ავტორი მაგდა პოპიაშვილი
გამოქვეყნდა გაზეთ ”რეზონანსში”, 28.07.11
“smartmatic”-ს საქართველოში ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა აღრიცხვა 4-6 თვეში შეუძლია და რვიდან ათ მილიონ დოლარამდე დაჯდება, - ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში, ფრანსუა დოფინმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. 

ეს განცხადება, პრაქტიკულად, მთლიანად აქარწყლებს ხელისუფლების სკეპტიკოსი წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამომრჩეველთა აღრიცხვას 7 წელი და 120 მილიონი დოლარი სჭირდება. ასეთი კალკულაცია უმრავლესობის წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. ოპოზიციამ კუბლაშვილისეული ანგარიში ორ დღეში ”ჩამოჩოთქა”, თანხა გაამეოთხედა, დრო კი რამდენიმე თვეზე ჩამოიყვანა. 

მოგვიანებით ხელისუფლებამ თქვა, ამ არჩევნებისთვის ბიომეტრიული აღრიცხვა მხოლოდ თბილისში თუ მოესწრებაო და ოპოზიციას ბიომეტრიული მონაცემებით არჩევნების ჩატარება მხოლოდ თბილისის მასშტაბით შესთავაზა. ოპოზიციამ, ცხადია, ამ წინადადებაზე უარი თქვა. მიზეზი მარტივია - თბილისი გაყალბებული რეგიონების საპირწონე ვერ იქნება. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხების შემდეგ ბიომეტრიაზე საუბარი, პრაქტიკულად, შეწყდა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, შემოდგომიდან ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ გააქტიურდება. გარდა იმისა, რომ საკითხის გააქტიურებას ახლადშექმნილი კოალიცია ”თავისუფალი არჩევანი” (ე.წ. ”ექვსიანი”) გეგმავს, კიდევ არსებობს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში, 130 ათას ხელმოწერაზე უარის თქმის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატებმა შეიტანეს. უნდა თუ არა დღეს ხელისუფლებას ან მასთან ”შეთანხმებულ” ოპოზიციას, კანონპროექტი პარლამეტში შესულია და მისი განხილვა მაინც მოუწევთ.  
გარდა ზემოთ ნახსენები პრობლემისა, ხელისუფლება კიდევ რამდენიმე საკითხს გამოყოფს, რომლის მოგვარებასაც ეჭვის თვალით უყურებს. თუმცა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი იმ კომპანიას გაგაცნობთ, რომელიც მზად არის, სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში, საქართველოში შემოვიდეს და სრულად უზრუნველყოს როგორც ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა სიის შედგენა, ისე ამავე მონაცემების გამოყენებით თავად არჩევნების ჩატარება და მთელ ამ პროცესში ჩართული ადამიანების დატრენინგება.  

“cmartmatic”, რომელიც არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, 2000 წელს დაარსდა. ამ დროისთვის მისი წარმომადგენლობები ფუნქციონირებს აშშ-ში, ბრაზილიაში, ვენესუელაში, ბარბადოსში, პანამაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰოლანდიაში, ფილიპინებსა და ტაივანში.

2004 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში ბიომეტრიული პარამეტრებით ელექტრონული საარჩევნო სიების შექმნისა და ელექტრონული არჩევნების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფაში. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსუა დოფინმა გვითხრა, კომპანიის ტექნიკური მომსახურებით ისარგებლეს ამერიკის, ვენესუელის, ბოლივიის, ფილიპინების, ზამბიის, მექსიკისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა. 

მთავარი პრობლემა - დრო და ფინანსები

როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლება ბიომეტრიის უარყოფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დღემდე დროს და ფინანსებს ასახელებს. რადგან ოპოზიციის კალკულაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ნაკლებდამაჯერებელია, ”cmartmatic”-ის ვიცე-პრეზიდენტს მივმართოთ.

ფრანსუა დოფინის განცხადებით, საქართველოში ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა აღრიცხვა გაცილებით იოლია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მათ უმუშავიათ. ”საქართველო ტერიტორიულად არ არის ისეთი რთული, როგორიც ზოგიერთი ის ქვეყანა, სადაც ჩვენ გვიმუშავია. თქვენ არ გაქვთ კუნძულები და მიუვალი ტერიტორიები, შესაბამისად, ჩვენი აპარატურის ჩატანა არ გაჭირდება”, - გვითხრა მან. ის იხსენებს ფილიპინებს, სადაც ბიომეტრიული მონაცემებით არჩევნები 2010 წელს ჩატარდა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა მთლიანად ”smartmatic”-მა ითავა.

ფილიპინებში, რომლის მოსახლეობაც 94 მილიონია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყნად ითვლება, ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვა ნახევარ წელიწადში დასრულდა. "smartmatic"-მა აღრიცხვისთვის საჭირო აპარატურა 6 ათას კუნძულზე ნავებით, მოტოციკლეტებით, ცხენებითა და სახედრებით ჩაიტანა. ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 ათას 200 აპარატი დაამონტაჟეს.

ბოლივიაში 5 მილიონი ამომრჩეველი ”cmartmatic”-მა 4 თვეში - 2009 წლის ივლისიდან ამავე წლის ოქტომრამდე აღწერა. 

ყველაზე დიდ დროს - 2 წელს - 100 მილიონი ადამიანის ID კარტებით აღჭურვას ”smartmatic” მექსიკაში მოანდომებს. პროექტი 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2012 წლის დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. 

რაც შეეხება საქართველოს, სადაც ოფიციალური მონაცემებით 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველია, ხოლო ოპოზიცია თითქმის მილიონით ნაკლებს ვარაუდობს, დოფინის გათვლებით, პროექტი 4-დან 6 თვემდე გასტანს. ”იმისათვის, რომ 4 მილიონამდე ამომრჩევლის ბიომეტრიული რეგისტრაცია ჩატარდეს, ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, 4-6 თვე დაგვჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული, ამიტომაც ტექნიკურად დიდ სირთულეებს არ უნდა წავაწყდეთ. 2-3 თვეშიც შეგვიძლია დასრულება, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს დავხარჯავთ”, - გვეუბნება ”smartmatic”-ის ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება ფინანსებს, რომლის მობილიზებაც საქართველოს მთავრობას ამ შემთხვევაში მოუწევს, დოფინის გათვლებით, ის 8-დან 10 მილიონ დოლარამდე იქნება. ”ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა მომსახურებას აირჩევს სახელმწიფო. გარდა ამისა, განსასაზღვრია, რა რაოდენობის ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდება. წინასწარი გათვლებით, მთელი მომსახურება - ტექნიკური აღჭურვილობა, მენეჯმენტი, ტრანსპორტირება და შესაბამისი ტრენინგები 10 მილიონ დოლარზე მეტი არ დაჯდება, შესაძლებელია, უფრო ნაკლებიც დაჯდეს და ეს დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა ქვეყანაში რაიმე ბაზა, თუ ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს”, - განგვიცხადა ფრანსუა დოფინმა.

ხელისუფლებამ საარჩევნო სიების გასუფთავებაზე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე 1 200 ათასი ლარი დახარჯა, როდესაც წინასაარჩევნოდ პარტიებს სიების გადასამოწმებლად 100-100 ათასი ჩამოურიგა. სიები ამგვარი მეთოდით რომ არ სწორდება, ეს მათაც კარგად იციან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსგავს მეთოდზე უარს არც ამჯერად ამბობენ და ოპოზიციასთან ერთად მორიგი ”ჩისტკის” ჩატარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც გეგმავენ. ეს შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საშემოდგომო სესიაზე ”საარჩევნო კოდექსში” აისახება და საქართველოს ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც მოინახება. თუმცა, თუ უკვე არსებულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, დიდ შედეგს ამ პროცესიდანაც არ უნდა ველოდეთ. მაშ რატომ ამბობს ხელისუფლება უარს, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს საარჩევნო სიების პრობლემა, მით უფრო, თუ არა მხოლოდ სიების შედგენა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესი არა 120, არამედ მაქსიმუმ 10 მილიონი დაუჯდება?!

მორიგი პრობლემა - სისტემის მდგრადობა

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემებით ხმის მიცემის პროცედურა ტექნიკური პრობლემების გარეშე ვერ ჩაივლის და ამან შესაძლოა, არჩევნების ჩაშლამდეც კი მიგვიყვანოს. არის საუბარი, რომ ამგვარ დატვირთვას სერვერი ვერ გაუძლებს, გაჭირდება პრობლემების გარეშე ლოკალური კომპიუტერების ცენტრალურ სერვერთან დაკავშირება და ა.შ. 

სანამ ”smartmatic”-ის გამოცდილებას გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, თუ რა მეთოდით ჩატარდა წლევანდელი სასკოლო გამოცდები საქართველოში. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 500 სკოლაში დამონტაჟებული რამდენიმე ათეულ ათასი კომპიუტერი ცენტრალურ სერვერთან იყო მიერთებული და პროცესის ონლაინ-რეჟიმში თვალის მიდევნება თავისუფლად ხორციელდებოდა. რამდენემე მცირედი ხარვეზის გარდა, არ დაფიქსირებულა ისეთი სერიოზული პრობლემა, რაც საგამოცდო პროცესს ხელს შეუშლიდა და, მით უფრო, ჩაშლიდა. ცხადია, გამოცდები და არჩევნები აბსოლუტურად სხვადასხვა პროცესია, თუმცა, ტექნიკურად, პრაქტიკულად, ანალოგიურ სისტემებთან გვაქვს საქმე. და თუ გამოცდები არ ჩაიშალა, მაინცა და მაინც არჩევნები რატომ უნდა ჩაიშალოს?! მით უფრო, რომ საგამოცდო პროცესში კომპიუტერულ სისტემას ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდა გადასამუშავებელი, ვიდრე ეს არჩევნების დროს მოუწევს.

რაც შეეხება ”smartmatic”-ის გამოცდილებას. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, ჯერ-ჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ამ სისტემით არჩევნების ჩატარება ტექნიკური პრობლემების გამო ეჭვქვეშ დამდგარიყო. ”ფილიპინების არჩევნებში 50 მილიონი ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას და 6 ათას კუნძულზე მიმდინარეობდა, მაგრამ სისტემის მდგრადობას პრობლემა არ შექმნია”, - გვითხრა მან.

 სხვათა შორის, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს. ფილიპინებში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - ”ფილიპინების კომპიუტერულმა საზოგადოებამ” უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია შიშობდა, რომ ”smartmatic”-ის პროექტი ტექნიკური გაუმართაობის გამო შეიძლებოდა, ჩაშლილიყო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ: ”წარმოდგენილი არგუმენტები სპეკულაციურია, რადგან ის ემყარება მხოლოდ შიშებს. უზენაესი სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს სარჩელს მხოლოდ შიშების საფუძველზე”. 

გარდა ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვისა, ფილიპინებში თავად არჩევნებიც ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით ჩატარდა. მთელი ეს პროცესი - ამომრჩეველთა აღრიცხვაც, არჩევნების დღეც და ხმის დათვლის პროცესიც - პრაქტიკულად, ექსცესებისა და გართულებების გარეშე ჩამთავრდა. არჩევნების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვით, ფილიპინელთა 75% თვლიდა, რომ 2010 წლის არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამჭვირვალე არჩევნები ქვეყნის ისტორიაში. ამ მოსაზრებებს იზიარებდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და წარმომადგენლობები.

ფინანსები, დრო და სისტემის შესაძლო გაუმართაობა - ეს ის სამი მითიური არგუმენტია, რის გამოც ხელისუფლება ბიომეტრიულ არჩევნებზე უარს ამბობს. თუ ამ საქმის ერთ-ერთი პროფესიონალი კომპანიის გამოცდილებას დავუჯერებთ, თითოეული ეს არგუმენტი მარტივად ბათილდება. ფრანსუა დოფინმა საუბრის ბოლოს განაცხადა: ”ჩვენი დამკვეთი ყველა ქვეყანაში ხელისუფლებაა. შესაბამისად, მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნებაა. თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, პროექტის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება”.


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.