ავტორი ნინო კომახიძე
4.07.2011
რა ერქმევა ექვსპარტიულ ბლოკს და რატომ მალავს ,,რვიანი'' პარტიების მსუყედ დაფინანსების საკითხის მის მიერ ინიცირებას
,,ექვსიანი'' ლომებზე სანადიროდ პატარა დანითა და ერთი ქუდით მიდის! ლომი სააკაშვილია, სანადირო სეზონი სექტემბერში სრულდება, ,,დემოკრატიული ფრონტი'' კი იმ ბლოკს უნდა ეწოდოს, რომელიც დღეს, ლამის ხატზე დაფიცებით გვიმტკიცებს, ბლოკი არ ვართო. ვიდრე ახალ შეცდომებს დაუშვებდეს და საარჩევნო კამპანიისას ახალი დაპირებებით გაგვაბრუებდეს, ,,ვერსიას'' ხელთ ის დოკუმენტი ჩაუვარდა, სადაც ,,რვიანი'' ხელისუფლებას სიძუნწეზე ამუნათებს და დაფინანსებას პირდაპირ სთხოვს. აი, რა წერია რვა პარტიის 7-ფურცლიანი, დაფინანსების შესახებ წინადადების ორ მთავარ პუნქტში: ,,1. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო სუბიექტისთვის კამპანიის დროს გაწეული ხარჯების გარკვეული ნაწილის ანაზღაურებას. 2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა 3%-ს, ან მეტ ხმას, სახელმწიფოსგან მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს, ფაქტობრივად, გაწეული ხარჯების ერთჯერად ანაზღაურებას''. ეს მოთხოვნა სწორედ იმ ,,რვიანს'' მიურთმევია კუბლაშვილისთვის, რომელმაც მოგვიანებით შეიცხადა, რატომ გაესვა ხაზი დაფინანსების თემასო. ,,ექვსიანის'' ერთ-ერთ ლიდერთან, ხალხისპარტიელ კობა დავითაშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
_ თქვენი შეთავაზებული ყოფილა ხელისუფლებისთვის, ფული მოგვეცითო და როცა ამაზე გამახვილდა ყურადღება, შეურაცხყოფილები და გაოგნებულები რატომ დარჩით?
_ მაგ წინადადებებს თავში საარჩევნო სისტემის შეცვლა, ბიომეტრია, საარჩევნო დავების განხილვა, ადმინისტრაციული რესურსის არგამოყენება ჰქონდა. მანდ მხოლოდ ის ნაწილია ამოღებული, რაც დაფინანსებას ეხება. მერე ამას ხაზი გაუსვეს და გვითხრეს, სხვა ყველაფერზე უარი თქვით და ხელი მარტო ამაზე მოგვიწერეთო. ეს კორუფციული შეთავაზებაა.
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თემა თქვენი ინიცირებული ხომაა?
_ გასაგებია, მაგრამ ჩვენ ეს ერთიან კომპლექტში შევთავაზეთ და ბოლოში მივაწერეთ დაფინანსება, ამათ კი ასე გადააკეთეს, ფულს მოგცემთ და გაჩუმდითო! შესაბამისად, პასუხად უკან ერთი გვერდი დაგვიბრუნეს, სადაც, ძირითადად, ფულზეა საუბარი.
_ არადა, თქვენი შეთავაზებაც არ იყო ერთგვერდიანი, ამხელა მოხსენება დაგიწერიათ და ახლა როგორღა გიკვირთ, ხაზგასმა ფულზე გაუკეთებიათო?
_ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ნაწილია, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს.
_ კარგით, მაშინ ის მაინც აღიარეთ ალალად, რომ უკვე მიღებულია ,,ექვსიანის'' ,,გაბლოკების'' გადაწყვეტილება.
_ ეს საჩქარო თემა არაა. ჩემმა კითხვამ სამოქალაქო საზოგადოებაში ამიტომაც გამოიწვია ვნებათაღელვა. მაინტერესებდა, ჩვენი შიდაინტეგრაცია ხალხს ხომ არ გააუცხოებდა მთელი სამოქალაქო მოძრაობის მიმართ. ერთია, როცა პროცესში ერთი სუბიექტი მონაწილეობს და მეორე, როცა 6 სხვადასხვა პარტიაა წარმოდგენილი. ჩვენ ნებართვა არავისგან აგვიღია, უბრალოდ, შეთანხმება გვჭირდებოდა. მივიღეთ პასუხი, რომ სულაც არაა საჭირო ბლოკად ფორმირება, რადგან ჩვენი პირველადი ამოცანა სამართლიანი არჩევნების მიღწევაა. ,,ექვსიანის'' ინტეგრაციის ფორმა კი ჩვენს მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული. ვთქვათ, ძალიან პრინციპულია მაჟორიტარების არჩევის დროს 50%-იანი ბარიერის არსებობის საკითხი. თუ ამას მივაღწიეთ, ბლოკი არაფერში გვჭირდება, პირიქით, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი უნდა გვყავდეს, რათა ბოლოს ე.წ. პრაიმერში გამარჯვებულს, ყველაზე მეტი ხმის პატრონს მხარი ყველა დანარჩენმა დაუჭიროს, ამიტომ ვიწყებთ ბრძოლას სამოქალაქო მოძრაობის პირობებში და შემოდგომაზე შედეგების მიხედვით ვიმოქმედებთ. _ ისე, ბლოკი ბევრი გვინახავს, წარმატებული
_ არც ერთი. ალიანსიც კი ზუსტად ერთი ნაბიჯით განადგურდა ისევე, როგორც ვერ გაამართლა თქვენმა სამპარტიულმა საბჭომ. ამ 6 პარტიის შიგნით რა გარანტიები გაქვთ, რომ ბლოკს ამ საქმეში გამოცდილები ისევ არ დაგიშლიან?
_ უარყოფითი მაგალითები გასათვალისწინებელია, მაგრამ რაღაც მექანიზმები და გარანტიები უნდა ჩაიდოს, იგივე რომ არ განმეორდეს. ჩვენ კი, ალიანსისგან გასხვავებით, არ გავთითოკაცებულვართ და ბლოკში სიმტკიცის საკმაოდ მაღალი ხარისხიც შევინარჩუნეთ.
_ რა გარანტიებზე მესაუბრებით?
_ ბლოკები ქვოტებით არ უნდა იქმნებოდეს. ყველა წინა ბლოკის შეცდომაც ეს იყო. ყველაფერი ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებით უნდა დაიწყოს. როგორი ბლოკი ვიქნებით და ვიქნებით თუ არა ბლოკი, ეს შემოდგომაზე გაირკვევა. დღეს ქართული ოპოზიცია დემოკრატიული ფრონტის შექმნის წინაშე დგას.
_ და ამის მერე კიდევ იტყვით, ბლოკი არ ვართო, როცა სახელი, ,,დემოკრატიული ფრონტი'' უკვე შეგირჩევიათ. მით უმეტეს, ,,მარიოტში'' ისიც გააჟღერეთ, თემატიკას ვაფართოებთო.
_ სახელზე კი არა, იდეაზე ვსაუბრობ. ვიმსჯელებთ სოციალურ თემატიკაზე, დასაქმების პრობლემაზე და დიახაც, ეს წმინდა ბლოკური საქმიანობაა.
_ მაგრამ ჯერ არშემდგარ ბლოკში უკვე ურთიერთგამომრიცხავები ხართ. ნაწილი ამბობს, კარი ყველასთვის ღიაა, ოღონდ ვინმე შემოგვემატოსო, ძიძიგურმა კი კატეგორიულად გამორიცხა ბურჯანაძისა და კრების პროცესში მონაწილეობა, ჯოხიანშურდულიანებს არ მივიღებთო. რომელ ერთიან პლატფორმაზეა საუბარი, როცა პარტნიორებზეც ვერ შეთანხმებულხართ?
_ ჩვენი გაერთიანების პრინციპში დევს შეზღუდვა, რაც შეუძლებელს ხდის კრებასთან, არაკვალიფიციურ პარტიებთან და უპარტიო პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.
_ მერედა, 6-იანში ნუ მიიღებთ, სამოქალაქო მოძრაობაში ჩართეთ.
_ მაშინ მოდით, გავყოთ, რას აკეთებს ჩვენი კოალიცია და _ სამოქალაქო მოძრაობა. კოალიცია თვითონაა სამოქალაქო მოძრაობის ნაწილი და არა _ პირიქით. მოძრაობა ბევრად ფართოა, კოალიცია კი ვიწრო და ძალიან კონკრეტულ მიზანს ისახავს. ამ მოძრაობაში 6-იანს ხელმძღვანელის ფუნქცია არ აქვს. არც ერთი მედროშე არ გვყავს. ეს მუდმივი კოორდინაციისა და კონსულტაციის პროცესია. ამ მოძრაობის ფარგლებში ახალ წევრებს არც ვუშვებთ და არც ვიღებთ, ეს ჩვენი საქმე არ არის.
_ ახლა, ამ განცხადებით უკვე იმ პოპულარულ აზრს ამართლებთ, გაჩეჩილაძის მიღებას იმიტომ არ ჩქარობენ, 6-იანშიცა და სამოქალაქო მოძრაობაშიც ბუნებრივი ლიდერის როლს შეასრულებს და დანარჩენებს ჩააჩოჩებსო.
_ ასე არ არის! ,,გრეჩიხა'' ჩვენთან ვერ მოვა, რადგან არ აქვს პარტია, მით უმეტეს, კვალიფიციური და ეს საკითხი ახლავე გავარკვიოთ ისევე, როგორც ის, რომ ,,ექვსიანის'' გაფართოება არ იგეგმება და აქაც წერტილი! დასრულდა ეს თემა! ხოლო სამოქალაქო მოძრაობის შიგნით ვერც ერთ პარტიას ან ადამიანს მოსვლას ვერ ავუკრძალავთ, რადგან ამის არც მანდატი გვაქვს, არც უფლება და არც _ სურვილი. გია კობახიძე იქნება ეს თუ ლევან გაჩეჩილაძე, ყველას აქვს საშუალება, გადახედოს თავის მოსაზრებებს, რევოლუციურიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ლოზუნგზე გადავიდეს და მასაც სრული შესაძლებლობა ექნება, სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში იაქტიუროს. წინ სამი თვეა, ყველაფერი სექტემბრის ბოლოს უნდა გაირკვეს. პასიურობას არც მანამდე ვაპირებთ. პირველი აქცია თბილისში გვექნება, კალათბურთის სასახლეში. ექვსიანს შიგნით კი გაგრძელდება კონსულტაციები და მანამ ვერ დასრულდება, სანამ საარჩევნო სისტემის მონახაზი არ გვეცოდინება.
_ ანუ, შემოდგომაზე, მისაღებ საკანონმდებლო ცვილილებებამდე, ისევ მოლოდინის რეჟიმში ხართ? ეგაა თქვენი გეგმა?
_ არც ესაა და არც მხოლოდ რეგიონებში სიარული. ხვალ-ზეგ უკვე მუშა ჯგუფები ჩამოყალიბდება და საზოგადოებისთვის წარსადგენ წინადადებებს დააჯამებს. ძალაში რჩება საერთო გამოკითხვის იდეაც. უნდა შეჯერდეს ფორმა, ეს სახალხო პლებისციტით მოხდება, თუ ოფიციალურ პლებისციტს მოვითხოვთ ხელისუფლებისგან.
_ მაშინ მანამდე იმაზე შევჯერდეთ, რომ დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ხელისშეწმენდის პოლიტიკა დაასრულონ. კრება იყო და, ყველაფერი შემოგზავნილებს დააბრალა, როგორც ,,რვიანმა'' _ ზვარაკადშეწირულ შალამბერიძეს. ეს ტენდენცია ,,ექვსიანმაც'' უნდა გააგრძელოს?
_ არც აგრძელებს, მაპატიეთ, რა. შალამბერიძე, რამდენადაც ვიცი, აქტიურ არასამთავრობო საქმიანობას აგრძელებს. იგი იდეის მხარდამჭერად დარჩა და რიგ სამოქალაქო აქტივობებში მასაც იხილავთ. ,,ექვსიანი'' ,,რვიანის'' ჩრდილში სულაც აღარაა. ფაქტობრივად, ჩვენი დეფაქტო და დეიურე ცნობა წამყვანი სუბიექტების მიერ უკვე მოხდა, პრეზიდენტმაც შეცვალა რიტორიკა.
_ და თქვა, რა კარგია, რომ შეთანხმება შედგაო. სად რაა შეცვლილი?
_ ეგ პირველი განცხადებაა, მეორეში კი, ამერიკელ კონგრესმენებთან ვიზიტის შემდეგ, უმრავლესობის სხდომაზე, დააზუსტა, კარგია, შეთანხმება ოპოზიციის ნაწილთან რომ შედგაო.
_ იქნებ, ეს ნაწილი თქვენ კი არა, კრება, ქართული პარტია და სხვა რადიკალები არიან, ამაზე რატომ არ ფიქრობთ?
_ რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იმ ვიზიტის შედეგია, როცა ამერიკელმა კონგრესმენებმა თქვეს, შევხვდით ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებსო, ამ ლიდერებში კი მხოლოდ ,,ექვსიანის'' პარტიებს გულისხმობდნენ.
_ კი, მაგრამ რა აზრი აქვს ამ დეფაქტო, დეიურე ცნობებს, როცა ხელისუფლებამ დასრულებულად სცნო ყოველგვარი მოლაპარაკება საარჩევნო გარემოზე? რას აპირებთ, თუ ყველაფერი შემოდგომაზეც უცვლელი დარჩა და არჩევნების დღემდეც?
_ ბრძოლის დროს დამარცხების გეგმებზე არ საუბრობენ, მაგრამ ამ პასუხს არ ამოვეფარები. ორი ამოცანა გვაქვს _ სამართლიანი არჩევნები და ამის ვერმიღწევის შემთხვევაში, გაყალბებული არჩევნების შედეგების არცნობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ. გაკეთდა სერიოზული განცხადებები, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და დეპარტამენტის მიერ, რომ დემოკრატიულად არ ჩაითვლება ის არჩევნები, რომელიც ოპოზიციასთან შეუთანხმებელი პროდუქტია.
_ ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ის ოპოზიცია არაა?
_ თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობებზე ოპოზიციის ამ ნაწილთან, მის მიერ ჩატარებული არჩევნები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩვენს აქციებს კი საერთაშორისო მანდატი ექნება.
_ და იქით ხელისუფლება, აქეთ ,,ექვსიანი'', ევროპა და ამერიკა?
_ დიახ, მთელი ის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც არ სცნობს ამ არჩევნების შედეგებს. ეს დაუძლეველი ამოცანა არაა.
_ როგორც ვატყობ, იმ გეგმას დაბრუნებიხართ, რომლის მიხედვითაც, ბაიდენი ჩამოვა და სააკაშვილს წაიყვანს.
_ მე არავის ჩამოსვლასა და წაყვანს არ ვითხოვ, საკმარისია, შედეგების არცნობა, დანარჩენი თავისთავად ხდება, ხოლმე.
_ ისე, უხეში დათვლებით, რა დაჯდება თქვენი კამპანია?
_ იცით, გიორგი სააკაძე შაჰის ბაღში რომ შევიდა და ლომები მიუგზავნეს, მარტო ქუდი ეხურა და ერთი პატარა დანა ჰქონდა. ერთ ლომს ეს ქუდი ჩასჩარა ხახაში, მეორეს დანა გაუყარა, ანუ, რაც ხელთ გვექნება, იმით ვიბრძოლებთ. მოკლედ, ლომებზე სანადიროდ მივდივართ! ისე, მხეცთა მეფე კია მიხეილ სააკაშვილი!