”პირველი”, 31.07.11
საარჩევნო კოდექსის პროექტზე მომუშავე ე.წ. სარედაქციო ჯგუფი მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით განაახლებს.
სარედაქციო ჯგუფის წევრები ხვალ პარლამენტში შეიკრიბებიან და ახალი საარჩევნო კოდექსის გარშემო მსჯელობას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართავენ.
როგორც "პირWელს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, სარედაქციო ჯგუფის რიგით პირველ შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ საორგანიზაციო სახე ჰქონდა, მან ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვის საკითხი დააყენა, რათა ამ გზით ჯგუფის მუშაობის გამჭირვალეობასთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვები და კითხვები მოიხსნას.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, როგორც კაციტაძე განმარტავს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმებულ საკითხთა შორის ერთი ნაწილი - ძირითადად კი ტექნიკური ხასიათის, თითქმის დაზუსტებულია, ხოლო შედარებით ხანგრძლივი მსჯელობა იმ საკითხების გარშემო გაგრძელდება, რომელიც ერთგვარი ინტერპერტაციის შესაძლებლობებს იძლევა. მან ამ კონტექსტში ყურადღება მედიამონიტორინგის კომისიის ფუნქციონირებასთან და საარჩევნო სიების გადამოწმების კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.
მამუკა კაციტაძის ვარაუდით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი აგვისტოს მეორე ნახევარში მზად იქნება და იგი ამ პერიოდშივე ვენეციის კომისიას გადაეგზავრება, ხოლო მისი პარლამენტში ინიცირებული სექტემბერში მოხდება.
საარჩევნო კოდექსის პროექტზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის სხდომა პარლამენტში ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ დედანი