"ინტერპრესნიუსი"
21.12.2011

144 საგაზეთო ჯიხურიდან თბილისში ამ დროისთვის მხოლოდ 21 ჯიხურია დარჩენილი, - ამის შესახებ "თბილისი მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესის სადისტრიბუციო კომპანია "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელმა, მერაბ ჩანჩალაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჯიხურებიდან 42 "პლანეტა ფორტეს", 80 "მაცნეს", 22 კი "ელვასერვისის" ეკუთვნოდა. 
ამასთან, როგორც ჩანჩალაშვილმა აღნიშნა, ჯიხურების აღების გამო პრესის გამავრცელებლებს, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი თანამშრომლის შემცირება მოუხდათ. 
გარდა ამისა, ჩანჩალაშვილი დედაქალაქის მერიას წინადადებით მიმართავს და თხოვს, რომ რამდენიმე ლოტზე აუქციონი მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გამოცხადდეს.
"ჩვენ ვითხოვთ მერიის პირველ პირებთან შეხვედრას. არ გვინდა რიგით თანამშრომლებთან შეხვედრები, რადგან ასეთი შეხვედრა უკვე ბევრჯერ გავმართეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რამდენიმე ლოტზე აუქციონი მხოლოდ გამავრცელებლებისთვის გამოცხადდეს. ეს აუცილებელია, რათა აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღონ ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან "კოდა", "ნუგეში" და ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიები იყვნენ. პრესის არც ერთ გამავრცელებელს ჯიხურში 10 და 20 ათასის გადახდა არ შეუძლია", - განმარტა "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელმა. 
კომპანია "ელვასერვისის" ხელმძღვანელის, რამაზ თეთრუაშვილის თქმით კი, პრესის ჯიხურების აღების შემდეგ კომპანიებმა ქალაქში გაზეთების სტენდები ჩადგეს, თუმცა ამან კომპანიის ხარჯების მაჩვენებელი გაზარდა.
"ხარჯების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, დადგა პროდუქციის დასაწყობების პრობლემა არასამუშაო საათებში. ეს აუცილებლად აისახება გამომცემლებთან ურთიერთობაში, რის გამოც, დგას საფრთხე, რომ პრესის ღირებულება გაიზარდოს, თუმცა ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ეს მოხდეს, რადგან პრესაზე ფასის მატება ისევ და ისევ მოქალაქეებს დააზარალებს", - აღნიშნა "ელვასერვისის" ხელმძღვანელმა. 
"მაცნეს" წარმომადგენელ დალი მაჭარაშვილის თქმით კი, კომპანია გაკოტრების პირსას არის და მისი გადარჩენისთვის შესაძლოა, "მაცნემ" რამდენიმე აუქციონში მიიღოს მონაწილეობა.
"ვფიქრობთ, მივიღოთ აუქციონებში მონაწილეობა იმ ადგილებზე, რომლებზეც საგაზეთო ჯიხურები იყო განთავსებული. 20 ათასის გადახდა ნამდვილად არ შეგვიძლია, თუმცა იქნებ, რამდენიმე ლოტზე გამარჯვება მოვახერხოთ იმისთვის, რომ კომპანია მთლიანად არ გაკოტრდეს", - აღნიშნა დალი მაჭარაშვილმა. 
მისივე თქმით, 2012 წლის იანვრიდან "მაცნეში" მხოლოდ 30 თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ 150 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. 
პრესის გავრცელების ჯიხურების აღება მერიის პროექტ "1000 ჯიხურის" გამო ხდება, რომლის ფარგლებშიც თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურები ჩაიდგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა აქამდე ჩატარებულ აუქციონებში, არსებული ინფორმაციით, ძირითადად გაიმარჯვეს კომპანიებმა: "პოულტრი ჯორჯია" (ყოფილი "კოდა") "კუმისი", "ნუგეში", "იოლი". 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.