საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნენ. კოდექსის პროექტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთობლივ მუშაობის შედეგად, კოდექსის რიგ მუხლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია და სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობა კვლავაც გრძელდება. პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში შექმნილმა კოდექსის სარედაქციო ჯგუფმა, რომელშიც ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი, პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემდეგი ცვლილებები მოამზადა:
  • პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა - საუბარია 190 დეპუტატზე, საიდანაც 83 მაჟორიტარული, ხოლო 107 პროპორციული სისტემით აირჩევა.
  • საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობათა ზღვარის განსაზღვრა - კერძოდ კი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ფიზიკური პირისგან 60 ათას ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 200 ათას ლარს.
  • საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%), საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 1 მლნ. ლარს, მათ შორის 300 ათასი ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვას მოხმარდება.
  • საარჩევნო სუბიექტების ფუნქციების გაზრდა საარჩევნო პროცესში.
  • არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაფინანსება - აღნიშნული სუბიექტები არჩევნების დღეს ყოველ საარჩევნო უბანზე 50 ლარს, ხოლო საარჩევნო ოლქზე 100 ლარის ოდენობით დაფინანსდებიან.
  • გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ზედა ზღვარის დადგენა - გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომერჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა 3 % არ აღემატება.
  • აიკრძალა საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც თვითმმართველობის და პრეზიდენტის რწმუნებულის სამუშაო ოფისებია.
  • სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ვადა 4 დღემდე იზრდება.
  • დამატებითი დაცვის გარანტიის სახით, არჩევნების დაწყებისას და დასრულებისას საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს სპეციალური ნაკვეთური გაუკეთდება.
  • კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვება ცესკოში აღარ დასჭირდება.

    პავლე კუბლაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსის შედეგად მომზადდა, თუმცა მუშაობა კვლავაც გრძელდება და "ნაციონალურ მოძრაობას" მომზადებული აქვს ცვლილებები სხვა მუხლებთან დაკავშირებითაც, რომელსაც სარედაქციო ჯგუფს და დაინტერესებულ არასამთავრობო სექტორს განსახილველად წარუდგენს. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები როგორც ტექნიკურ, ასევე ორგანიზაციულ საკითხებს შეეხება. მანვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კოდექსიდან ამოღებული მუხლები გააცნო და ცალკე გამოყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენების გაუქმებას ითვალისწინებს.

    საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პრეზენტაციის შემდეგ კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა არასამთავრობოების შეკითხვებს უპასუხეს. მათ დაინტერესება და დამატებითი არგუმენტების წარმოდგენა პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდაზე და ვიდეოთვალის გამოყენების გაუქმებაზე მოითხოვეს. მათი მოსაზრებით, დეპუტატთა რაოდენობა რეფერენდუმის გზით უკვე განსაზღვრულია, რაც შეეხება ვიდეოთვალს კი, იგი დამატებითი პრევენციის მექანიზმს წარმოადგენდა.

    პარლამენტის წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორის მოსაზრებების და შენიშვნების გაცნობა წარმოადგენდა და კოდექსზე მომუშავე ჯგუფი მზადაა განიხილოს და იმსჯელოს ყველა იმ წინადადებაზე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

    "მსჯელობა გაგრძელდება როგორც სარედაქციო ჯგუფის ფორმატში, ასევე უფრო ფართო მასშტაბითაც. ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი და მასში ცვლილებები კვლავაც შევა. თუ მოხდება პოლიტიკური შეთანხმება ჩვენ მზად ვართ გადავხედოთ არსებულ შემოთავაზებას და კომიტეტში განხილვამდე დოკუმენტის საბოლოო რედაქცია ერთობლივად შევიმუშაოთ" - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. მანვე მადლობა გადახადა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ NDI  მომავალ სამუშაო შეხვედრებშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

    საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ცალკე დოკუმენტად პარლამენტის ვებ გვერდზე რამდენიმე დღეში დაიდება.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.