www.presage.tv
როზი ჯღამაია
04.07.2011
ამ რამდენიმე დღის წინ, facebook-ზე თინა ხიდაშელმა ერთი მარტივი კითხვა გამოაქვეყნა:
„8/6 ამბავზე ხმა არ ამომიღია, კომენტარიც არ გამიკეთებია, აქ ფბ-ზეც არავისთან დამიწერია. ძალიან ვერიდები ამ თემას. ბევრი მიზეზი მაქვს ამისათვის და მათ შორის, ბოლო წლების ურთიერთობები, რომელსაც ვაფასებ და ვუფრთხილდები. მაგრამ ერთი ამბავი მაწუხებს და დავწერ მაინც. მთავარი პოზიცია, როგორც მივხვდი დაახლოებით ასე ჟღერს რომ - 2 ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ დათვის, მორევის და ბაბაიას ამბავია დაახლოებით. მოკლედ, რაც დავათმობინეთ ეს უნდა შევირგოთ, მეტი არ გამოვიდოდაო და ამ მთავარ თეზასთან მაქვს პრობლემა. წარმოვიდგინოთ, ეს საკრალური და ნანატრი 6 საათი დადგა, 8-იანიდან არავინ მივიდა და მოაწერდნენ პალიკო, ჩვენ თვითონ და კიდევ ორი-სამი პარტია ხელს და მერე რა მოხდებოდა?!“
კითხვა მარტივია იმდენად, რამდენადაც პასუხი თავად კითხვაშია - „წარმოვიდგინოთ, ეს საკრალური და ნანატრი 6 საათი დადგა, 8-იანიდან არავინ მივიდა, მოაწერდნენ პალიკო, ჩვენ თვითონ და კიდევ ორი-სამი პარტია ხელს“. დიახ, სულ ეს იქნებოდა და ეს ხელმოწერა ხელისუფლებას შეეძლო თავისთვის შეენახა, რადგან არავისთვის საჩვენებლად ეს შეთანხმება არ გამოადგებდა. რატომ? – ამისთვის უამრავი არგუმენტი არსებობს, თუმცა თავიდან მოვყვეთ – რისთვის და რა მიზნით შეიქმნა „რვიანი“.
„რვიანის“ ისტორია 2010 წლის 30 მაისის იმ ავბედითი ადგილობრივი არჩევნებიდან იღებს სათავეს, როცა ხელისუფლების ნოუ-ჰაუებით მრავალგზის გაწბილებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა უვარგის საარჩევნო გარემოზე ჩივილით სერიოზულად რომ დააინტერესა საერთაშორისო თანამეგობრობა. არჩევნები ამ ქვეყანაში მანამდეც არაერთგზის გაყალბებულა და ამიტომ გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ დასავლეთის საარჩევნო გარემოს ცვლილებით დაინტერესებაში არჩევნებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. როგორც ჩანს, თავად სიტუაცია მომწიფდა და ამაში მავარი როლი 2008 წლის აგვისტოს ომს მიუძღოდა. და კიდევ - ამერიკას უკვე ობამა მართავდა, რომელმაც საპრეზიდენტო მოღვაწეობა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკით დაიწყო.
მოკლედ, 2008 წლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის რთული პერიოდი დადგა. მან აშკარად დაკარგა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, მაგრამ ვითარებას ის ართულებდა, რომ არც მისი და ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივა ჩანდა ქვეყანში.
საარჩევნო გარემოს ცვლილება დასავლეთის მხრიდან, პირველი დავალება იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უნდა ჩაებარებინა. თუ ამასობაში ოპოზიცია მოახერხებდა გაძლიერებას ამას არჩევნები გამოავლენდა და თუ არა, ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა. შეჩვეული ჭირის პრინციპია... ის, რომ საარჩევნო გარემოს ცვლილება დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნა იყო, ამაზე უფრო მყარი არგუმენტები არ მოიძევება იმის ასახსნელად, რატომ გამოვიდა დავით ბაქრაძე საარჩევნო გარემოს ცვლილების ინიციატივით.
თუმცა, მანამდე, 2010 წლის თებერვალში, ათმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ („რვიანის“ მთელი შემადგენლობა პლუს ნინო ბურჯანაძის და შალვა ნთელაშვილის პარტიები) ხელი მოაწერა „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიან დოკუმენტს, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს ცვლილებას ითვალისწინებდა.
იმავე პერიოდში „ქართული აკადემია“ გამოვიდა ინიციატვით, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ბრძოლის საერთო პრინციპები, ფორმები, ამოცანები და მათი განხორციელების გზები და საშუალებები.
„ქართული აკადემია“ იმედს გამოთქვამდა, რომ აღნიშნული ინიციატივას სხვა ოპოზიცური პარტიებიც შეუერთდებოდნენ, თუმცა, პირიქით კი მოხდა - ხელმომწერთა რიგებს ნათელაშვილი და ბურჯანაძე გამოაკლდნენ.
იყო შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხშირად უშედეგოც, მაგრამ ასე იყო თუ ისე, „რვიანი“ შედგა. იმის გამო, რომ სხვადასხვა რეიტინგების, მსოფლმხედველობის, ორიენტაციისა და გემოვნების პარტიები ერთი თემატიკის გარშემო გაერთიანდნენ, გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრის მკრთალი, მაგრამ მაინც, კონტურები შეიძლებოდა გამოკვეთილიყო.
„რვიანის“ შექმნა დასავლეთისთვისაც კომფორტული აღმოჩნდა, რადგან საარჩევნო გარემოს თემაზე ერთ პოზიციაზე მდგომ ჯგუფებთან უწევდა ურთიერთობა. პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობა დაუფარავად ითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ საარჩევნო გარემოს ცვლელებასთან დაკავშირებით „რვიანთან“ მიეღწია კონსესუსითვის. უფრო მეტიც, „რვიანში“ შემავალი პარტიის ლიდერები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთი ხელისუფლების მიერ მიღებულ ცვლილებას არ აღიარებდა თუ, მას „რვიანი“ არ მისცემდა ლეგიტიმაციას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლა იყო საჭირო, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ სააკაშვილს ძალაუფლება დაეთმო.
10 თვიანი მოლპარაკებების პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და ისე გასრულდა, რომ „რვიანმა“ იქედან ხელშესახები ვერაფერი წამოიღო. როგორც მოგვიანებით იძულებით აღიარეს, თავად „რვიანს“ შიგნით ჰქონდა პრობლემები, რაზეც თავიდანვე აკეთებდა გათვლას სახელისუფლებო გუნდი და მეორე - ოპოზიცურ ფლანგზე, სხვა ოპოზიციური პარტიების იმთავითვე უპერსპექტივო ბრძოლამ და საარჩევნო გარემოს ცვლილების, როგორც პროცესის მარგინალიზაციის მცდელობამ, საზოგადოებაში „რვიანის“ მხარდაჭერა შეასუსტა.
გარდა ამისა, თავად „რვინმაც“ ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველ რიგში, დასავლეთთან კეკლუცობით გაერთო და ხალხი საერთოდ დაავიწყდა, მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა თითქმის, საარჩევნო მარათონში იყო ჩაბმული. ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.
ამის მიუხედავად, „რვიანის“ პოზიციის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა არ შესუსტებულა და ამის დამადასტურებელი იყო ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ათთვიანი სიჯიუტის შემდეგ იძულებული გახდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე განეახლებინა საუბარი. სხვა შემთხვევაში, მას არაფერი რჯიდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მიჯდომოდა - არგუმენტად გამოიყენებდა „რვიანის“ „ულტიმატუმს“ და ცვლილებებს მათ გარეშეც შეიტანდა კოდექსში.
თუმცა, ასევე, ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მაინც თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. ის, რაც „ახლებმა“ და ქრისტიან დემოკრატებმა გააკეთეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ „რვიანისთვის“, საზოგადოებისთვის ზურგში დანის ჩარტყმა იყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათმა ამ ნაბიჯმა დასავლეთის მხარდაჭერა მეტ-ნაკლებად, შეასუსტა.
ამ ორეულის მხრიდან, ცოტა მეტი პრინციპულობა იყო საჭირო და, სულ მცირე, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ შედგებოდა და არც ამერიკის ელჩს მიცსემდა საბაბს ეთქვა: „მიგვაჩნია, რომ შეთანხმება, რომელსაც აღწევს, ერთი მხრივ, მმართველი გუნდი და მეორე მხრივ - ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ნაწილობრივ ეს პასუხობს ეუთო-ს მიერ უკანასკნელი არჩევნების ჩატარების შემდგომ გამოთქმულ შეშფოთებას, ასევე პასუხობს ხელმომწერი მხარეების მოთხოვნებს“.
მართალია, ჯონ ბასმა ამავე განცხადებაში აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში პროცესში გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, გააქტიურებენ საუბარს საერთო ენის გამოძებნის მიზნით“, მაგრამ აქაც ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა იყო ნათქვამი: „ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ვფიქრობ მე ან - ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ამ ქვეყნის მოსახლეობა“.
ბასის ამ განცხადებაში პირდაპირ იკითხება, რომ როგორ განვითარდება მოვლენები ეს მხოლოდ ქართულ საზოგადებაზეა დამოკიდებული. დღეს დასავლეთი მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს – ბოლოს და ბოლოს, ორმაგი სტანდარტები არც დასავლეთისთვისაა უცხო ხილი. სამომავლოდ, მათ მხარდაჭერას, ალბათ, მანამ არ უნდა ველოდოთ, სანამ ქართული საზოგადოება ვერ გააცნობიერებს, რომ ხელისუფლების შეცვლის ყველაზე ქმედითი იარაღი არჩევნებია და ლოზუნგი – „დემოკრატიული არჩევნები“ არ ჩაანაცვლებს „მიშა გადადექი“– ს. პრინციპში, ამის თავი რომ გვქონოდა... გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
ქართული საზოგადოება დღეს ღრმა დეპრესიაშია, შეიძლება ითქვას, არჩევნების, როგორც იარაღის ხმარება ჯერაც ვერ ვისწავლეთ და ეს, სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. რაც შეეხება არჩევნებში ზვიად გამსახურდიას და კომუნისტების ჭიდილის მაგალითად მოყვანას, ვფიქრობ, საკმაოდ სუსტი არგუმენტია, რადგამ მაშინ სხვა ვითარება იყო და ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, კომუნისტები სულს ისედაც ღაფავდნენ. ასე რომ, მოახერხებენ თუ არა „რვიანში“ დარჩენილი პარტიები ბოლომდე ერთად დგომას და რაც მთავარია, ხალხის, როგორც მთავარი სუბიექტის ამ გაერთიანებაში შეყვანას, ეს მათ მარიფათზეა დამოკიდებული, რაც ამ ეტაპზე უტოპიურადაც კი გამოიყურება.
„რვიანში“ დარჩენილი პარტიები დღეს აცხადებენ, რომ „ახლების“ და ქრიასტიან დემოკრატების ერთობიდან გასვლამ, მათი პოზიციები შეასუსტა, თუმცა, იქვე განმარტავენ, რომ ამიერიდან მათ მოქმედებების მეტი თავისუფლება ექნებათ.
აქ, ერთი საინტერესო მომენტი იკვეთება. კერძოდ, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც პროცესს უჭერდა მხარს, საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მანდატი „რვიანს“ მისცა. იგივე ითქმის დასავლეთზეც. თუმცა, როგორც კი გაერთიანება დატოვა ორმა პარტიამ, იმის მიუხედავად, რომ ექვსი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და ბრძოლას აგრძელებს, აღმოჩნდა, რომ ორი მეტია ექვსზე. ხელისუფლებამ შეთანხმებას მხოლოდ ორ პარტიასთან მოაწერა ხელი და არაფრად ჩააგდო 6 პარტიის პოზიცია. საზოგადოებას და თავად გაერთიანებაში დარჩენილ პარტიებს კი საიმისო ბერკეტი არ აღმოაჩნდათ ხელთ, რომ შეწინააღმედეგებოდნენ ამ თავსმოხვეული „ცვლილების“ გაფორმებას.
ის არგუმენტები, რომელსაც „ახლების“ და ქრისტიან დემოკრატებისგან ვისმენთ უკვე ღიმილისმომგვრელია. ქრისტიან დემოკრატებისგან ამ ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, მაგრამ სოციალურ ქსელებში „ახლებმა“დაიმსახურეს „რვიანის“ გულშემატკივრებისგან განსაკუთრებული რისხვა. ამ დროს კი, თუ თვალს გადავავლებთ „ახლების“ პოლიტიკურ „მოღვაწეობას“ გასაკვირი არც არაფერი უნდა ყოფილიყო.
2003 წელს, კარგად გვახსოვს, ბოლო წუთებში როგორ „გაუპრავა“ შევარდნაძეს პარლამენტი დავით გამყრელიძემ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მმართველობა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იწვნია და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, „ახლებმა“ საკუთარი ნაბიჯი პიარად გამოიყენეს. ერთი შეხედვით, „ვარდების რევოლუციისგან“ განზე გადგომა, მათი მხრიდან, თითქოს, შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო, მაგრამ თუ კონტექსტს გავიხსენებთ, რამ და ვინ აიძულა მაშინ დავით გამყრელიძე ეს ნაბიჯი გადაედგა, ყველაფერი სხვაგვარადაა.
მართალია, დღეს ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარაა, მაგრამ ის ხალხია ცოცხალი, რომელთაც კარგად ახსოვთ გამყრელიძეს შევარდნაძის პარლამენტში სასწრაფოდ მისვლა როგორ უბრძანეს, რათა ქვორუმი შემდგარიყო. ასე რომ, 2003 წლის რევოლუციაში მონაწილეობა-არმონაწილეობა სრულებით არ ყოფილა „ახლების“ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მაშინაც, გარკვეული ჯგუფების ინტერესების მსახურები იყვნენ.
ყველა პოლიტიკური პარტია რაღაც ინტერესს ემსახურება და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მიუღებელია, როცა ეს ინტერესები მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პირად კეთილდღეობას ემსახურება და ამ მსახურებას ხალხს აყვედრიან.
როდესაც დავით გამყრელიძეს მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით ვხედავდით ქუჩაში გასულს, როცა ნინო ბურჯანაძის კაბინეტის კარებთან სიცივისგან მობუზული გაზეთებში გახვეული ათენ-აღამებდა, როცა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს თავად გაუძღვა წინ რკინიგზის გადასაკეტად, ამის შემდეგ, როგორ შეიძლებოდა საარჩევნო გარემოს მოთხოვნით, მშვიდობიანი მანიფესტაცია გამხდარიყო მისთვის „რვიანის“ დატოვების მიზეზი - არგუმენტები გაამყარეთ ბატონო დავით!
რომ არა თქვენი სულსწრაფობა, ხელისუფლებას მუწევდა პასუხი გაეცა კითხვაზე - სურდა თუ არა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება? თუნდაც ხელისუფლებას არ დაეთმო საარჩევნო გარემო, საერთშორისო სამართლის ნორმების თანახმად, იქნებოდა თუ არა ლეგიტიმური ახალი პარლამენტი?
დღეს მამუკა კაციტაძეს ამ კითხვებზე ერთი პასუხი აქვს - „ჩვენ შედეგზე ვიყავით და ვართ ორიენტირებულები.“ შედეგში რას გულისხმობთ ბატონებო, იმ პარლამენტში შესვლას, სადაც ნაციონალები კონსტიტუციური უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი და თქვენი ფუნქცია მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერა იქნება? „პადოშიზაცია“ არის ის შედეგი, რომელსაც ხელი მოაწერეთ და ამას უკვე აღარაფერი შეცვლის, რადგან კაციტაძისგან ჩვენ სხვა პასუებიც გვახსოვს, მაგალითად: „ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ან კი თქვას და ან – არა. ამ შემთხვევაში, არაც პასუხია“ და კიდევ: „თუ ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ წავა, მაშინ, „რვიანი“ საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტს როგორ მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე.“
საინტერესოა ვინ უთხრა „ახლებს“, რომ საზოგადოებას სწორედ ეს უნდოდა, რასაც „ახლებმა“ და ქრისტიან დემოკრატებმა მოაწერეს ხელი? და კიდევ, მართლა მაინტერესებს, წლების განმავლობაში, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა თქვენი აქტიურობა, რომელიც პარტიის რეიტინგზე დადებითად მოქმედებდა, როგორ ახერხებთ, რომ ყოველთვის, ერთი ხელის მოსმით, ერთ დღეს გაანადგუროთ?
რაც შეეხება ქრისტიან დემოკრატებს, მათზე ალბათ, არც კი ღირს ბევრი საუბარი, აქ ყველფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ახლებს“ გამჭრიახობით ნამდვილად აჯობეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გამყრელიძე დეპრესიაში ჩაეგდოთ და თავი პირველს გააყოფინეს ლომის ხახაში. თავად კი შეეცადნენ, რომ გაუსვრელად გაევლოთ „სირცხვილის კორიდორი“, რომელიც „ახლებმა“ გაუკეთეს, მაგრამ სააკაშვილი იმის ჩიტი არაა, რომ ასე მარტივად, გაუსვრელად გამოეყვანა ისინი ასპარეზზე. სწორედ „ახლების“ და ქრისტიან დემოკრატების კომპრომიტირებისთვის იყო ჩადებული შეთანხმებაში მილიონი ლარის გამოყოფა იმ პარტიებისთვის, ვინც ხელს მოაწერდა შეთანხმებს და 5%-ან ბარიერს გადალახავდა.
კაციტაძე კი გვარწმუნებს, რომ მათი ძალისხმევით ამოაღებინა ეს მუხლი ხელისუფებას, მაგრამ ჯერ ერთი, კოდექსში ამის ჩაწერა ისედაც აბსურდი იყო და ამის გაკეთებას არც ხელისუფლება აპირებდა. სხვათა შორის, სოსო ცისკარიშვილმა სწორედ შენიშნა, 24 საათიანი ულტიმატუმიც, რომელიც ხელისუფლებამ დაუწესა „ახლებს“ და ქრისტიან დემოკრატებს, შემთხვევითი არ ყოფილა. ხელისუფლება ცდილობდა, თარგამაძის და გამყრელიძის ამერიკულ ვოიაჟამდე მოესწრო მათთან შეთანხმების გაფორმება, რათა პარტნიორებად ექცია და ამით თავი დაეზღვია, რომ ოკეანის გაღმა ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩვენებები არ მიეცათ.
დასანანია, რომ გიორგი თარგამაძემ ეს უკანასკნელი შანსიც ვერ გამოიყენა იმ სიბინძურის ჩამოსარეცხად, რომელსაც სისტემატიურად ახსენებენ. დასანანია, რადგან მისი, როგორც პოლიტიკოსის გაწონასწორებული ხასიათი, ლოგიკა და თავდაჭერილობა დღეს ბევრს აკლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ადამიანები ანგელოზები არ არიან და როგორც ყველას, მასაც ჰქონდა მონანიების შანსი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭაობიდან თავის დაღწევა მის ძალებს აღემატებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას უკვე გაკეთებული აქვს მონახაზი, ვის შეიძლება დაეყრდნოს ამ არჩევნებზე. „ახლებს“ და ქრისტიან დემოკრატებს გვერდს დაუმშვენებს ეროვნულ დემოკრატიული პარტია ბაჩუკი ქარდავას ხელმძღვანელობით.
ედპ-ს რეიტინგი ალბათ მოსატანიც არაა, მაგრამ ნაციონალები უკვე ზრუნავენ მათ გაძლიერებაზე. ყალბი ხმები არც ედპ–ს აწყენს, მითუმეტეს, რომ აგვისტოს ომის დროს მოახერხეს ნაციონალების გულის აჩუყება.
შესაძლოა ბევრს არც ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ზუგდიდში, ენგურის ხიდთან ედპ-მ რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. სწორედ მაშინ, გიგა ბოკერიას დავალებით, ედპ-ს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესთავაზეს. მართალია, მას შემდეგ თავი არ გამოუჩენიათ, რადგან არც ამის ნიჭი აღმოაჩნდათ, მაგრამ საჭირო მომენტში, მცირეოდენი წვლილის შეტანას ალბათ, მაინც მოახერხებენ ნაციონალების საარჩევნო ყულაბაში.
სხვათა შორის, საინტერესოდ გამოიყურება ამ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური არხებით გახმაურებული საერთაშორისო ორგანიზაცია „Greenberg Quinlan Rosner Research“-ის კვლევის შედეგები. მკითხველი ალბათ, ბევრ საყურადებო ნიუანსს დააფიქსირებს. ტელეკომპანიები, „რუსთავი 2“ და „იმედი“ გვარწმუნებენ, რომ 6-9 ივნისს, 1200 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად „გამოკითხულთა 77 %-მა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 61 % „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას, 13% - ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, 9 % - ლეიბორისტულ პარტიას(?!). დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა არიან და 1 და 2 პროცენტებს შორის მერყეობენ“.
მოცემულ მომენტში მნიშვნელობა არ აქვს, კვლევა შესაბამება თუ არა რეალობას, მთავარია, რომ კვლევები ნათლად ასახავს ხელისუფლების სურვილებს და როცა მათ რაღაც სურვილები აქვთ, გამოცდილება გვკარნახობს, რომ მის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.
ამიტომ, უკვე „ექვსიანს“ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. „თეთრი ხელთათმანებით“ რომ ვერაფერს მიაღწევენ, ალბათ, უნდა აცნობიერებდნენ. მათ ახლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა - ეს პარტიები „პადოშიზაციასა“ და მარგინალიზაციას შუა არიან გაჩხერილები და როგორ დააღწევენ ამას თავს გაუგებარია.
საკმარისია, მცირეოდენი შეცდომის დაშვება და „ექვსიანიც“ ისეთივე მარგინალური გახდება, როგორიც სხვა ბევრი გვყავს. სწორედ მათ მონდომებაზე, გამძლეობაზე, პრინციპულობაზე, ხალხთან ურთიერთობაზე და მიწაზე დაშვების უნარზეა დამოკიდებული ექნება თუ არა ამ ქვეყანას მომავალი. თუ მათ იმ ამოცანას ვერ გაართვეს თავი, რომელიც დაისახეს, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას, ალბათ, 20-30 წელი ვერ ვეღირსებით, რასაც თავადაც აღიარებენ.
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.