"ინტერპრესნიუსი"
21.12.2011

კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს, ხუთ პუნქტს მოიცავს. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრმა, ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, კოალიციის მიერ შემუშავებული ინიციატივათა პაკეტი ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანას, რაც არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. 
ინიციატივის თანახმად, არჩევნების დღეს ხმის მიცემის დრო 2 საათით უნდა შემცირდეს. როგორც ირაკლი მელაშვილი აცხადებს, საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრდა, რომ არჩევნები 08:00-დან 20:00 საათამდე მიმდინარეობს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი 16-18 საათის განმავლობაში გრძელდება, ხოლო შედეგების შეჯამება საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამკვირვებლების უკიდურესი დაღლილობის ფონზე მიმდინარეობს, რაც მათი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. 
გარდა ამისა, მისი თქმით, საკმაოდ გვიან ცხადდება არჩევნების შედეგები, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას. შესაბამისად, კოალიციის ინიციატივით, პირველი პუნქტი კენჭისყრის 18:00 საათზე დასრულებას გულისხმობს. 
შემდეგი პუნქტი ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირ ინტერნეტ ტრანსლირებას გულისხმობს. მელაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კომისიების სხდომები საჯაროა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, რეალურად ამ უფლების რეალიზება რთულია, ცესკო-სა და საოლქო კომისიების შენობებში, ხშირ შემთხვევაში, ფართის სიმცირის გამო. შესაბამისად, მელაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებას, მიიღონ სრული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. 
საკანონმდებლო ინიციატივის მესამე პუნქტი საუბნო სააარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთის გახსნამდე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირებას და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ამ მონაცემების მიწოდებას გულისხმობს. როგორც ირაკლი მელაშვილი აცხადებს, ცვლილების მიზანია, შეუძლებელი გახდეს არჩევნების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობისა და პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახად აუცილებელი ხმების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა. 
ინიციატივის მეოთხე პუნქტი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ბიულეტენების სკანირებას ითვალისწინებს. როგორც მელაშვილი აცხადებს, ყუთების გახსნის და კონვერტების დათვლის შემდეგ, საარჩევნო უბნებზე უნდა მოხდეს ბიულეტენების სკანირება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის კომპიუტერში შეინახება, ხოლო ასლი ყველა მსურველს, საარჩევნო სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს გადაეცემა, რათა პარალელურ რეჟიმში მოხდეს ხმების დათვლა.
მეხუთე პუნქტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა მოხდეს. ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანია, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო უბნებიდან ოქმების მიღების, არჩევნების შედეგების შეჯამების და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. 
"კოალიციის მიერ შემუშავებული წინადადებები ხელს შეუწყობს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების გამჭვირვალობას და მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას მათი საქმიანობის შესახებ", - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
კოალიციის წევრებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნეს. ირაკლი მელაშვილი იმედოვნებს, რომ კანონმდებლები აღნიშნულ ინიციატივების ნაწილს მაინც გაითვალისწინებენ.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.