გაზეთი ”ვერსია”
ავტორი ნინო კომახიძე  
6.07.2011

რა დოკუმენტები წარმოუდგინა დავით უსუფაშვილმა ,,ვერსიას'' და რატომ არის დაფინანსებაზე საუბარი უსინდისობა?
  
მილიონით დაფინანსების თემაზე დავა გრძელდება! ეს თარსი საკითხი 9 პუნქტიდან მეოთხე აღმოჩნდა. ,,ვერსიამ'' კი გადაწყვიტა, ,,ექვსიანსა'' და კუბლაშვილს შორის ფულის გამო გაჩაღებულ ამ დავას ბოლომდე მიჰყვეს და ეს თემა დროებით მაინც ამოწუროს. ჩვენს კითხვებს საპასუხო რეპლიკებით, ციტატებით, კონკრეტული თარიღებითა და ორივე მხრისგან ხელმოწერილი დოკუმენტებით შეიარაღებული ,,რესპუბლიკელების'' ლიდერი, დავით უსუფაშვილი კუბლაშვილის  მიერ მითითებული დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ პასუხობს:         
_ ე.ი. აჩვენეთ ეს დოკუმენტი უსუფაშვილს და მერე აკეთოს კომენტარებიო და ეს გაზეთში სათაურად გამოიტანეთ, ხომ ასეა? ახლა მე გაბარებთ საპასუხო კომენტარს და გთხოვთ, ასევე გამოიტანოთ სათაურად: აჩვენეთ ეს დოკუმენტები ბატონ კუბლაშვილს და მერე ილაპარაკოს საარჩევნო საკითხებსა და მიღწეულ შედეგებზე. თუ დოკუმენტებზეა საუბარი, მაშინ მე დოკუმენტების მთელი ნაკრები გაგიმზადეთ, რაც ნათელს მოჰფენს, რა მოხდა სინამდვილეში. იმაზე აპელირება, დაფინანსების თემა საერთოდაც ოპოზიციამ წამოჭრაო, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა.  
_ თუმცა ისედაც აღარავინ უარყოფს, რომ სხვა საკითხებს შორის, ეს თემა მართლაც ,,რვიანის'' წამოჭრილია.  
_ არჩევნების ფინანები რომ სჭირდება, არც ესაა ვინმესთვის გაუგებარი, ამიტომ ხელისუფლებას წინადადებათა მთელი პაკეტი ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში შევთავაზეთ და ის საზოგადოებასაც გავაცანით. ეს 100გვერდიანი დოკუმენტია, სადაც ერთერთი პუნქტი დაფინანსებაცაა. ხოლო ის დოკუმენტი, რაც კუბლაშვილმა მოგცათ, ე.წ. ფაუერპოინტში გაკეთებული პრეზენტაციის ნაწილი იყო, სადაც ჩვენი შეთავაზება თეზისებით იყო გადატანილი. დაფინანსება საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, ცხადია, ეს ჩვენი მსჯელობის საგანიც გახდა. მინდა, ჩვენი პოზიციის თანმიმდევრობაც იცოდეთ. 5 აპრილის განცხადებით დავიწყოთ, რომელსაც ხელს რვავე პარტია აწერს. თქვენი თვალით წაიკითხეთ, პირველ ეტაპზე განსახილველი ორი საკითხია წამოწეული _ სიების ფორმირება და საარჩევნო სისტემა. თუ ამაზე შეთანხება არ შედგებოდა, სხვა დეტალებზე საუბარს აზრიც არ ჰქონდა. მანამდე იყო 23 მარტის განცხადება, ასევე საყურადღებო ჩამონათვალით. ამიტომ გადახედოს კუბლაშვილმა ამ დოკუმენტებს და მერე ისაუბროს იმაზე, რაზეც საუბრობს. ქრონოლოგიურად შემიძლია მივყვე, როდის რაზე შევთანხმდით, ვინ რა დაარღვია, რაშია პრობლემა და ა.შ. სულ პირველ სხდომაზე, ნომერ პირველ ოქმშიცAშევთანხმდით, რომ ჯერ კოდექსზე უნდა დასრულებულიყო ყველა თემის განხილვა და ამას მხარი კუბლაშვილმაც დაუჭირა. 9 მარტის ოქმშიც იგივეა ხაზგასმული. მათი შემდეგი ნაბიჯი, ორი თვის დაგვიანებით, მარტის ბოლოს, იყო არა პასუხი _ არამედ წინადადება. ასე რომ, დოკუმენტების ნაწილში, მოდით რა, ნუ გაგვეჯიბრებიან. დაბოლოს, იმ წინადებებში, რომელიც კვირანახევრის წინ მემარჯვენეებს გადასცეს, ფინანსების მოხსენიება კი არა, ის იყო პრობლემა, ამ დოკუმენტში აღარაფერი შეიცვლება, ამიტომ ან ხელი მოაწერეთ, ან ნახვამდისო. თან აქ სისტემასა და სიებზე სრულიად უმნიშვნელო ცვლილებებს გვთავაზობენ, მე კი უკვე ავხსენი, რომ სწორედ ეს თემები იყო გადამწყვეტი, ამიტომ საუბრის გაგრძელების მზადყოფნა გამოვთქვით. არაო, _ თქვეს. გარდა ამისა, იმ დოკუმენტში, მარტო ჩემთვის კი არა, ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის მიუღებელი ის იყო, ვინც ხელს არ მოგვიწერს, ფულს ვერ მიიღებსო. 
_ მაგრამ კაციტაძემ ხომ იხსნა დანარჩენები ამ დისკრიმინაციული მუხლისგან? 
_ ოჰ, კი, აბა, გვიხსნა... მანდ ეგ პუნქტი ორი მიზნით ჩაიდო: იმ პარტიებზე პრესინგის განსახორციელებლად, ვინც ყოყმანობდა და იმ პარტიებისკენ კრიტიკის მისამართად, ვისაც ამ პუნქტის შეცვლამდე ჯერ საჯაროდ ათქმევინა, ხელს მაინც ვაწერთო. აბა, ხელისუფლების ამოცანა მართლა ის კი არაა, ოპოზიციაში საუკეთესოები ამოარჩიოს და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს. ამ დაფინანსების ნაწილშიც კი ,,რვიანი'' მათ ბევრ სხვა წინადადებას სთავაზობდა? 
_ მაგალითად? ანუ ისეთი რაა, რაც კუბლაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტში არ წერია?  
_ მაგალითად, სახელმწფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებიდან 200 000ზე მეტს იღებენ, აეკრძალოთ დაფინანსება. 
_ ეგ იქაც წერია, თუმცა, ვერსად მივაგენი ერთ მილიონს, რაც კუბლაშვილის სიტყვებით, განხილვებისას ოპოზიციისთვის უცნობი თანხა არ ყოფილა, ასევე, არსად, არაფერი წერია იმ 2 მილიონზე, რაც გამყრელიძის თქმით, ხელისუფლებას აქეთ შესთავაზეთ, გადაგვიხადეო. ეს განხილვები კონკრეტულ რიცხვებამდე მივიდა?  
_ აგერააა დოკუმენტი და იხილეთ, ბატონო! თანხა არსად წერია და არც ამ მილიონშია საქმე. თანხის ოდენობაზე რაიმე ტიპის მოლაპარაკება ან მოთხოვნა მართლა სერიოზული შეთანხმების საგანია და კომპლექსურადაა დასანახი.  
_ მაშინ ეს თემა ყველამ ასეთ საგანგაშო და ანომალიურ ფაქტად რატომ მიიღო, რატომ შეიცხადა ხალხმაც და ,,ექვსიანმაც'' დაფინანსების ამ მნიშვნელოვან პუნქტებზე ხაზგასმა და რატომ შეფასდა ხელმოწერა გაყიდვად? 
_ ყველამ იმიტომ შეიცხადა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე, შემოთავაზებული პაკეტი მიუღებელი იყო. ამას წინათ, ქრისტიანდემოკრატებმა მშვენივრად ახსნეს საქმის არსი: ხელისუფლებას ვთხოვდით ძროხას და ქათამი შემოგვთავაზა, ამიტომ სულ არარაობას, ქათამს დავთანხმდითო.  
_ არ გვინდა, ეს ძროხები და ქათმები, ამ დათანხმებას პოლიტიკურად რა ჰქვია, მოსყიდვა? 
_ შეცდომა და ყველას თავისი შეცდომა აქვს! მე მოსყიდვაზე არც მისაუბრია, თუ მაინცდამაინც მოსყიდვა ვინმეს სურდათ, მათ საჯარო დოკუმენტებით არ იყიდდნენ. თუ ფიგურალურად ვისაუბრებთ, მაშინ ,,რვიანს'' ერთიანი პოზიციები კიდევ ორი თვე რომ შეენარჩუნებინა, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, ქათამი კი არა, მოზვერი შემოეთავაზებინა. რაღაც ოთხფეხა მაინც ყოფილიყო, ქათამს რომ თანხმდებოდნენ. 
 _ ქათამი უკვე გარანტირებულია და ამ მოზვერის მიღების გარანტიას ,,რვიანის'' ერთად დგომაში სად ხედავდით? 
_ ეს რომ ასეა, ძალიან ადვილად მტკიცდება. ხელისუფლებამ პირველად ნახვამდისო, მარტში გვითხრა. რა უშლიდა ხელს, პროცესი მართლა რომ დაესრულებინა?  
_ ის, რომ საკითხი ღიად დარჩა.  
_ ღია კი იმიტომ იყო, რომ ,,რვიანი'' იდგა მყარად. მათ შეეძლოთ მაისშივე ეთქვათ, კოდექსს ამას ვუპირებთო, ეს კი იმიტომ არ მოხდა, რომ ,,რვიანი'' მყარად იდგა. ვიდრე მზად ვიყავით^კომპრომისების და არა კაპიტულაციისთვის, მანამ ხელისუფლებას არ შეეძლო ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიეღო.  
_ მაშინ თუ მყარად იდექით და პროცესი ღია იყო, ახლა, როცა რიგები შეგითხელდათ და ხელისუფლებამ პროცესი დახურა, რისი იმედი გაქვთ? 
_ არ ვფიქრობთ, რომ ეს საქმე დაიხურა და რომ საარჩევნო გარემოზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ხელისუფლება იღებს. არჩევნებს მილიონი ამომრჩეველი იგებს, მათი მობილიზება კი ამ ბრძოლაში გადამწყვეტია.  
_ კარგით, თქვენი დოკუმენტები ვნახე, პოზიციაც გასაგებია, მაშინ 6იანთან მიმართებაში ფინანსების თემა ბოლომდე მივიყვანოთ. დოკუმენტში სასესხო ვალდებულებებია ჩადებული, ანუ სესხი იმ სუბიექტზე უნდა გაიცეს კამპანიის საწარმოებლად, ვინც რეალურად, სიცოცხლისუნარიანიაო. უკაცრავად, ვინ ადგენს, ესა თუ ის ძალა სიცოცხლისუნარიანი თუ უუნარო? 
_ არ ვიცი. იმ დოკუმენტში, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩვენამდე ,,მემარჯვენეების'' გავლით მოვიდა, ამ დეტალებზე არაფერი წერია. 
_ მე რვა პარტიის დოკუმენტზე გესაუბრებით, სადაც, სხვათა შორის, ბლოკის თემაც ხაზგასმულია _ თუ ბარიერს ვერ გადავლახავთ, სესხი ბლოკს გადაუნაწილდესო. ანუ, წინასწარ ბლოკზეც იფიქრეთ და თავიც დაიზღვიეთ? 
_ ეს, უბრალოდ, პრეზენტაცია იყო, რომელიც ყველამ მოისმინა და ამ მექანიზმებზე ხელისუფლებას თავისი პასუხი დღემდე, არც იმ დოკუმენტში უთქვამს. ბლოკს არც შეეხება, წლებია, არჩევნებში ზოგი პარტიის სახით მონაწილეობს, ზოგიც _ ბლოკის. ბლოკი მოცემულობაა და აქ ამიტომაც ჩაიდო.  
_ ბატონო დავით, ხელისუფლების კი არა, თქვენი მექანიზმი მაინტერესებს, რა პრინციპით არჩევდით, ვინ იმსახურებდა სესხს და ვინ _ არა. 
 _ არა, არა, ამას ვერავინ განსაზღვრავს, აქ საქმე ცოტა სხვა რამეშია. კონკრეტული მხარდაჭერის შემთხვევაში, ვთქვათ, სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვისას, პარტიებზე უნდა გაცემულიყო უფლება, ანაზღაურებოდათ გარკვეული ხარჯები. როცა ბლოკი ან პარტია ამაზე მიდის, წინასწარ საკუთარი შედეგი ვერ ეცოდინება, ამიტომ ესეც თავისთავად რისკია. აქ, უბრალოდ, ინდივიდუალური რისკის ფაქტორი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმებია დასადგენი. 
_ მეც მაგას გეკითხებით, თქვენ რას ეძახით ობიექტურ კრიტერიუმს? 
_ სამართლიან არჩევნებში მიღებულ ხმებს. 
_ სად არის მერე სამართლიანი არჩევნები? 
_ ამიტომაა მნიშვნელოვანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის კამპანიის ფონდიდან 31ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ყველაზე მეტშემოსავლიანი ოპოზიციური კანდიდატის, ანუ გაჩეჩილაძის ფონდიდან. საპარლამენტო არჩევნების დროს, მმართველმა პარტიამ მეორე ადგილზე გასულზე 17ჯერ მეტი დახარჯა. ადგილობრივ არჩევნებზე კი მათი ფონდი 14,7ჯერ აღემატებოდა დანარჩენებს, ამიტომ ხარჯების მაქსიმუმის დაწესებაა აუცილებელი. ერთი სიტყვით, ამ დეტალებზე იმ დოკუმენტში არაფერი წერია.  
_ ერთი სიტყვით, როგორც ყოველთვის ამბობდით, რესპუბლიკელები ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და მიიღებთ იმ შეუთანხმებელ მილიონსაც.  
_ არ მესმის, რა დგას ამ კითხვის უკან. პარტიის, თავს თუ ასე უწოდებს, პროფესიული და საზოგადოებრივი ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობაა. რესპუბლიკური პარტია აცხადებს _ ჩვენი დანიშნულებაა არჩევნებში მონაწილეობა. თუ რამე გარემოებამ შეუძლებელი გახადა ამის გაკეთება, მაშინ ხალხს ვეტყვით, რომ არ კი არა, ვერ ვმონაწილეობთ ამა და ამ მიზეზების გამო. მილიონს რაც შეეხება, ამ წუთში რომელ სკამზეც ზიხართ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითაა შეძენილი და გაყიდულ პარტიაში მობრძანდით? 
_ ეს ჩემი მიდგომა არაა, თქვენი კოლეგებისაა, მათ შორის, ,,ექვსიანიდანაც''. 
_ ჰოდა, ჩემი მიდგომა ასეთი არაა. საბიუჯეტო თანხის მიღება გაყიდვას არ ნიშნავს.  
_ ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა თქვენგან და კითხვის უკანაც ეგ იდგა.  
_ წინდაწინ განსაზღვრული და აკვიატებული აზრი, ეს ოპოზიცია გაიყიდება, ის კი არაო, არასწორია. ყველას ვურჩევ, ცოტა თავი შეიკავოს. ამ თემას ცოტა მეტი დაფიქრება და სერიოზულობა სჭირდება და არა _ სტერეოტიპული დასკვნები. 
_ ისე, ერთხელ მითხარით, ამ ოფისის ფანჯრიდან რუსთაველზე რამდენჯერ მინახავს ტყუილად გავლილგამოვლილი ხალხიო. საჭირო რომ გახდეს ,,ექვსიანის'' ფორმატში ზუსტად ამ გზაზე გავლა, გაივლით? 
_ ბევრი მივლია, ზოგჯერ შედეგიანად, ზოგჯერ _ უშედეგოდ. უბრალოდ, უნდა ავწონდავწონოთ, როდის აქვს აზრი გავლას, როდის დგომას, როდის მხარდაჭერას, როდის სოლიდარობას და ა.შ.  
_ ახლა აქვს აზრი გავლაგამოვლას? 
_ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბრძოლაში აქვს, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება თავისუფლებისთვის ბრძოლასაც. მეტიც, ეს უვადო ბრძოლაა და ამას ვერანაირი კარის ჩაკეტვა ვერ შეაჩერებს.      


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.