საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, ასევე იმაზე, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს "ექვსიანის" ბრძოლას საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს დემურ გიორგხელიძეს ესაუბრა.

_ ბატონო დემურ, "მემარჯვენეებისა" და ქდმ-ს მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებათან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადებების მიღებამ "რვიანის" დაშლის გარდა, საზოგადოებაშიც საკმაოდ დიდი მითმა-მითქმა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?


_ "რვიანი" საკმაოდ ამორფული წარმონაქმნი იყო. იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც ქდმ-ს ჰქონდა, მას შეეძლო თავისი ხაზი ბოლომდე დამოუკიდებლად გაეტარებინა და არ ყოფილიყო `რვიანის~ მონაწილე, რომელშიც, მისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ბოლომდე დარჩენის პერსპექტივა მომგებიანი არ იყო. იგივე შეიძლება ითქვას სხვაზეც. ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რაც მოხდა. პრინციპში პოლიტიკური ძალები იმ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელსაც იღებენ, აგრეთვე, იმ რისკებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს თან სდევს.

როგორც ვნახეთ, საზოგადოებაში მომხდართან დაკავშირებით საკმაოდ ნეგატიური განწყობები გაჩნდა. თუმცა, ქარული საზოგადოების პოლიტიკური მეხსიერება გრძელვადიანი არ არის და, პრაქტიკულად, უახლოესი წარსულის მოვლენებსაც კი ივიწყებს. ასე რომ, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა და როგორი განწყობით მივა მომავალ არჩევნემაბდე საზოგადოება, ძნელი სათქმელია. თუმცა, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი არ ემუქრება და ყოველი მიზეზის გარეშე დომინირებული პოლიტიკური ძალა დარჩება. თუ, რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციით არ ისარგებლებს ის პოლიტიკური ძალა და ჯგუფი, რომელიც უკვე ექვსი პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება.

_ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებასთან `მემარჯვენეების~, ქდმ-ს, ედპ-სა და სხვათა მიერ ხელმოწერილ შეთანხმება პრაქტიკულად უმწვავესად გააკრიტიკეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა კი განაცხადა – `სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ის საკითხები, რაც მმართვლმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, უკანონო და დისკრიმინაციულია". ხელისუფლებამ, პრეზიდენტის ჩათვლით, მომხდარი სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. თქვენი აზრით, რატომ აქვთ მომხდართან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციები ხელისუფლებას და ამჯერად სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილ ოპოზიციურ ჯგუფებს?

_ შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ წინადადებებს რეალური ლეგიტიმაცია არ გააჩნია და გამოდის, რომ ხელისუფლება კონიუქტიურული მოსაზრებების გამო ხელისუფლება მზად არის, კვლავ შეცვალოს კონსტიტუცია და ეს გააკეთოს არა სახელმწიფოს მშენებლობის გრძელვადიანი პერსპექტივის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ წმინდა კონიუქტურული თვალსაზრისით.

ასეთივე კონიუქტურული იყო ყველა ის ცვლილება, რომელიც გატარდა 2003 წლის შემდეგ. მაშინ კონიუქტურამ თავისი გაიტანა და დღეს იგი ხელისუფლებისათვის არაფერს წარმოადგენს. აშკარაა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას პატივს არ სცემს და დღესვე თანახმაა, იმის მიხედვით შეცვალოს, რაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამიტომ, ყველა კრიტიკა, რომელიც ხელისუფლების წინადადებებთან არის დაკავშირებული, გაუმრთლებულია და საღი თვალსაზრისითაც ძალიან არასასურველია.

ხელისუფლებამ ოპოზიციას იმდაგვარი რამ შესთავაზა, რასაც მოქმედი კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა. გასაგებია, რომ ხელისუფლებას პარლამენტში ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სიმართლის აშკარა მაჩვენებელი იყოს. არც ერთ ქვეყანაში ასეთი საკითხები არც უმრავლესობით და არც საკონსტიტუციო უმრავლესობით არ წყდება. ხელისუფლება ამით თავს არ იწუხებს და მზადაა გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

_"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების პირობები მიიღეს, პრაქტიკულად დათანხმდნენ, რომ მომავალ პარლამენტში "ნაცმოძრაობას" კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. რამდენად საფუძვლიანია დავით ბერძენიშვილის პროგნოზი?

_ ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლებას მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება, მას პოლიტიკის და პოლიტიკაში არსებული დღევანდელი სიტუაციის არც არაფერი გაეგება და რეალობის აღქმა არ გააჩნია. "ნაცმოძრაობა" საკონსტიტუციო უმრავლესობას პირადად აიღებს, თუ სატელიტ პარტიებთან ერთად, რომლებიც არანაირ პარტიებს არ წარმოადგენენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ხელისუფლებას 2012 წლის არჩევნებში აუცილებლად ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუ ქვეყანაში სხვა მოვლენები არ განვითარდა.

_ `ექსვსიანმა~ უკვე განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ბრძოლას ფართომასშტაბიანი მოძრაობის გაშლით გააგრძელებს. რამდენად სავარაუდოა, რომ `ექვსიანი~ შეძლებს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად სერიოზული შედეგის მიღწევას?

_ თუ ვითარებას წმინდა პოლიტიკური თვასაზრისით შევაფასებთ, ახლა `ექვსიანს~ აქვს უნიკალური შანსი, პოლიტიკურ ავანგარდად იქცეს. თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, `ექვსიანს~ არჩევნებზე სერიოზული შედეგის მიღწევა შეუძლია. რამდენად შეძლებენ `ექვსიანში~ გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტი აბსოლუტურად კონსტიტუციურად და კანონიერად ერთად დგომას, მიზანმიმართულად პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, ეს მათზეა დამოკიდებული. ვიმეორებ, `ექვსიანს~ აქვს უნიკალური შანსი, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდად იქცეს, მაგრამ არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამ შანსის გამოყენებას. რა თქმა უნდა, მას ამისათვის დასჭირდება კოორდინაცია სხვა ძალებთან, როგორ გააკეთებს ამას, ტექნიკის გარდა, შორსმჭვრეტელობისა და გამჭრიახობის საქმეა. პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ფონზე შეიძლება გამოჩნდეს და ამ მოძრაობის მიღმა დარჩება, შეიძლება არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდეს.

_ თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ვინც ხელისუფლების პირობებს არ მიიღებს, ყველა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება?

_ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამას ეცდება; თუკი ხელისუფლებისადმი პოლიტიკური წინააღმდეგობა აბსოლუტურად კანონირების ფარგლებში არ იქნა, ხელისუფლება ამას გააკეთებს და ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველას თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს. მეორე მხრივ, გაუგებარია, რატომ უნდა დაგითმოს ხელისუფლებამ, თუ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენ. ხელისუფლება თავის ჩანაფიქრის განხორციელებას მხოლოდ მაშინ ვერ შეძლებს, თუ მისი საპირწონო პოლიტიკური ძალა ქვეყანაში რეალურად იარსებებს.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"


http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/173229-qeqvsiansq-aqvs-unikaluri-shansi-politikur-avangardad-iqces.html 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.