www.ick.ge
1.10.2011

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტმა თელავის მნიშვნელობაზე, რუსეთის აგრესიაზე და ღვინის ემბარგოზე ისაუბრა. სააკაშვილი წინასაარჩევნო საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა გააკეთონ, ყოველთვის იტყვის, რომ თელავი მეტს იმსახურებს.
„ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი კარგად ვგრძნობთ ერთ რაღაცას - ბევრი რამე კეთდება სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, ლაგოდეხში, ბევრი რაღაცა იცვლება ახმეტაში და ეს არის განსაკუთრებული კუთხე საქართველოსი, მაგრამ არავის არც ერთი წუთით არ გვავიწყდება, რომ კახეთის ცენტრი და საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი თელავია. რაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ, მე ყოველთვის ვიტყვი, რომ თელავი იმსახურებს კიდევ უფრო მეტს და ბევრად მეტია გასაკეთებელი“, -განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა რუსეთის აგრესიაზე და ემბარგოზეც ისაუბრა.
„2005 წელს იწყებოდა სერიოზული მოძრაობა, გავდიოდით ღვინის ბაზრებზე, დაიწყო სახლების მშენებლობა, ხალხში ფული გაჩნდა და მერე, 2006 წელს პუტინმა ემბარგო შემოიღო და კახეთს პირდაპირ გულში დაარტყა. გათვლა იყო იმაზე, რომ უკმაყოფილო კახელები გამოვიდოდნენ ერთად, აიღებდნენ ხელში ჯოხებს, გარეკავდნენ ამ მთავრობას, ჩააბარებდნენ მტერს ციხის კარებს და საქართველო ისევ ჩაბარდებოდა რუსეთს. მან კარგად იცოდა, რომ აქედან იქმნება საქართველოს განწყობები. თელაველებმა მათ უპასუხეს ისევე, როგორც პასუხობდნენ შაჰ-აბასს, რომელმაც გაჩეხა ვენახი, როგორც პასუხობდნენ მანამდე უამრავ დამპყრობელს და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ დანარჩენი საქართველოს სახელით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა და მასში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი იყრის; ქრისტიან-დემოკრატებიდან -პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი, ხოლო „მრეწველებიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.