"ინტერპრესნიუსი"
28.11.2011

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები დეპუტატთა რიცხვის 150-დან 190-მდე გაზრდის სამართლიანობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. 
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ საჯარო დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება და მათთან შეთანხმებული ოპოზიციური პარტიები 2003 წელს რეფერენდუმისას გამოხატული ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ისიც შეახსენეს, რომ თავის დროზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისას – დეპუტატთა რაოდენობის შემცირებისას პროექტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ ინიციატივა რეფერენდუმის საფუძველზე ხორციელდება და ამას ამტკიცებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილიც მისი სიტყვით გამოსვლისას.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრ თათული თოდუას განცხადებით, ის, რომ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების კანონით დადგენილ ვადებში დამტკიცება და ძალაში შესვლა ვერ მოხდა, არ შეიძლება ხალხის მხრიდან გამოხატული ნების იგნორირების საფუძველი გახდეს. მისივე თქმით, მაშინდელი გადაწყვეტილების შეცვლა, ისევ ამომრჩევლის ნების საფუძველზე უნდა მოხდეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის პოზიციით კი, 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი კონსტიტუციის ფარგლებს სცილდებოდა, რადგან ის არ ჩატარებულა მთელ ტერიტორიაზე და, ასევე, არ შეიძლება რეფერნდუმის ჩატარება კანონის მისაღებად. "ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს", – განაცხადა კუბლაშვილმა.
პარლამენტში რამდენიმე კვირაა, რაც ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის შესახებ, რომელშიც პროპორციული სისტემით 107, ხოლო 83 მაჟოროტარული პრონციპით აირჩევა. აღნიშნული იდეის ავტორად და მომთხოვნად ოპოზიცია სახელდება. თუმცა, არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო ცვლილებებზე შექმნილი საყოველთაო-საჯარო კომისიის მიერ მუშაობისას შეთანხმება კვლავ 150 დეპუტატზე შედგეს, სადაც 67 პროპორციული და 83 მაჟორიტარი იქნება. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.