გაზეთი ”ვერსია”
ავტორი რუსუდან შელია 
12.09.2011 

გამარჯვების რა შანსი აქვთ ქრისტიანდემოკრატებს თელავში და რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას ლევან ვეფხვაძე
თელავის რაიონში 2 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ,,ნაციონალების'', ,,მრეწველებისა'' და ქრისტიანდემოკრატების კანდიდატები მიიღებენ. გამარჯვების რა შანსები აქვთ ქრისტიანდემოკრატებს და როგორ ემზადებიან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამ საკითხებზე ,,ვერსია'' ქრისტიანდემოკრატების ერთერთ ლიდერს, ვიცესპიკერ ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა:
_ ,,თელავის არჩევნებისთვის საკმაოდ აქტიურად ვემზადებით. ჩვენი კანდიდატი ნიკო ლაშხი კახეთში საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილია. იგი ნიჭიერი ეკონომისტია და სხვა კანდიდატებისგან იმით განსხვავდება, რომ აბსოლუტურად სუფთა წარსული აქვს.
_ მხოლოდ სუფთა წარსული დღეს არჩევნებს ვერ იგებს, სამწუხაროდ. კონკრეტულად, რას სთავაზობთ ამომრჩეველს?
_ მხოლოდ სუფთა წარსულზე, რა თქმა უნდა, აქცენტს არ ვაკეთებთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კანდიდატს ნეგატივის ერთი ბწკარიც არ აქვს. ამასთან, საკმაოდ აქტიური ადამიანია. მასთან ერთად თელავის მოსახლეობას ყოველდღიურად ვხვდებით და პარტიის შეთავაზებებს ვაცნობთ. დიდი ხანია, ხელისუფლება მოსახლოებას ოქროს კოშკებს ჰპირდება, მაგრამ კოშკები დღემდე არსად ჩანს. აშკარაა, რომ ხელისუფლების თამაშის დრო დასრულებულია და ახლა უკვე ნამდვილად დადგა საქმის კეთების დრო. ვაპირებთ იმ მიმართულებების დახვეწას, რომელიც პროდუქციის გაიაფებასა და მოსავლის თვითღირებულების შემცირებას უკავშირდება. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება სწორედ ფასების დარეგულირებაა.
_ ერთი სიტყვით, ,,დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი და წყალი უფასო''ს პათოსს აგრძელებთ.
_ ეს ყველაფერი ჩვენი პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარეა, რაც დაფუძნებულია სუბსიდირებასა და სოლიდარობაზე. ადამიანებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ და საზოგადოებაში ღატაკებისა და გაჭირვებულების რიცხვი უნდა შემცირდეს. თუ ფული არ გაქვს, წადი და რაც გინდა, ის გააკეთე _ ეს მიდგომა სახელმწიფოში უნდა შეიცვალოს. ამისთვისაა საჭირო პროგრესული გადასახადების დაწესება. ვისაც ბევრი აქვს, შესაბამისად, ბევრი უნდა იხადოს, ვისაც ცოტა _ ცოტა. შეიძლება საზოგადოებამ მსგავსი მიდგომის გამო მემარცხენედ ჩაგვთვალოს, მაგრამ ესაა ქრისტიანდემოკრატების სოციალურეკონომიკური ქვაკუთხედი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას ჰიბრიდულ სიმინდში, აბორიგენულ სიმინდთან შედარებით, 15ჯერ მეტი თანხა გადაახდევინა, თან გლეხებს დაპირდა, ერთ ჰექტარზე 9 ტონა მოსავალს მიიღებთო. სულ ცოტა ხნის წინ კი, სოფლის მეურნეობის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებდა, წელს სარეკორდო მოსავალი გვექნება _ ერთ ჰექტარზე საშუალოდ სამ ტონა მოსავალს მოვიწევთო. 90წლების დასაწყისში მე თვითონ ვამუშავებდი მიწას და ჰექტარზე ხუთი ტონა სიმინდი მომყავდა. ახლა კი კვეზერელი გვიმტკიცებს, სამი ტონა სარეკორდო მოსავალიაო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტექნიკური პრობლემები შეგვიქმნას.
_ კონკრეტულად, რა პრობლემებზეა საუბარი?
_ მაგალითად, გაუგებრობა შეიქმნა საარჩევნო კლიპებთან დაკავშირებით. თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, შეგიძლიათ, უფასო პოლიტიკური რეკლამა მოიტანოთო. კლიპი გადავიღეთ, დავამონტაჟეთ და მაუწყებლის ეთერში ერთი კვირა ტრიალებდა. თუმცა შემდეგ შემოგვითვალეს, ჩვენ სულაც არ ვყოფილვართ ვალდებულნი ეთერში თქვენი უფასო საარჩევნო კლიპები გავუშვათ, რადგან ჩვენ ფასიან რეკლამებსაც ეთერში აღარ ვუშვებთო. სამწუხაროდ, კანონთან მიმართებაში ისინი მართლები არიან, მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ნაციონალურ არხებზე სხვადასხვა სამინისტროების საშუალებით სარეკლამო კლიპებს უკვე ატრიალებს. გამოდის, ჩვენ მოსახლეობასთან ტელევიზიის საშუალებით კომუნიკაციის საშუალება არ მოგვეცემა. ამასთან, თელავის არჩევნები რთველის პერიოდს ემთხვევა. სავსებით რეალურია, ხელისუფლებამ სწორედ რთველი გამოიყენოს ამომრჩეველთა მოსყიდვის ან ზეწოლის იარაღად. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თელავის შუალედურ არჩევნებს სამართლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
_ გამოდის, თავიდანვე ეგუებით იმ აზრს, რომ თქვენს კანდიდატს გამარჯვების მცირე შანსი აქვს და ნაცმოძრაობის კანდიდატთან დამარცხდება, რომელიც თელავის ყოფილი გამგებელია?
_ ნაციონალების მიერ საკუთარ კანდიდატად თელავის ყოფილი გამგებლის წარდგენა, შესაძლოა, ჩვენთვის სასარგებლოც კი იყოს, რადგან ლოგიკური კითხვა ჩნდება _ რა გააკეთა მან თელავში აქამდე? ძალიან ბევრ სოფელში მას მოსახლეობამ უსაყვედურა კიდეც _ როცა გამგებელი იყავი, მაშინ რატომ არ გვხვდებოდიო. მსგავს კითხვას ჩვენ ნამდვილად ვერ დაგვისვამენ, რადგან კახეთში არც გამგებელი გვყოლია და არც დეპუტატი. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, თელავის არჩევნებში ჩვენი გამარჯვების ალბათობა 50%ია. თანაც, ეს იქნება მოსამზადებელი პერიოდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
_ ალბათ, ერთგვარი ტესტიც, რადგან როგორც თქვენი პარტიის ერთერთმა ლიდერმა აღნიშნა, სწორედ თელავის არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, ვის რა შანსები აქვს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
_ სიმართლე გითხრათ, კახეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მთავარი მიზეზი სწორედ საკუთარი შესაძლებლობების დატესტვაა. თუ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, ბუნებრივია, ეს ძალიან გაგვახარებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ჩვენი ინფრასტრუქტურის გამართულობას მაინც შევამოწმებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო არჩევნებს ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდეთ.
_ 2012 წლის არჩევნებისთვის, ალბათ, გარკვეული მონახაზები უკვე გაქვთ. რომელიმე პარტიას საარჩევნოდ თქვენს მოკავშირედ ხომ არ განიხილავთ?
_ მონახაზები გვაქვს, მაგრამ საჯაროდ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ. ყველაფერი ცნობილი გახდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
_ ამბობენ, პაატა დავითაია თქვენს პარტიასთან დაბლოკებას აპირებს და პარტიას სახელი სწორედ ამ მიზნით შეუცვალაო. რამდენად შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს?
_ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, ალბათ, ნაადრევია. დღევანდელი გადმოსახედიდან, სხვა პარტიებთან დაბლოკების საჭიროებას ვერ ვხედავთ. თუმცა ამ ვერსიების გამორიცხვაც არ შეიძლება. ერთი მხრივ, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ, მაგრამ პერსპექტივაში არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუნდაც დავითაიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს შევქმნით. გააჩნია, არჩევნებამდე როგორი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება და სასურველი შედეგის მისაღწევად, რის გაკეთება გახდება აუცილებელი. სხვას ვერაფერს ვიტყვი ვერც დავითაიაზე, ვერც მემარჯვენეებზე, ვერც ირაკლი ალასანიასა და ვერც ,,ფორუმზე''. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე, დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ნაცმოძრაობასთან ბლოკში არ გავერთიანდებით.


 იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.