გაზეთი ”ვერსია”
რუსუდან შელია
6.07-2011 

,,ზნეობრივი თვალსაზრისით, უზნეო და კანონის თვალსაზრისით, უკანონო'', ,,ოპოზიციის მოსყიდვა'', _ ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მიერ ,,რვიანისთვის''და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის წარმოდგენილი წინადადებები, რომლებსაც შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა. მათ შორის ერთერთი ეროვნულდემოკრატიული პარტია იყო. რატომ ჩათვალა პოლიტიკურად სწორ ნაბიჯად ხელისუფლების შემოთავაზებებზე დათანხმება და რა არგუმენტებით პასუხობს მსგავს შეფასებებს, ,,ვერსია''ედპს ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას ესაუბრა:
 _ ქართულ პოლიტიკაში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან თუნდაც მინიმალურ შეთანხმებაზე წასვლას, აზრი არ აქვს. თუმცა, ედპს ამაზე ძალიან მარტივი პასუხი აქვს _ შემოგვთავაზეთ პოლიტიკურად უკეთესი გზა, მანამდე კი ჩვენ ვივლით იმ კურსით, რომელსაც მართებულად მივიჩნევთ. ხელისუფლების შეთავაზებაზე ხელის მოწერა არ ნიშნავს, რომ ედპ მიღწეულით კმაყოფილდება. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლებოდა, მაგრამ რა შეთანხმებასაც ხელი მოვაწერეთ, ესეც წინსვლაა.  
_ თქვენთვის, შესაძლოა, წინსვლაა, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების წინადადებები დათმობა კი არა, ოპოზიციური პარტიების მოსყიდვის მცდელობა იყო.  
_ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, თუმცა ხელისუფლების შეთავაზებული ფინანსური საკითხები ედპს დიდ ნაწილში პირდაპირ არ ეხება, რადგან ჩვენი პარტია, ჯერჯერობით, არაკვალიფიციურია. პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის მინიმალური, მაგრამ ლეგალური თანხების გამოყოფა, აუცილებელია. პოლიტიკა ფინანსების გარეშე არ კეთდება.  
_ გამოდის, შეთავაზებას ხელი სხვა პარტიების კეთილდღეობისთვის მოაწერეთ?  
_ არა, აქ ამომრჩევლის უფლებების დაცვაზეა საუბარი. ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები იყო დებულება პარლამენტში დეპუტატების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით, რისი ახსნაც მარტივად შეიძლება. მაგალითად, ყაზბეგში, დაახლოებით, ექვსი ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს და რეგიონს ერთი მაჟორიტარი ჰყავს, ხოლო ქუთაისში ასი ათასი ამომრჩეველია და მასაც პარლამენტში ერთი მაჟორიტარი ჰყავს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია და ამაზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც მიგვითითებდა. იმედი მაქვს, იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ხელისუფლება ,,ხუმრობად''არ გამოაცხადებს. მოგეხსენებათ, მმართველ პარტიას სჩვევია ხოლმე პარტიებთან, თუნდაც კულუარულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა და ამის არაერთი მაგალითი გვქონია. სწორედ ამის  პოზიცია გათვალისწინებით, ჩვენ მომენტი გამოვიყენეთ და სანამ ხელისუფლება უკან წაიღებდა შემოთავაზებებს, შეთანხმება ხელმოწერებით დავაფიქსირეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ, ხელისუფლებისგან უკეთესი შემოთავაზებები მივიღეთ, მაგრამ არ დავთანხმდით და შანსი დავკარგეთ. გარწმუნებთ, ახლა რომ არ დავთანხმებულიყავით, შემოდგომაზე უარეს შემოთავაზებას მივიღებდით.  
_ ანუ, ყველაფერი მოსწრებაზე იყო და ამიტომაც იყავით ერთერთი პირველი, რომელმაც ხელი ხელისუფლების წინადადებებს მოაწერეთ? 
_ როცა დავინახეთ, თვალსა და ხელს შუა გვეცლებოდა ის საკითხები, რაზეც დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ხელისუფლება მცირე დათმობაზე წამოვიყვანეთ, ისღა გვრჩებოდა, ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ახლა საჯაროდ პირველად ვამბობ, რატომ ვიყავით ჩვენ ინდივიდუალურ რეჟიმში მთელი ამ პროცესის განმავლობაში და არა ,,რვიანში''. ედპ აყენებდა საკითხს, რომ მომხდარიყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ისე, რომ ოპოზიცია უპირატეს მდგომარეობაში ყოფილიყო. რატომღაც ეს საკითხი მიიჩქმალა და ვერც ,,რვიანთან''და ვერც ხელისუფლებასთან ჩვენმა დიალოგმა, ამ კუთხით, შედეგი ვერ გამოიღო. საკითხი, რაზეც ,,რვიანთან''ვთანხმდებოდით ბიომეტრია იყო.  
_ და რატომ მიიჩქმალა ბიომეტრიის საკითხი? მისი სხვა შეთავაზებით ჩანაცვლება მოხდა?
 _ ეს ,,რვიანის''წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, სად გაქრა ბიომეტრია, ვერ გეტყვით. ხმამაღალი განცხადებების კეთებას, იქნებ, სჯობდა, მაშინვე მოგვეწერა ხელი? ჩემთვის მართლაც გაუგებარია ასეთი შეცდომა ოპოზიციამ რატომ დაუშვა, ,,რვიანმა''ბიომეტრიის სანაცვლოდ, სხვა შეთავაზებები მიიღო. რაც შეეხება ,,ექვსიანს'', სხვებზე ნამდვილად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ირაკლი ალასანიას ადგილას ხელისუფლების შემოთავაზებებს, რომელშიც ოპოზიციის მოთხოვნის დიდი ნაწილი იყო ასახული, ახლა მაინც ხელს მოვაწერდი. 
_ რატომ გამოარჩიეთ მაინცდამაინც ალასანია ან რატომ უნდა მოეწერა მას ხელი? 
_ აბა, კობა დავითაშვილზე ხომ არ ვილაპარაკებ?! იმის გამო, რომ ერთი თვე როგორი უკომპრომისო ყოფილხარო გეძახონ, არაპრაგმატული ნაბიჯის გადადგმა არ ღირს. ,,რესპუბლიკელები'', დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით კმაყოფილები არიან. მათ, ეტყობა, გათვლა აქვთ იმაზე, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს ძალიან მოსწონს, როცა პოლიტიკოსი ხელისუფლებას არ თანხმდება და მცირე ეტაპზე, ეს პიარის თვალსაზრისით, ხშირად მომგებიანია ხოლმე. 
_ იმის თქმა გსურთ, რომ მათი უარი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია?  
_ ალბათ.  
_ და ,,ექვსიანის''შესაძლო ერთ ბლოკად ჩამოყალიბებას, ასევე ეჭვის თვალით უყურებთ?  
_ ჩემთვის წარმოუდგენელია, ნატოს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, პრორუსული და პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები, ერთ ბლოკში როგორ უნდა გაერთიანდნენ. თუმცა, საქართველოში პოლიტიკოსმა თავის მცდარ ნაბიჯებს ნებისმიერი გამართლება შეიძლება მოუძებნოს. ხალხი ყველაფერს ხედავს. ახლა ბლოკებზე საუბარი ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, მოახლოებული არჩევნების პირობებში, ისეთი საარჩევნო გარემო შევქმნათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას აზრი ჰქონდეს


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.