებთ, კიდევ ბევრი რამ მოხდება. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლებისა და მხარდაჭერების ერთგულების გვჯერა. 
_ რომელიმე პარტიასთან ბლოკში შესვლას ხომ არ გეგმავთ? როგორც წესი, ,,მრეწველები'' წინასაარჩევნო პერიოდში ბლოკში ერთიანდებით ხოლმე. ,,ახალი მემარჯვენეები'', ალბათ, უნდა გამორიცხოთ, რადგან ისინი არც ერთ ბლოკში გაერთიანებას აღარ აპირებენ. 
_ ვინც ჩვენთან ყოფნის სურვილს გამოთქვამს, მათ წინადადებებს განვიხილავთ. სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, შევალთ ბლოკში რომელიმე პარტიასთან თუ არა. ვფიქრობ, ჯერ მაინც ნაადრევია ამ თემაზე საუბარი. 
_ ამბობენ, რომ შესაძლოა, ედპ-სთან გაერთიანდეთ? 
_ ამ ინფორმაციას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მათთან ერთად ბლოკში ნამდვილად არ ვიქნებით. ჯერჯერობით, დამოუკიდებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არჩევნებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ამომრჩევლებს ხელისუფლების რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ.  

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.