გაზეთი ”ვერსია”, 20.07.11
ავტორი ნინო კომახიძე 

პარლამენტში ,,ექვსიანის'' მხარდამჭერი ფრაქცია, ,,ერთობა სამართლიანობისთვის'' შეიქმნა. მართალია, მასში შემავალი დეპუტატები კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ჯერ ისევ გატკეპნილი განცხადებებით გვპასუხობენ _ ,,ქვეყანას უჭირს, როგორც არასდროს'' და ,,სამშობლოა გადასარჩენი''. თუმცა ფაქტია, ეს ახალი გაერთიანება, 5 თვის მანძილზე გიორგი ცაგარეიშვილის მეთაურობით, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ,,ექვსიანის'' საპარლამენტო რუპორი იქნება.

  სხვათა შორის, ამ ექვსკაციანი ფრაქციის შემადგენლობაც, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ექვსპარტიული კოალიციისა. ყოფილი ,,ნაციონალი'', თამაზ დიასამიძე, მუდმივად მარტო მოთამაშე, ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების ერთადერთი ღია მხარდამჭერი დეპუტატი, კარლო კოპალიანი, ამჯერად ალასანიასპარტიელი, გიორგი ცაგარეიშვილი, ნოღაიდელის დაშლილ პარტიაში მეორე კაცი. პეტრე მამრაძე და ადამიანის უფლებათდამცველი. დიმიტრი ლორთქიფანიძე _ ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც, როგორც თავად აცხადებენ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდებიან, როცა ფრაქციისთვის კუთვნილ დაფინანსებას მიხეილ მაჭავარიანი გამოუყოფთ და ამის შემდეგ ,,გვიჩვენებენ, რა შეუძლიათ''. შესაძლებლობების ჩვენებამდე კი ,,ვერსია'' იმის გარკვევას შეეცადა, რა მთავარმა ნიშანმა გააერთიანა ფრაქციაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი და წარმომადგენელი დეპუტატები. მოცემულობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. როგორც პეტრე მამრაძემ ორაზროვნად განაცხადა, ფრაქციის ერთ-ერთი, თუმცა არაპირდაპირი მიზანი, თავისუფალი არჩევნების მიღწევაცაა: ,,ქვეყანა უკვე კარგა ხანია, იმ ფაზაში შევიდა, როცა განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური პროგრამა აქვს, მთავარ ფუძემდებლურ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაცაა. მხარს დავუჭერ ნებისმიერ პოლიტიკურ წინადადებას, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო კოდექსს, რეალურად შეცვლის გარემოს. ამას ექვსიანი მოითხოვს, 36-იანი, თუ ვინმე სხვა, მნიშვნელობა არ აქვს''. აი, კარლო კოპალიანისთვის კი ძალიანაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია, მისი ახლადგამომცხვარი ფრაქცია ვინმეს ტრიბუნად არ იქცეს. სხვათა შორის, კოპალიანს ფრაქციის შექმნის ისტორიაზეც განსხვავებული შეხედულება აქვს. როგორც ჩანს, ეს ოპოზიციური გაერთიანება მისი წყალობით შეიქმნა, როცა სახალხო კრების აქციაზე დაპატიმრებულ კოპალიანს პარლამენტიდან მხოლოდ ეს 5 დეპუტატი გამოეხმაურა. რაც მთავარია, სახალხო კრების მხარდამჭერი დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს ვინმეს პოლიტიკური ინტერესების გახმოვანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფრაქციის დატოვებით იმუქრება: ,,27 მაისს ბრიფინგი ჩავატარე, სადაც საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. მეც ვიყავი იმ აქციაზე. დამაპატიმრეს, გამკოჭეს, მანქანაში ჩამსვეს და ,,ელიავას'' ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამტოვეს. გაუგონარი ამბავია, პარლამენტარს მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის იჭერდნენ. ჩემი ბრიფინგს მერე ინიციატივა გამოიჩინა დეპუტატების ჯგუფმა, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და დღეს, მე ამ ხალხთან ერთად ფრაქციაში ვარ. ჩვენი ფრაქცია ნებაყოფლობითაა შექმნილი, არავის არაფერი დაუძალებია ამ 6 კაცისთვის. არც ერთ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ფრაქცია რომელიმე პოლიტიკურ ძალას გაახმოვანებს. თუკი ვინმეს ამის ამბიცია გაუჩნდება, მე ამ ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. არავითარი პარტიის რუპორობა, არავითარი ,,ექვსიანი'' და სახალხო კრება! ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, ამ ფრაქციაში ექვსივე წევრი ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომ ვიყოთ. თუკი, ვთქვათ, გია ცაგარეიშვილს, როგორც პარტიის წევრს, რამეზე საკუთარი აზრის გამოთქმა მოუნდება, იგი პარლამენტის დარბაზში კერძო პირის და არა პარტიის სახელით გამოვა''. გიორგი ცაგარეიშვილზე პრაგმატული კი მისი ლიდერი, ირაკლი ალასანია აღმოჩნდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, ღიად და დაუფარავად განაცხადა, პარლამენტში დასაყრდენს ვიკეთებ და ეს დასაყრდენი, ბუნებრივია, მხოლოდ ცაგარეიშვილი ვერ იქნებაო. თავად ცაგარეიშვილი კი კონკრეტიკას ჯერ ისევ ,,სვეუბედური და ბედკრული'' საქართველოს გამოხსნაზე საუბარს ამჯობინებს და დიდი ამბიციაც აქვს _ გზად და ხიდად მოევლინოს დაქსაქსული ოპოზიციის წარმომადგენლებს: ,,პრაგმატული მიზანიც ესაა, პირდაპირიც და კონკრეტული სტრატეგიაც _ ამ ქვეყნის გამოხსნისა და კატასტროფული სიტუაციიდან გამოყვანის სურვილი გვაერთიანებს. როცა ალასანია საპარლამენტო დასაყრდენზე საუბრობდა, ალბათ, ამ ფრაქციას გულისხმობდა. თუმცა, ჩვენ ურთიერთობა ყველასთან გვექნება, მათ შორის, ,,ექვსიანთანაც''. ერთადერთი წარმომადგენელი ვარ ,,ექვსიანში'' შემავალი პარტიისა და იმდენი გონება მაინც მაქვს, დანარჩენ 5 კაცს ჩემი პარტიული ინტერესები თავს არ მოვახვიო. ამ ფრაქციას რომელიმე პარტიის გამგრძელებლად და კუდად ნუ მოიაზრებთ რა, ძალიან გთხოვთ. ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანები ვართ და ეს ხედვები ზომიერების ფარგლებში მოვთოკეთ. ,,ექვსიანის'' გარდა, ფრაქცია მუდმივ ურთიერთობაში იქნება ბურჯანაძესთან, ნათელაშვილთან და ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომელსაც მართლა გულით სურს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ვეცდებით, ამ პოლიტიკურმა ძალებმა ბევრი გადაკვეთის წერტილი იპოვონ და მათ შორის დღემდე არსებული კონფრონტაცია მინიმუმამდე დავიდეს. ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია, მაგრამ თუ ეს ფრაქცია ამის ასპარეზად გამოდგება, რატომაც არა?!'' ყველაზე გულწრფელი კი მაინც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღმოჩნდა, რომელმაც მკაფიოდ და დეკლარირებულად განაცხადა, არათუ ,,ექვსიანის'' პოზიციების გამხმოვანებელი, არამედ უშუალო შემსრულებელიც ვიქნებიო: ,,ეს გაერთიანება სპონტანურად არ შექმნილა. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდა. მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისაც სახელისუფლებო გუნდიდან. მაგრამ ერთობა შედგა და ჩვენი მოღვაწეობის პირველივე თვეებში გამოჩნდება, შეგვიძლია თუ არა, პოლიტიკური პროცესები ვმართოთ არა მარტო პარლამენტის დარბაზში, არამედ მის გარეთაც, ან რამდენად ჩამოვყალიბდებით პოლიტიკური მიზიდულობის ახალ ცენტრად, რომელიც უნივერსალური გამოყენებისა იქნება ჯანსაღად მოაზროვნე ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. სიტყვასიტყვით ასე დაწერეთ: მას მერე, რაც ,,რვიანიდან'' ორი პოლიტიკური სუბიექტის ლუსტრირება მოხდა, დღესდღეობით, პოლიტიკურ ,,ექვსიანს'' დიდი შანსი აქვს, კარგად გამოიყენოს ეს ახალი პოლიტიკური მოცემულობა პარლამენტში და მთლიანად შეასრულოს ხალხის დაკვეთა. ეს დაკვეთა კი რეალური ცვლილებებია ქვეყანაში, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საარჩევნო გარემოს რეალური ცვლაა. ,,ექვსიანი იქნება თუ ნებისმიერი პარტია, არამცთუ მათი ჯანსაღი პოზიციის გამხმოვანებლები, არამედ უშუალო შემსრულებლებიც ვიქნებით!'' რა წინსვლას მოუტანენ ,,ექვსიანს'' ბაღათურია, დიასამიძე, ლორთქიფანიძე და სხვები, ამას მომავალ სექტემბერს, სულ ორ თვეში ვნახავთ, როცა საშემოდგომო სესიები დაიწყება და ბიურო ახალი ფრაქციის დაფინანსების საკითხზე იმსჯელებს. მანამდე კი ცნობილი მხოლოდ ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯია, რასაც ,,ერთობა სამართლიანობისთვის'' პირველ რიგში მოითხოვს _ ეს 26 მაისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მიზანშეწონილობის დაყენებაა 3 სექტემბერს, ბიუროს პირველივე სხდომაზე. 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.