გაზეთი ”ვერსია”
ავტორი რუსუდან შელია
4.07.2011
რა რეკომენდაციებს აძლევს ოპოზიციას ექსპერტი ირაკლი მელაშვილი
საარჩევნო თემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის კინკლაობა გრძელდება. საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი კი 6-იანის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებულ 8 ივლისის დადგომას ელის, როცა მან მომავალი სამოქმედო გეგმები უნდა გააჟღეროს. რას შეიძლება ველოდეთ ექვსიანისგან და რა პოლიტიკური ხერხებით აპირებენ ისინი რეალური შედეგის მიღებას, ამ საკითხებზე ,,ვერსია'' საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის ექსპერტს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა:
_ ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება. მას შემდეგ, რაც ,,რვიანში'' ექვსი პოლიტიკური პარტია დარჩა, რეალური შედეგის მიღების შანსი გაჩნდა და ეს პოლიტიკური გაერთიანება, დარწმუნებული ვარ, სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევას შეძლებს.
_ ეს თქვენი სურვილია, თუ რეალურად ხედავთ პოლიტიკურ რესურსს ამ გაერთიანებაში, დარჩენილი ექვსეული დიდხანს შეძლებს ერთად ყოფნას?
_ რეალური შედეგის მისაღწევად პარტიებს შორის მჭიდრო ინტეგრაციაა აუცილებელი. ურთიერთობის სიმტკიცეს ყოველთვის საერთოპოლიტიკური ინტერესი განაპირობებს და, ვფიქრობ, მათ სწორედაც რომ ერთიანი პოლიტიკური ინტერესი აქვთ. წასული ორი პარტია კი განსხვავებულად აზროვნებდა. მაგალითად, ,,ქრისტიან-დემოკრატები'' ხელისუფლების შეცვლაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი. მათი ამოცანა პარლამენტში მხოლოდ გარკვეული სეგმენტის დაკავებაა. ,,ექვსიანს'' კი პოლიტიკაში დარჩენა სურს. მათ ისიც კარგად ესმით, რომ ცალ-ცალკე ამ სფეროში მოღვაწეობა გაუ- ჭირდებათ. ის სიჭრელე კი, რომელიც შორიდან ჩანს, მხოლოდ მათივე გასაძლიერებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ამ გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციის შესრულების საკმაოდ კარგი უნარი აქვთ. მთავარია, პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად ხელისუფლების ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება შესძლონ. ოპოზიციის ძალად და არმიად კი ხალხი უნდა იქცეს. ახლა ყველაფერი საზოგადოების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთმანეთთან კინკლაობითა და ამ სპექტრში მუდმივი გაურკვევლობით დაღლილი საზოგადოების ნდობის მოპოვება ,,ექვსიანს'', ალბათ, გაუჭირდება. რატომ უნდა გაჰყვეს მათ ხალხი, რეალურად, ამ ხნის განმავლობაში, მათ რა შედეგს მიაღწიეს?
_ ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ 8 ივლისს, კალათბურთის სასახლეში საზოგადოება ოპოზიციის ყველაზე რეალურ სამოქმედო გეგმას მიიღებს. ვფიქრობ, ამ ბრძოლას პერსპექტივა აქვს, თუმცა ამავე დღეს, ,,ექვსიანს'' საზოგადოების უამრავ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ხალხის ნდობის აღდგენა ძნელი იქნება და რამდენად მოახერხებს ამ ყველაფერს ეს პოლიტიკური გაერთიანება, უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
_ დრო ,,ექვსიანის'' საწინააღმდეგოდ მუშაობს. თქვენი შეფასებით, წელიწადნახევრიანი ვადა მათი აქტიური მოქმედების შემთხვევაშიც კი, საკმარისი იქნება ჯერ სამართლიანი საარჩევნო გარემოს, შემდეგ კი ამ არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად?
_ ,,ექვსიანმა'' ან მოქმედება უნდა დაიწყოს, ან სამუდამოდ გაჩერდეს. ამ ყველაფერს არა ფინანსები, არამედ, პირველ რიგში, ჭკუა სჭირდება. გარემო პირობებიც მათთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ოპოზიციაში ადგილი მოსუფთავებული და დაწმენდილია, ამიტომ დიდი შანსია, მათ პოლიტიკური თვითრეალიზება მოახდინონ. რაც შეეხება დროის ფაქტორს, ამ პარტიებს ერთად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება უკვე აქვთ, ამიტომ დარჩენილი დრო, ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაში, ვფიქრობ, საკმარისია. ყველა ხერხი უნდა გამოიყენონ შედეგის მისაღწევად.
_ მასშტაბიანი მანიფესტაციების გამართვა ამდენი მარცხის შემდეგაც კი მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
_ საქართველოში, თუ ოდესმე ოპოზიციას წარმატებისთვის მიუღწევია, ყოველთვის მანიფესტაციებისა და, პარალელურად, მოლაპარაკების წარმოების კომბინაციის შედეგი იყო. არ შეიძლება, რინგზე ცალი ხელით იბრძოლო. გარკვეული პოლიტიკოსების ,,პოხონდრიების'' გამო, ნულოვან შედეგს ვიღებდით. თუმცა, საქართველოში, საბედნიეროდ, ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, მარცხის შემთხვევაშიც კი, არასდროს შეეგუება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შედეგი გვიან დგება ხოლმე. საუბრები იყო, თითქოს, ძალიან ბევრჯერ, ოპოზიციამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი ჩაკლა. არადა, მუხტს ვერავინ ჩამიკლავს, თუ ვიცი, რომ სიმართლისთვის ვიბრძვი. ლევან გაჩეჩილაძე დაუშვებს შეცდომას თუ პეტრე მამრაძე, მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი გასაკეთებელი საქმე, მე უნდა გავაკეთო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ვართ, ამიტომ საზოგადოებაშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მექანიზმი. ყოველთვის არ უნდა ვეძებოთ, ვინ არის დამნაშავე.
_ მსგავსი მექანიზმი, ალბათ, პოლიტიკოსებს უფრო აქვთ გამომუშავებული
_ საკუთარ პოლიტიკურ მარცხს ხშირად საზოგადოებას აბრალებენ ხოლმე.
_ პოლიტიკოსებში, მართლაც, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ არ გაქვს არაფრის კეთების თავი, ხალხს არ უნდა მიადგე, რატომ ქუჩაში ორასი ათასი არ გამოხვედიო. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთი რადიკალურად მოაზროვნე პოლიტიკოსის ინტერვიუ, სადაც ამბობდა _ აბა, ,,რვიანი'' თუ შეძლებს ქუჩაში ხუთი ათასი კაცი მაინც გამოიყვანოსო. თავის დროზე, ამ პარტიებს უფრო მეტი ადამიანი გამოუყვანია ქუჩაში, მაგრამ ახლა ამ ციფრებით ვიკინკლაოთ? დღეს ქართულ პოლიტიკაში საგიჟეთია. ან ის, რაც სოზარ სუბარმა, ერთერთი ტელევიზიის ეთერში უსუფაშვილთან დებატებისას გააკეთა, ეს ხომ ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა?! ამ კინკლაობაში მაიმუნებს ვემსგავსებით. ეს კი ძალიან ცუდად გაგებული პოლიტიკური კონკურენციის მცდელობაა. თუმცა, მთავარია, ყველანი დაშვებული შემდეგ ადეკვატურები ვიყოთ. ვიმეორებ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, სადაც ,,ექვსიანს'' გამოკვეთილი პოზიციებით მოქმედება მოუწევს.
_ ძალიან ბევრს საუბრობენ ,,ექვსიანის'' საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბებაზეც. რამდენად მოსალოდნელია ეს და იქნება თუ არა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელსაყრელი ძალთა ასეთი გადანაწილება?
_ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ერთ ბლოკად ჩამოყალიბება სჯობს თუ ორად დაყოფა, ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გადაწყდეს. პოლიტიკური ალტერნატივა არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთიან საარჩევნო ბლოკს. მანამდე ალტერნატივა უნდა შექმნან, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, შესაძლებელია, სულაც ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც ძალიან სწრაფად შეძლებს პოლიტიკური ქულების აკრეფას.
_ ,,ექვსიანში'' არც ლევან გაჩეჩილაძის ადგილს ხედავთ, ბოლო დროს საკმაოდ ბევრს საუბრობენ მათ შესაძლო გაერთიანებაზე.
_ ,,ექვსიანის'' ფორმატში საკმაოდ ჩახედული ვარ და, როგორც ვიცი, არანაირი გაფართოება არ იგეგმება, თუმცა იქ ადგილი ყველასთვის მოიძებნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ. მართალია, დღეს ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ,,ექვსიანი'' იქნება ეს თუ სხვა, ალტერნატიული საშუალებების მობილიზება უნდა მოახდინოს. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ურმით იარო. საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. მთავარია, თანმიმდევრული საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება.
_ თავად სად ხედავთ საკუთარ ადგილს, პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?
_ არა, მე მხოლოდ ,,ექვსიანს'' დავეხმარები, თუ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებას შესძლებს. თუ სწორად გათვლიან ნაბიჯებს, ვფიქრობ, საზოგადოებაშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ბასის განცხადება, მე ასე გავიგე _ ის, რაც გაკეთდა, წინგადადგმული ნაბიჯია, უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და თუ ექვს პოლიტიკურ პარტიას რამის გაკეთების თავი გაქვთ, ადექით და გააკეთეთ. ჰოდა, შევხედოთ, რას გააკეთებენ.