”ინტერპრესნიუსის” ექსკლუზივი

ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე, ასევე "ექვსიანის" გეგმების რეალურობაზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ზაზა, "მემარჯვენეებისა" და ქდმ-ს მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებათან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადებების მიღებამ, ამავე შეთანხმებაზე ედპ-ს, "ჩვენ თვითონისა" და სხვათა მიერთებამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ამ მოვლენათა განვითარების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბდა. . .
_ "ახლების" ნაბიჯი გარკვეული პოლიტიკური ლოგიკის ნიშნებს ატარებს. თუმცა, ლოგიკა ნაკლოვანიც შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს იყო მცდელობა, ინიციატივა ხელთ აეღოთ მაშინ, როდესაც 26 მაისის მოვლენების შემდეგ "რვიანის" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. "რვიანს", როგორც თემატურ ერთიანობას, უჭირდა მოლაპარაკებათა იმ ფორმატის მოძებნა, ახალი გარემოებების ადეკვატური რომ იქნებოდა. გარდა ამისა, პირადად მე შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მასში შესული სუბიექტები უკვე ერთმანეთის პარალიზებას ახდენდნენ და ამასთან იყო დაკავშირებული ის საყვედურები უენერგიობასა და ბრძოლის უუნარობის შესახებ, რომელიც მათ მიმართ გაისმოდა. "ახლებისა" და ქდმ-ს ნაბიჯმა აშკარად გააჩინა ინტრიგა, თუმცა კი, თავად მილიონისა და პარლამენტის შემადგენლობაზე დამატებული 40 ადგილის თემის გამო თავად საკმაოდ რთულ კონტექსტში აღმოჩნდნენ.
პირველ რიგში, ამ გარემოებამ გამოააშკარავა რომ, თურმე "რვიანის" სტრატეგიის მიმართ ინტერესი, მიუხედავად საყვედურებისა და ეჭვისა, საკმაოდ დიდი ყოფილა. გარდა ამისა, სიტუაციამ "რვიანის" დარჩენილ სუბიექტებიც აიძულა, ახალი ენერგია მოეკრიფათ. ყველა შემთხვევაში, 26 მაისის შემდეგ ჩიხში შესულ პროცესებს, ნებსით თუ უნებლიედ, ახალი იმპულსი მიეცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიზარდა საზოგადოების დაწოლა ახლანდელ "ექვსიანზე".
სრულიად აშკარაა, რომ ულტიმატუმის ის ფორმა, რომლითაც ხელისუფლებამ თავისი წინადადებები წარუდგინა ოპოზიციას, სხვას არაფერს ნიშნავს, რომ ამ მცირე დათმობებზე წასვლაც არ უნდოდა. ხოლო აბსურდული განაცხადი, ვინც ამ წინადადებებს არ დათანხმდებოდა, მილიონს ვერ მიიღებდა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ კორუფციაში ბრალდება გაუმზადა ყველას, ვინც კი მასთან დიალოგზე წავიდოდა. პოლიტიკაში არ არის შემთხვევითი ამგვარი წამონაცდენები. ამიტომაც გამოიწვია ასეთი რეაქცია ახლებისა და ქდმ-ს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა. `მემარჯვენეებსა~ და ქდმ-ს საკმაოდ ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა დაგვარწმუნონ, რომ მათ გადაწყვეტილებას სერიოზული გამართლება ჰქონდა. ცხადია, არსებული ჩიხის მდგომარეობაში მათ შეინარჩუნეს ცვლილებათა რაღაც ნიშნული, მაგრამ რამდენად ღირდა ეს და რა შედეგები ექნება ამას თავად მათთვის, ჯერ კიდევ საფიქრალია.
მოკლედ თუ ვიტყვი, მიუხედავად იმ მოტივებისა, რომლებიც ახლებსა და ქდმ-ს ამოძრავებდათ, მათ პოზიტიურ პროცესებს შეუწყვეს ხელი. თავად ამ მოტივების გამო მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც ერთი და არც მეორე პოლიტიკური ძალა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, ბოლომდე დასჯერდნენ ხელისუფლების სატელიტების მდგომარეობას. ალბათ, იმედი აქვთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ რესურსებს, რომელსაც ხელისუფლებასთან ურთიერთობა აძლევს. თანაც, არც თავად სახელისუფლებო პარტიაა ერთგვაროვანი და ორივე პოლიტიკური ძალა შეიძლება შიდასახელისუფლო პროცესების კონტექსტში ჩართულები ვიხილოთ. ასეა თუ ისე, ამ მოვლენამ, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური რელიეფის მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდო სათავე.
_ საარჩევნო კანონმდებლობის მცოდნე ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს უკანონო და დისკრიმინაციული წინადადებები შესთავაზა. 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის კანონიერებასა და არაკანონიერებაზე საუბარმა ვითარება აშკარად კიდევ უფრო დაამძიმა . . . რამდენად საფუძვლიანია "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის შეფასება იმის თაობაზე, რომ იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების პირობები მიიღეს, პრაქტიკულად დათანხმდნენ, რომ მომავალ პარლამენტში "ნაცმოძრაობას" კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება?
- აჯობებდა, ამ კითხვაზე იმ ადამიანს ეპასუხა, ვისაც საარჩევნო კანონმდებლობის მეტი ცოდნა და საარჩევნო პროცესების მეტი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება 2003 წლის რეფერენდუმის კანონიერებასა და უკანონობაზე საუბარს: აქ სხვას ვერაფერს იფიქრებ ადამიანი - ჩვენ ავტორიტარიზმის ვულგარულ ფორმას, ხელისუფლებისა თუ მისი გარემოცვის მხრიდან კანონის მიმართ ვოლუნტარისტულ დამოკიდებულებას ვუცქერთ. ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ საკუთარი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ პასუხიმგებლობის მქონე პირები. მოცემული მომენტის პოლიტიკურმა ინტერესებმა არ უნდა გვათქმევინოს ან გაგვაკეთებინოს ისეთი რამ, რაც სამართლებრივი ნიჰილიზმისა და რელატივიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
თუ ის რეფერენდუმი უკანონო იყო, მაშინ ამის გამო პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, ვინც იგი ჩაატარა და შემდეგ მისი შედეგების მიხედვით აცხოვრა ქვეყანა. ახლა ისიც დავუმატოთ, როგორ პირდებოდნენ ხელისუფლების წინადადებებზე ხელისმომწერებს ერთ მილიონს და ვიღებთ ისეთ პორტრეტს, რომელიც ბევრ აღწერას აღარც საჭიროებს. ძნელია, ასე დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და, ზოგადად, დემოკრატიული განვითარების გზით მიდიან.
_ განცხადებები კი გაკეთდა, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ `ექვსიანი~ ერთიან პოლიტიკურ ბლოკად და სერიოზულ პოლიტიკურ ავანგარდად ანაც ხელისუფლების პოლიტიკურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს? და კიდევ, თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს "ექვსიანი" საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის გაშლას და სერიოზული შედეგის მიღწევას?
_ ბევრი სხვა ადამიანისა არ იყოს, მეც იმედით ველოდები, რას მოიმოქმედებს დარჩენილი ექვსეული და შეძლებს თუ არა, სოლიდურ პოლიტიკურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს. მისი ბევრი სუბიექტი ძალზე გამოცდილიც არის და საკმაოდ პრინციპულიც. უკვე ორი ათეული წელია, ჩვენი პოლიტიკური პანორამა უმთავრესად კალეიდოსკოპის პრინციპით იცვლება. იცვლება ფორმები, მაგრამ ეს ახალ ფორმები ისევ ძველი კენჭებით იქმნება, რაც ნიშნავს, რომ ბევრი არაფერი იცვლება. იგივენი რჩებიან ადამიანებიც და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებიც.
პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პრინციპების ნაცვლად, ამ კალეიდოსკოპის მამოძრავებელი ძალა ხშირად კულუარული ინტრიგები და მითქმა-მოთქმაა. რეალური ცვლილებებისთვის, საიმისოდ, რომ პოლიტიკური ცხოვრების ახალ პარადიგმებს დაედოს სათავე და რეალური ცვლილებების მიმართულებით წავიდეთ, ეს მანკიერი წრე უნდა დაიძლიოს. იგი არანაკლებ შემაფერხებელია ჩვენი განვითარებისთვის, ვიდრე - ყბადაღებული სამიტინგო-რევოლუციური მეთოდი. დარწმუნებული ვარ, საამისოდ სიტუაცია საკმაოდ არის მომწიფებული. გარდა ამისა, დასაძლევია კიდევ ერთი რამ: ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ჰერმეტულობა. დიალოგის სივრცე არ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლებასა და მოსახლეობას, არამედ ოპოზიციასა და მოსახლეობას შორის. ოპოზიციის დიდი ნაწილი დგინდება არა იმდენად საკუთარ მოსახლეობასთან, არამედ, უპირატესად, ერთმანეთთან ან დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში.
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ უკვე წლებია, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ჩვენს ადამიანურ გარემოს ხშირად განიხილავს, მხოლოდ როგორც უპიროვნო პოსტსაბჭოთა აგრეგატს, რომელიც უნდა აღზარდოს ან რომელიც პოლიტიკური სანახაობებითა და ემოციური ზემოქმედებით უნდა დააჯგუფოს მისთვის ხელსაყრელი იდეებისა თუ პიროვნებების ირგვლივ. თუ ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის აზრით გამართლებული იყო ათი-თხუთმეტი წლის წინ, დღეს ასე აღარ არის. უსახო აგრეგატის ნაცვლად დღეს საქმე გვაქვს იმ ადამიანთა ერთობლიობასთან, რომელმაც განვლილი ოცი წლის განმავლობაში ძალზე დიდი გამოცდილება შეიძინა, თუნდაც ამ გამოცდილებას სიტყვიერად ჯერ ვერ გამოხატავდეს. მასთან ურთიერთობა დღეს გაცილებით ძნელია, ვიდრე ეს ამ რამდენიმე წლის წინ იყო. იგი ჩვენგან განსხვავებულ პოლიტიკურ ენასა და ქცევის წესს მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვა, ახალი კონფიგურაცია ადამიანური გარემოს მიმართ ახალ დამოკიდებულებასაც მოითხოვს. და კიდევ ერთი: თუ გონებას თან ნება, თუ გნებავთ, ჭირვეული და აგრესიული ნება არ ახლავს, იგი უძლურია.
ყველაფერი ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ სიძნელეთა ნაწილი მაინც აღმეწერა, ჩემი აზრით, პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებას და მის ხელში ოპოზიციური საკადრო, პოლიტიკური, ელექტორალური თუ სხვა რესურსების თავმოყრას რომ უშლიდა და ჯერაც შეუშლის ხელს. ამგვარი ალტერნატივის გარეშე ჩვენი პოსტრევოლუციური ლოგიკით "გამართლებული" რბილი ავტორიტარიზმი თანდათან კლასიკურ ავტორიტარიზმად იქცევა. მილიონთან თუ რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, მიტინგებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა თუ იოლი სალტომორტალეები ლიბერალიზმსა და ფუნდამენტალიზმს შორის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება რეალურ ოპონენტს ვერ გრძნობს და ნაკლებად გვცემს პატივს, როგორც გონიერ და ზნეობრივ არსებებს. ასე თუ გაგრძელდა, არც ისე შორს არის დრო, როდესაც ჩვენ ძალოვანთა კუნთებით გამყარებული გროტესკული ავტორიტარიზმი გვეყოლება.
ისევ "ექვსიანს" დავუბრუნდები. იმედი მაქვს, ახალი ბლოკი, გაერთიანება თუ ალიანსი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ხელოვნურ აგრეგატად აღარ დარჩება. ხელოვნური გაერთიანება წინა პლანზე წამოწევს მრავალი ლიდერის თემას, ასეთები კი, ძნელი საწინასწარმეტყველებელი არ არის, ერთმანეთის ბლოკირებასა და პარალიზებას მოახდენენ. გაერთიანება ორგანული, ბუნებრივი და ამით მოქნილი უნდა იყოს. შიდაპარტიული დემოკრატია არ ნიშნავს მოუქნელობას და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში კულუარული მოვლენების გადაჭარბებულ როლს. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ზოგადად შევეხები: ახალი გაერთიანების ყველა სუბიექტი ორგანულად უნდა გამოიყურებოდეს მასში. ადრე თუ გვიან, ამ ფაქტორმაც შეიძლება წამოყოს თავი.
ჯერ პროცესები წინაა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, პროცესები თავად ექვსეულის შიგნითაც მიმდინარეობს და, ალბათ, გარკვეულ სიურპრიზებსაც უნდა ველოდეთ. სიტყვამ მოიტანა და უზარმაზარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსია სამოქალაქო საზოგადოებაშიც, რომლის დიდი ნაწილიც, პოლიტიკური სპექტრის არ იყოს, დღეს უპირატესად ერთმანეთთან და უცხოელ დონორებთან მიმართებაში დგინდება და მათი გემოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
_ თქვენი აზრით, საქართველოში არის კი ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაფლების ხელში აღება სურს?
_ ამ კითხვას ნაწილობრივ ალბათ უკვე გავეცი პასუხი. სურვილი შეიძლება ბევრს ჰქონდეს. საქართველოში ასეთები არ გამოილევიან. ოპოზიციური რესურსების თავმოყრა კი ჯერაც ვერავინ მოახერხა. პოლიტიკა ძალაუფლების ნების გარეშე არ არსებობს. ეს ნება გონებისა და ზნეობის კანონებში უნდა იყოს მოქცეული. ეს უკვე ჩვენი საქმეა –რიგითი ადამიანებისა, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვ. ჩვენგან უნდა გრძნობდნენ პოლიტიკოსები ინტელექტუალურ და ზნეობრივ ოპონეციას და ამით უნდა ვაწონასწორებდეთ მათ ძალაუფლების ნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ იმას მივიღებთ, რასაც აქამდე ვიღებდით.
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: დღეს ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მისი დამაბალანსებელი სრულფასოვანი ალტერნატივის არსებობა. ჩვენთან დამყარდა მანკიერი ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება შთანთქავს მთელს საკადრო და სხვა რესურსებს და რეალური ოპონენტის გარეშე რჩება. ამ ვითარებას კი ბუნებრივად მივყავართ რევოლუციის იდეამდე. ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, როგორმე ეს წრეც გავარღვიოთ და ხელისუფლების ერთი სერიოზული ალტერნატივა მაინც შევქმნათ.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.