"პირველი"
19.10.2011

საარჩევნო წლის მოახლოებასთან და პოლიტიკური პროცესების გააქტირებასთან ერთად აქტიურდება მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, ვინ როგორ გადაჯგუფდება და ვინ ვის ნავში აღმოჩნდება ხელისუფლებაში მოსასვლელად და პარლამენტში სკამის დასაკავებლად. ეს პროცესი ყველაზე საინტერესო, ხმაურიანი და სკანდალური "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება, რომელიც დღემდე მონოლითურის პოზაშია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში 2012 წლამდე დარჩენილ დროში "ნაციონალთა" სეგმენტაციას გარდაუვლად მიიჩნევენ.

მმართველ საპარლამენტო უმრავლესობაში ცალკეული გუნდების გამოკვეთა პირდაპირ კავშირშია აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ღიად გამოკვეთასთან. "ნაციონალ" დეპუტატთა რღვევაც იმდენად სწრაფად მოხდება, რამდენად სწრაფადაც გადაწყვეტენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას თავად მთავრობაში.

"ნაციონალური მოძრაობის" რღვევა პარლამენტში სავარაუდოდ, უმრავლესობის რიგებიდან უგულავა-ბოკერიას ფრთის დემარშით დაიწყება. ამ ფრთას სათავეში "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი ერთ-ერთი გამორჩეული სახე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი უდგანან.

კულუარული ინფორმაციით, მინაშვილს უშუალოდ ექვემდებარებიან მისი მოადგილე - პოლიტიკაში ასევე "თავისუფლების ინსტიტუტიდან" მოსული გიორგი კანდელაკი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი.

უგულავა-ბოკერიას "კადრია" პარლამენტში თბილისის მერიიდან მისული დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძეც.

უგულავა-ბოკერიას ფრთის გვერდით მოაზრებიან უმრავლესობის ის წევრებიც, რომელთა სახელებიც იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელს უკავშირდება. ეს პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული, "მწერალი" დეპუტატებისგან შემდგარი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ანჯაფარიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კუკავა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია და დეპუტატი ანდრო ალავიძე შედიან:.

უგულავა-ბოკერიასთან არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც. 

"თავისუფლების ინსტიტუტსა" და აკაკი მინაშვილს ნამდვილად არ ექვემდებარება და დღემდე დამოუკიდებელი ლიდერის როლშია "ნაციონალთა" ერთ-ერთი გამორჩეული სახე გოკა გაბაშვილი, თუმცა ეს უკანასკნელიც იმ დეპუტატთა შორის ირიცხება, რომლებიც პარლამენტში უგულავა-ბოკერიას დასაყრდენ ძალას წამოადგენენ.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში პროგნოზირებენ, უგულავა-ბოკერიას და ზოგადად, "თავისუფლების ინსტიტუტის" გუნდი ყველაზე რეფორმატორის, ყველაზე ლიბერალურისა და სხვებზე უფრო პროგრესულად მოაზროვნის დროშით არჩევნების წინ ხელისუფლების დანარჩენ ნაწილს აუცილებლად გაემიჯნება.

ამ კონტექსტში ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის", რომლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილია. ამავე კოალიციაში შედიან ხელისუფლების პოზიციების გამხმოვანებელ-გამზიარებელი ექსპერტები მიშა თავხელიძე, ლევან ჩოლოყაშვილი, მერაბ ბასილია, ქეთევან გაბიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ნასარიძე, გია ნოდია, ლევან რამიშვილი, გია ჯანდიერი და სხვები.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, მომავალი საპარლამენტო  არჩევნებისთვის სწორედ ბოკერია-უგულავას საპარლამენტო ფრთისა და კოალიციის "ევროპული საქართველოსთვის" ბაზაზე ახალი საარჩევნო სუბიექტი ჩამოყალიბდება.

მმართველ საპარლამენტო უმრავლესობაში ძლიერ და გავლენიან გუნდად ითვლება მაჟორიტართა ფლანგი. ეს ის მაჟორიტარები არიან, რომელთა უმრავლესობას სადეპუტატო უფლებამოსილება ისე ეწურება, რომ პარლამენტში მათ მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი განცხადება და ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არავის ახსოვს. მათი სიძლიერე კი იმაში მდგომარეობს, რომ მაჟორიტართა უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის კადრია. პარლამენტში მერაბიშვილის პირდაპირ კადრებად ასახელებენ, მაგალითად, ქარელის მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ გელაშვილს, დუშეთის მაჟორიტარ კობა ბადაგაძეს და ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატ თამაზ პეტრიაშვილს.

მაჟორიტარი არ არის, თუმცა როგორც ამბობენ, პარლამენტში მერაბიშვილის "თვალი და ყურია" დეპუტატი ელდარ კვერნაძე, რომელიც არა მხოლოდ უმრავლეობის, არამედ მთელი პარლამენტის "მაყურებელია". კვერნაძეს ფაქტობრივად პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ვინ როდის მიდის მიკროფონთან და რას და რამდენს საუბრობს მიკროფონში თუ მიკროფონს მიღმა პლენარულ სხდომებზე.     

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ის ყველა წინამორბედისგან იმით განსხვავდება, რომ პარლამენტში საკუთარი გუნდით არ მისულა.  დღეს ვერცერთ დეპუტატზე იტყვი, რომ ის ბაქრაძის გუნდს წარმოადგენს, რადგან ასეთი გუნდი უბრალოდ არ არსებობს. როგორც ამბობენ, ბაქრაძე ერთ-ერთი "მუშა ფუტკარია" "ნაციონალთა" სკაში და ის ბოლომდე ასეთად დარჩება.

დავით ბაქრაძის სახელი პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება. ბაქრაძესთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი, ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარე გოგი ლიპარტელიანი და დეპუტატი დილარ ხაბულიანი.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც, როგორც კულუარებში საუბრობენ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში წასვლას არ აპირებს და ახალი კონსტიტუციით საკმაოდ გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის სავარძლის დასაკავებლად ემზადება, ამისთვის მომავალ პარლამენტში ძლიერი უმრავლესობა სჭირდება, რადგან ახალი კონსტიტუციით, პრემიერს სწორედ პარლამენტი, კერძოდ კი ის პოლიტიკური ძალა ირჩევს, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოხვდება. სწორედ ეს უმრავლესობა დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და დააკომპლექტებს მთელს მთავრობას. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ძალების დემონსტრირებას ვანო მერაბიშვილთან ერთად მოახდენს.

ბოკერია-უგულავა-ადეიშვილის ფრთასა და სააკაშვილ-მერაბიშვილის გუნდებს შორისაა "გაყინული" საპარლამენტო უმრავლესობის ის ჯგუფი, რომელთა სახელებიც მათი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ზურაბ ჟვანიასთან ასოცირდება. საუბარია მიხეილ მაჭავარიანზე, გიგი წერეთელსა და ხათუნა გოგორიშვილზე. მათთან ერთად მოიაზრებიან დეპუტატები გიორგი გოდაბრელიძე და შოთა მალაშხია. ამ ეტაპზე ამ ადამიანების სახელი პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, წინასაარჩევნოდ ისინი სულ სხვა გზას დაადგნენ.

მომავალ პარლამენტში სკამის მოპოვებას ყველა ის დეპუტატი შეეცდება, რომელმაც ამ სავარძლის გემო და ხიბლი უკვე გაიგო, იმის მიუხედავად, გამოიჩინა თუ არა თავი პოლიტიკაში მისვლით და მიხვდა თუ არა, რა უნდა ეკეთებინა საერთოდ დეპუტატის რანგში.

მოსალოდნელია, რომ დღევანდელ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნოდ ბევრი ის დეპუტატი გამოეთიშება, რომელიც უკვე აცნობიერებს, რომ მათი ადგილი მომავალ პარლამენტში აღარ იქნება. ყველა ასეთი დეპუტატი ადგილების მოპოვებას ოპოზიციურ პარტიათა საარჩევნო სიებში შეეცდება. ეს პროცესი შესაძლოა, კიდევ უფრო დააჩქაროს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზმესმენის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ვითარდება.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.