”ინტერპრესნიუსი”
17.09.2011

რა ხდება ოპოზიციურ "ექვსიანში" და რას შეიძლება ნიშნავდეს "ფორუმის" მიერ სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს "ქართველთა მარშის" დაგეგმვა, "ინტერპრესნიუსი" ამ საკიტთებზე კონფლიქტოლოგ გია ვოლსკის ესაუბრა.

- ბატონო გია, ჯერ კიდევ ზაფხულში ბევრი პროგნოზირებდა, რომ სექტემბრიდან ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებები იყო მოსალოდნელი. პარტნიორებთან შეუთანხმებლად, "ფორუმის" გააქტიურებამ და სოხუმის დაცემის დღეს "ქართველთა მარშის" დაანონსებამ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვის გარდა, სხვადასხვა სახის ეჭვების საფუძველი გააჩინა. თქვენი აზრით, რა ხდება პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც პირობითად "ექვსიანი" ჰქვია? ხომ არ ფიქრობთ, რომ "ფორუმმა" ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობის სურვილი ღიად დააფიქსირა?
- ვიმედოვნებ, რომ რაც ხდება, დაპირისპირების ნიშნები სულაც არ არის. ფაქტობრივად, "ფორუმს" პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული და განსაკუთრებული ნიშა. "ფორუმი" ეროვნულ საკითხებს ყოველთვის პრივილეგიას ანიჭებდა. "ფორუმის" გააქტიურება ოპოზიციაში ლიდერობის სურვილის ნიშანი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, უბრალოდ, ეს იმის ნიშანია, რომ "ფორუმმა" კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი იმას, რომ ეს ნიშა აქვს და მისი პოლიტიკური პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვაში გამოიხატება.
- იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებმაც საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლების თამაშის წესები არ მიიღეს, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ერთიანი ძალებით კვლავ მოეთხოვათ ხელისუფლებისგან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, რაშიც მათ დასავლეთის მხარდაჭერა ექნებოდათ. სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნებოდა მათი ძალისხმევა. თქვენი აზრით, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის ყველაზე აქტუალურ და ყველაზე მნიშვნელოვან დღის წესრიგს ვერ აყალიბებს თუ არ აყალიბებს?
- "ექვსიანი", ანუ სამართლიანი არჩევნების კოალიცია გეგმავდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას. ჯერჯერობით, ამ მიმართულებით მიზანმიმართული მუშაობა არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, როგორითაც საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდა. საზოგადოებამ არ იცის, რა თემებზე აქვთ შეთანხმება მიღწეული ყოფილი "რვიანის" ორ პარტიასა და ხელისუფლებას. საზოგადოებამ ზუსტად არც ის იცის, რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს ხელისუფლება იმ მოთხოვნებისგან, რომელიც თავიდან "რვიანს" ჰქონდა. თუმცა, შეთანხმების ის ნაწილიც მნიშვნელოვანია, რომელიც მედიამონიტორინგის, ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობასა და სიების დაზუსტების საკითხებს ეხება. ეს ის თემებია, რომლებზეც მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. მუშაობა ასევე უნდა გაგრძელდეს იმ საკითხებზეც, რომლებსაც "რვიანი" თავიდან აყენებდა. კერძოდ, მოსახლეობის ბიომეტრიული აღრიცხვა და ასე შემდეგ. როგორც გაირკვა, ბიომეტრიულ აღრიცხვას არა 80 მილიონი, არამედ 8-10 მილიონი ლარი სჭირდება.
- თუ "ექვსიანში" გაერთიანებული პარტიების ლიდერთა განცხადებებს დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ როგორადაც არ უნდა ეცადონ "ექვსიანში" გაერთიანებული პარტიების ლიდერები, მათ შორის მსოფლმხედველობრივი განსხვავებები სულ უფრო აშკარა და ხილული ხდება . . .
- "ექვსიანის" ხიბლი და მიმზიდველობა იმაშია, რომ მასში გაერთიანებულ პარტიებს ქვეყნის მოწყობისა და აღმშენებლობის საკითხებში განსხვავებული ხედვა აქვთ. მაგრამ მათ არჩევნების სამართლიანად გამართვის საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვთ. ეს ის საკითხები იყო და ახლაც არის, რაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს აწყობს და სწორედ არჩევნების თემაზე მათი გაერთიანება აბსოლუტურად ყველასთვის მისაღებია. "ფორუმსა" და "რესპუბლიკელებს" განსხვავებული მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ როცა ასეთი საზოგადოებები სამართლიანი არჩევნების თემის ირგვლივ ერთიანდებიან, ეს მისაღებია არა მარტო ქართული საზოგადოებისათვის, არამედ დასავლეთისათვისაც, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას კატეგორიულად მოითხოვს. ამ საკითხში დასავლეთის მხარდაჭერის იგნორირება და ამ თემის გამოუყენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. "ექვსიანში" გაერთიანებულთა მხრიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები დამანგრეველია არა მარტო მათი პარტიებისათვის, არამედ, ცუდია საერთოდ მთელი საზოგადოებისათვის.
- ფაქტია, ოპოზიციიის ვერც ერთმა ფრთამ ვერ შეძლო საშინაო და საგარეო ბაზარზე ხელისუფლების სრულფასოვან ალტერნატივად წარმოჩენა . . .
- ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბება ერთ პარტიასაც შეუძლია, მაგრამ როცა ჩვენ "ექვსიანზე", როგორც გარკვეულ კოალიციაზე ვსაუბრობთ, გამორიცხულია, რომ მასში გაერთიანებულ პარტიებს სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ მწავე სოციალურ თემებზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე. 10-12 საკითხი მაინც არის ისეთი, რომელზეც ოპოზიციურ სპექტრის შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, ეს კი საკმარისია, რათა ისინი საერთო პლატფორმაზე შეჯერდნენ. კოალიციურობის უპირატესობის დაკარგვა ოპოზიციური ძალებისთვის დიდი შეცდომა იქნებოდა. ვიმედოვნებ, რომ ამ შეცდომას ოპოზიცია არ დაუშვებს და საქმეს მათ შორის განხეთქილებამდე არ მიიყვანენ.
- აფხაზეთს ანქვაბის სახით ახალი ხელისუფალი ჰყავს, რომელიც თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აფხაზეთის პირველი პირი, სავარაუდოდ, 10 წელი მაინც იქნება. აშკარაა, რომ ახლა აფხაზეთთან მიმართებაში საუბარი უნდა იყოს გრძელვადიან სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. გასაგებია, რომ აფხაზეთის საკითხი მგრძნობიარე თემაა, მაგრამ ვითარება იმდენად ჩიხურია, რომ ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ "ქართულმა მარშმა" და სოხუმის დაცემის დღეს ცრემლების ღვრამ რამე უშველოს. თქვენი აზრით, ვითარებაში, როცა ოპოზიციას მოქმედების სულ სხვა დღის წესრიგი უნდა ჰქონოდა, რატომ გადაწყვიტა იგივე "ფორუმმა" აფხაზეთის თემის ახლა აქტუალიზაცია?
- რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის თემა არ იქნება "ქართული მარშის" ერთადერთი თემა, რომელსაც "ფორუმი" წინ წამოწევს. "ქართველთა მარში" შეახსენებს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქართველთა ინტერესები იგნორირებულია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ "შეფუთავს" ამას "ფორუმი". ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ყოველგვარი ნაციონალისტური რიტორიკა გაუმართლებელია.
რაც შეეხება აფხაზეთის თემის წინ წამოწევას, ვფიქრობ დროულია, რადგანაც აფხაზეთს ახალი ხელისუფალი ჰყავს. გააჩნია, როგორ მოახერხებს "ფორუმი" ამ თემის ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიტანას. ძალიან მომეწონა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას კომენტარი – "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ აფხაზი ხალხის არჩევანს." თუკი ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ვაღიარებთ მის ლიგიტიმურობას, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ პატივი ვცეთ აფხაზი ხალხის არჩევანს. შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს მომავალი მოლაპარაკებების წინაპირობა. თუკი ამ პროცესში ოპოზიციას მონაწილეობის მიღება აქვს განსაზღრული, სწორედ ასეთ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს.
არა მგონია, ვინმემ ზუსტად იცოდეს, თუ რატომ გადაწყვიტა "ფორუმმა" ამ თემის აქტუალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის თემის აქტუალიზაცია სოხუმის დაცემის დღის, 27 სექტემბერისთვის არის დაგეგმილი, ამ თემის წინ წამოწევას კონფრონტაციული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ეს უნდა იყოს ტრაგიკული დღის ურთიერთგაგებაზე და მომავლის ხედვაზე აგებული დღის გახსენება. თუკი 27 სექტემრისთვის დაგეგმილი "ქართველთა მარში" ანტიაფხაზური აღმოჩნდა, ეს არა მხოლოდ დიდი სტრატეგიული შეცდომა, არამედ კიდევ უფრო მეტი ეჭვების გაჩენის საფუძველი იქნება და ცხადი გახდება, რომ ვიღაცამ აფხაზეთთან მიმართებაში უშნო თამაში დაიწყო. დიდი იმედი მაქვს, რომ "ფორუმი" ამ გზით არ ივლის.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.