თავმჯდომარეების ხელფასებისთვის უგულავა
ყოველთვიურად 1 800 000 ლარს ხარჯავს
ავტორი მაგდა პოპიაშვილი
მარტი, 2010
გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატია. მან პირობა დადო, რომ ადგილობრივ არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსებს არ გამოიყენებს. პირობა დადო „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და, მემორანდუმზე მიერთებით, ვალდებულება აიღო, უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარეც დაიქადნა: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს სუფთად და გამჭვირვალედ. ყველა სახელმწიფო მოხელეს ვაფრთხილებ: იმოქმედონ კანონის ჩარჩოებშიო“.
თითქოს გარეგნულად ყველაფერი კარგად არის, დემოკრატიის ყველა პრინციპი წინასაარჩევნოდ დაცულია, თუმცა, რა ხდება „ნაცმოს“ კულუარებში? ვინ ვინ და, ხელისუფლებამ ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ, თუ ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მართლაც იტყვის უარს, არათუ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში არჩევნებს წააგებს.
ბაქრაძის გაფრთხილება თუ სახელმწიფო მოხელე გიგი უგულავას, გამგებლებსა და მისივე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებსაც ეხება, ის დროა, მათი პასუხისმგებლობის საკითხს უკვე აყენებდეს, რადგან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ კანონის დარღვევის მაგალითები უკვე მრავლადაა. ეს იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადების პარლამენტის თავმჯდომარეს თვითონ მაინც სჯერა.
უგულავას ხმების ხაზინადარები
2004 წელს თბილისის მერიამ სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური - „თბილისის კორპუსი“ შექმნა, სამსახურის ჩამოყალიბების მიზანი ერთობ კეთილშობილური იდეით „შეფუთა“ - მას კორპუსის მაცხოვრებელთა პრობლემების მოგვარება დაევალა. თუმცა, თბილისის თითოეულმა მაცხოვრებელმა იცის, რომ კორპუსის თავმჯდომარეთა ვალდებულებებში მხოლოდ მერიის შესაბამის სამსახურამდე მისი და მისი მეზობლების პრობლემის მიტანა არ შედის. ისინი „ნაცმოძრაობის“ დანამატებად იქცნენ, თითოეული მეზობლის პოლიტიკურ ორიენტაციას აკონტროლებენ, „დანოსებსაც“ დაუზარელად წერენ იმ საჯარო მოხელე მეზობლებზე, რომლებიც „პარტიის კურსს“ არ იზიარებენ, საარჩევნო კამპანიასაც ეწევიან და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებსაც აკონტროლებენ, მათ მიერ დამუშავებულმა თითოეულმა ადამიანმა არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს.
ეს სწორედ ის მეთოდია, რომლითაც ხელისუფლება ბოლო ორი არჩევნებია, თითოეულ ხმას მაქსიმალურად აკონტროლებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ კორპუსის ამხანაგობების რაოდენობა სწორედ არჩევნების წინ იზრდება: 2006 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2 500 ამხანაგობა დარეგისტრირდა, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ - კიდევ ერთი ამდენი.
კორპუსის თავმჯდომარეები საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის ოფიციალურად ანაზღაურებას არ იღებენ, თუმცა, ხელისუფლება გაწეული მუშაობისთვის ხელფასს ფარულად მაინც უხდის. ეს თანხა თითო თავმჯდომარეზე 300 ლარს შეადგენს. დღეისათვის თბილისის მასშტაბით 6 000 ამხანაგობაა დარეგისტრირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისის კორპუსის თავმჯდომარეებზე „ნაცმოძრაობა“ თვეში 1 800 000 ლარს ხარჯავს. ცხადია, ეს ერთჯერადი თანხა არ არის და კორპუსის თავმჯდომარეებს, როგორც გავარკვიეთ, ამ თანხას დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უხდიან. და თუ 1 800 000-ს თუნდაც მინიმუმ 3 თვეზე გადავამრავლებთ (როდესაც აქტიური წინასაარჩევნო საქმიანობით არიან დაკავებულნი), აღმოჩნდება, რომ ამ სამ თვეში ხელისუფლების მაღალჩინოსნები 5 400 000 ლარს მხოლოდ კორპუსების თავმჯდომარეებს უხდიან. ამას დავამატოთ თავმჯდომარეთა ე.წ. თანაშემწეები, რომლებსაც საკუთარი სადარბაზოების გაკონტროლება ევალებათ, ნაცმოძრაობის კოორდინატორები და მიკროკოორდინატორები, რომელთა ხელფასიც თვეში 100-150 ლარია და კოლოსალურ თანხებზე გავალთ.
2010 წლის მარტის დასაწყისში ბაზალეთზე თბილისის მერმა, გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა კორპუსების თავმჯდომარეები რაიონების მიხედვით შეკრიბეს, თვითმმართველობის არჩევნებში მათი კანდიდატები წარუდგინეს, მორიგი ინსტრუქციებიც გააცნეს, ანაზღაურების საკითხის გაურკვიეს, ფართების დაკანონებას, პატიმრობაში მყოფი ახლობლებისთვის სასჯელის შემსუბუქებას და სხვა უამრავ შეღავათს დაპირდნენ, ბოლოს კი დიდი ბანკეტიც გადაუხადეს და თბილისში კმაყოფილები დააბრუნეს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ორი სხვადასხვა უბნის თავმჯდომარის მიერ დაწერილი ანგარიში და ის დღის წესრიგი, რომლითაც ეს შეხვედრები იმართებოდა. გთავაზობთ მათ უცვლელი სახით:
„ქალაქ თბილისის მერია
სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური -
„თბილისის კორპუსი“ - ს ორგანიზებით
საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე არებული ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების გასვლითი შეხვედრა-სემინარი ბაზალეთის ტბაზე მდებარე დასასვენებელ კომპლექსში
8 მარტი, 2010 წელი
სემინარის განრიგი
სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური -
„თბილისის კორპუსი“ - ს ორგანიზებით
საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე არებული ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების გასვლითი შეხვედრა-სემინარი ბაზალეთის ტბაზე მდებარე დასასვენებელ კომპლექსში
8 მარტი, 2010 წელი
სემინარის განრიგი
11:30 - რეგისტრაცია
12:00 - სემინარი გახსნა სამსახურის უფროსმა ქეთევან აბდუშელიშვილმა, მან ისაუბრა ამხანაგობების წინაშე დამდგარ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მანვე საზოგადოებას წარუდგინა საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: დავით გელაშვილი, ზაზა სიანურიძე და ნინო თევდორაძე.
12:30 - ვაკე-საბურთალოს გამგებელმა, დავით გელაშვილმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა რაიონის საჭირბოროტო საკითხებზე და საზოგადოების წინაშე წარადგინა, სავარაუდოდ, პარტიული სიით დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი არევაძე.
13:00 - დეპუტატობის კანდიდატების, ზაზა სინაურიძის და ნინო თევდორაძის გამოსვლა. მათ მოკლედ ისაუბრეს თავიანთი წარსული და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.
14:00 - შესვენება, ლანჩი
15:00 - საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი მელაძის საუბრები ამხანაგობების თავმჯდომარეებთან.
ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლამ, რომელმაც ისაუბრა თავისი კორპუსის პრობლემებზე და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის ყოფილ და ამჟამინდელ გამგებელს, გამოიწვია გიორგი მელაძის გაღიზიანება, რომელმაც პირდაპირ საყვედურით მიმართა ქალბატონს - „მე თქვენ ბევრი გაგიკეთეთ და მადლობის მაგივრად თქვენმა კორპუსმა ხმები „გრეჩიხას“ მისცაო“. ამის შემდეგ დარბაზი დატოვა.
16:00 - ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჯაფარიძე. მისი გამოსვლა შეეხო ქალაქის არქიტექტურულ ნაწილს. კერძოდ: კორპუსებზე მიშენებების და სახურავებზე დაშენების საკითხებს, აგრეთვე, ავტოფარეხების, წითელი ხაზებისა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
დისკუსია
17:00 - ქ. თბილისის მერის, გიგი უგულავას გამოსვლა: მან ტრაფარეტულად, ანუ ისე, როგორც ტელევიზიით გამოსვლების დროს, ისაუბრა ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე (რკინიგზის სადგურის გადატანაზე, გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს გზასთან შემაერთებელ გზაზე, ძველ უბნებში ავარიულ სახლებზე და ქალაქის სხვა პრობლემებზე). მანვე აღნიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, თუ საკრებულოში იჯდებოდა „ჭრელი ოპოზიცია“, რადგან ამ გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იქნებოდა. ასევე, გაიხსენა შულავერის კომიტეტი, ნოღაიდელი და მინიშნებით მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ( ჩემი ვარაუდით გიორგი ჭანტურია), რომელიც გაზის ტარიფს მაღალს უწოდებს, და, თუკი მას სურვილი ჰქონდა, შევარდნაძის დროს ამ საქმეს ხელმძღვანელობდა და მაშინ გაეიაფებინაო.
18:00 - ბანკეტი
მაღალი დონის ბანკეტი გაიმართა დაახლოებით 250 კაცზე. თამადა გახლდათ დავით გელაშვილი, რომელიც შესანიშნავად გაუძღვა სუფრას. ბანკეტის მსვლელობას თან ახლდა ცნობილი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების გამოსვლები.
ბანკეტს გიგი უგულავა არ დასწრებია.
22:00 - დაბრუნება თბილისში“.
მეორე თავმჯდომარის ანგარიში:
„მოგახსენებთ, რომ ვაკის რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარი კოორდინატორის, თია ბარნოვის მიერ, გამოძახებული ვიყავი თბილისის კორპუსის ვაკე-საბურთალოს კორპუსების თავმჯდომარეების შეკრებაზე, ვინაიდან ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარე მე გახლავართ.
შეხვედრა მოხდა ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გველოდებოდა 15 ყვითელი ფერის ავტობუსი და ვაკე-საბურთალოს გამგეობის წევრები. ავტობუსებით ჩავედით ბაზალეთის ტბაზე არსებულ დასასვენებელ კომპლექსში. შეკრება გაიხსნა 10:30-ზე საკონფერენციო დარბაზში. ხელმძღვანელობის მაგიდებთან, რომელიც განლაგებული იყო დარბაზის ცენტრში, ისხდნენ ვაკე-საბურთალოს გამგებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავისი მოადგილეებით. ასევე, მაგიდის საპირისპირო კუთხეში ისხდნენ ვაკის მაჟორიტარი ვატო ნაცვლიშვილი, და საბურთალოს მაჟორიტარი ოთარ კაპანაძე. მიდიოდა აგიტაცია, თუ როგორ აუცილებელია მხარდაჭერა ამ პიროვნებებისთვის და ქალაქის მერის, გიგი უგულავასათვის, რათა გაუმჯობესდეს ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და, საერთოდ, ყველა მათი ყოფითი პრობლემა.
სიტყვით გამოდიოდნენ სათითაოდ ქალაქის მერი, გამგებელი, თბილისის კორპუსის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატები. მთავარი თხოვნა იყო, რომ თითოეულ კორპუსში ჩატარებულიყო აგიტაცია გიგი უგულავას და მაჟორიტარების მხარდასაჭერად ადგილობრივ არჩევნებზე. თხოვნით მოგვმართავდნენ ვაკე-საბურთალოს გამგებელი დათო გელაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი თავმჯდომარე. კოორდინატორებს დაგვპირდნენ ხელფასს, 300 ლარის ოდენობით. აგრეთვე, იმ პრობლემების მოგვარებას, რასაც პატიმრების (უდო) და კომერციული ფართების დაკანონებას ეხება, რომელიც არის განლაგებული ეზოებისა და შენობების ტერიტორიაზე. სხდომის მსვლელობის დროს, 14:00-ზე გაკეთდა სადილი (ლანჩი) საკმაოდ მაღალ დონეზე. ხოლო 17:00-ზე კი ჩატარდა ბანკეტი. სუფრას თამადობდა ვაკე-საბურთალოს გამგებელი დათო გელაშვილი.
საბოლოო ჯამში ხალხი დანაყრებული, კმაყოფილი და დაიმედებული ჩამოვიდა თბილისში. ისინი ყველანი შემდგომი საქმიანობისთვის დაბარებულნი არიან ადგილობრივ მმართველობაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.“
მოკლედ, გიგის ხმები საიმედო ხელშია, 300 ლარად რას არ იზამს კაცი, ჰოდა, ამხანაგობების თავმჯდომარეებმაც უკვე დაიკაპიწეს ხელები და ციბრუტუვით ტრიალებენ, ერთი ხმა არ უნდა დააკლდეს გიგის და „ნაცმოს“. არავინ კითხულობს, საიდან მოაქვს ხელისუფლებას ის თანხა, რასაც მას უხდის. ამ თანხების წარმომავლობა არავინ იცის - შავი ფულია თუ ჩვენი ჯიბეებიდან აკრეფილი გადასახადები. ამ თანხებს ნაცმოძრაობა საარჩევნო დეკლარაციაში არასოდეს აფიქსირებს, ბიუჯეტიდან ამგვარი დაფინანსება გამოყოფილი, ცხადია, არ არის. ფაქტი ჯიუტია - ხელისუფლება საარჩევნო ბაზარზე შავ ფულს ხარჯავს და პასუხისმგებლობის ნაცვლად, არჩევნებში გარანტირებულ გამარჯვებას იღებს. აი, ასეთი არჩევნები გველის წინ. და რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად გამართულია საარჩევნო სიები ან რამდენად სამართლიანი საარჩევნო გარემოა ქვეყანაში.