ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia
შეხვედრის ადგილიცესკო
24 ნოემბერი, 2010

ოქმი #2

2010 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი  შეხვედრა.
შეხვედრას, დადგენილი წესის თანახმად, თავმჯდომარეობდა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გია თორთლაძე.
შეხვედრის დაწყებისთანავე ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ ყოველ შეხვედრაზე ყველა სუბიექტი ხელმოწერით დაადასტურებს წინა შეხვედრის ოქმს. შეხვედრაზე აღნიშნული წესით დამტკიცდა ოქმი #1 და მისი დანართები.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დასვა  ეროვნული ფორუმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის საკითხი. ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები ფიზიკურად არ დასწრებიან სხდომებს, თუმცა არსებული ინფორმაციის თანახმად ეროვნულმა ფორუმმა თავისი მანდატი გადასცა რვა პარტიის ერთობას, რომლის შემადგენლობაში შედიან: ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატული პარტია,  რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნული ფორუმი და ხალხის პარტია. რვა პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ფორუმისთვის მათთვის გადაცემული მანდატი არ ნიშნავს იმას, რომ ფორუმმა მოახდინა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლების დელეგირება (რაც შეთანხმებებით აკრძალულია); ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დანარჩენი 7 პარტიის მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და ხედვებს ეთანხმება ეროვნული ფორუმიც. მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღების წესი (ოქმი #1-ის დანართი) შემუშავებულია ეროვნული ფორუმის მონაწილეობით და მისი საბოლოო ტექსტი მოწონებულია მისი ხელმძღვანელის მიერაც. რაც შეეხება სხდომებზე დასწრებას, ყველა პარტიას შეუძლია დაესწროს ან არ დაესწროს ამა თუ იმ სხდომას.
ამ საკითხზე გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IFES-ი დაუკავშირდება ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებს და მოიპოვებს ინფორმაციას საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში მათი წარმომადგენელების ვინაობის შესახებ.
მონაწილეთა შეთანხმების მიხედვით, რვა პარტიის ერთობამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც დაესწრებიან სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია: ეკა ჩაფიჩაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული და სამართლიანი განვითარების საზოგადოება. რვა  პარტიის ერთობის მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის (ქართული აკადემია, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის და სხვა)  კანდიდატია: კახა კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია - საარჩევნო PR ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრი. რაც შეეხება საპარლამენტო პარტიებს ისინი კანდიდატს დაასახელებენ შემდეგ შეხვედრაზე, მრეწველები -ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს განსახილველი საარჩევნო თემების ნუსხაზე და თანმიმდევრობაზე. დისკუსიის შემდეგ ყველა მონაწილე დაეთანხმა ბატონი დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომ შეხვედრებზე განსახილველი თემების თანმიმდევრობა შეესაბამებოდეს თემებს  საარჩევნო კოდექსის თავების მიხედვით, ხოლო პოლიტიკურმა სუბიექტებმა პრეზენტაცია გააკეთონ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებზეც მომზადებული აქვთ ხედვები და წინადადებები. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დღის წესრიგში შემოიტანონ ისეთი თემები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში არ არის, მაგრამ ისინი საჭიროდ მიიჩნევენ მათ განხილვას. ბატონმა  უსუფაშვილმა აგრეთვე გააცნო მონაწილეებს რვა პარტიის ერთობის მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც განსახილველი თემების თანმიმდევრობითაა შემოთავაზებული (დანართი 1); ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მონაწილეებს წარუდგინა განსახილველი საკითხების ნუსხა (დანართი 2);  პოლიტიკურმა გაერთიანებამ - ქართული დასი,  შეხვედრის მონაწილე პარტიებს წინა შეხვედრაზე გააცნო   მისთვის მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხა  და განაცხადა რომ აღნიშნულ დოკუმენტს  მიაწოდებდა IFES -ს (დანართი 3), ხოლო პოლიტიკურმა გაერთიანებამ  - ჩვენ თვითონ აღნიშნა რომ განსახილველი საკითხების ნუსხას პირდაპირ გადაუგზავნიდა  IFES-ს (დანართი 4). დანარჩენმა მონაწილეებმა საკუთარი პრეზენტაციების თემები უნდა წარმოადგინონ შემდეგი შეხვედრისთვის.
მონაწილეთა შორის შეთანხმების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ყოველ ორშაბათს IFES-ს მიაწოდებენ პრეზენტაციებს, ხოლო IFES-ი, თავისმხრივ, სამუშაო პროცესში მონაწილე სუბიექტებს დაუგზავნის პრეზენტაციებს, რათა შეხვედრის მონაწილეები წინასწარ გაეცნონ მასალას და მოემზადონ დისკუსიისთვის.
როგორც სამუშაო ჯგუფში მონაწილე სუბიექტებმა გადაწყვიტეს, შეხვედრების პირველი ეტაპი  დაეთმობა პრეზენტაციების წარმოდგენას და კითხვა-პასუხს, ხოლო მეორე ეტაპი  - საკითხებზე შეთანხმებას და პირველი მოსმენით მათ მიღებას. დაისვა რამდენიმედღიანი გასვლითი შეხვედრის საკითხიც, რომლის დროსაც რამოდენიმე თემაზე მომზადებული პრეზენტაციების მოსმენა იქნებოდა შესაძლებელი. გადაწყდა, რომ ეს საკითხი დამუშავდეს დონორებთან კონსულტაციებით. 
ბატონმა პავლე კუბლაშვილმა მონაწილეებს შესთავაზა იმ სამსახურების წარმომადგენლების მოწვევა შეხვედრაზე, რომლებიც თემატურად იქნებიან დაკავშირებული განსახილველ საკითხებთან,  როგორიცაა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (პოლიცია), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და სხვები. მონაწილეებიშეთანხმდნენ, რომ პრეზენტაციის გამკეთებელ სუბიექტებს შეუძლიათ მოიწვიონ  პირები სხვადასხვა სამსახურებიდან და ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებიც, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მუდმივად დაესწრებიან დისკუსიებს. მოწვეულ წარმომადგენლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ პრეზენტაციები პოლიტიკური სუბიექტების თანხმობის შემთხვევაში.  
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 2010 წლის 1 დეკემბრის შეხვედრისთვის განსახილველი თემები იქნება:
·         ზოგადი დებულებები
·         ამომრჩეველთა რეგისტრაცია
ამომრჩეველთა რეგისტრაციის თემაზე პრეზენტაციის გაკეთების მზადყოფნა გამოთქვეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და რვა პარტიის ერთობამ.
რესპუბლიკელების წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს წინადადებით მიმართა შეაცერონ პარლამენტში მედიის გამჭვირვალობის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფს ექნება უფრო კომპლექსური წინადადებები. ბატონმა პავლე კუბლაშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხები არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული და პარლამენტში მხოლოდ არასაარჩევნო ცალკეულ დეტალებზეა საუბარი.
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         გია თორთლაძე, დემოკრატიული პარტია
·         აკო მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         კახა კუკავა, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         გრიგოლ ჯოჯუა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         მამუკა ხიმშიაშვილი, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე, ჩვენ თვითონ
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, ISFED, nGnI, საარჩევნო PR ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრი.
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, NIMD
3.         დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.