"ინტერპრესნიუსი"
ავტორი ხათუნა კიღურაძე
30.09.2011

პოლიტიკური ცხოვრების პირველი ათეული გავლილია. ისინი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობისთვის ემზადებიან. საზოგადოებას განსხვავებული პროგრამებისა და პრიორიტეტების შეთავაზებას პირდებიან. ჰყავთ ახალი სახეები, რომლებიც თანდათანობით გამოჩნდებიან. "ახალი მემარჯვენეები" ახალ სტარტს იღებენ. პარტიული საქმიანობის მეორე ათეული 3 ოქტომბერს, ქუთაისიდან დაიწყება. როგორ აფასებენ განვლილ წლებს და რის შეცვლას აპირებენ ათწლიანი გამოცდილების გადმოსახედიდან მუდმივად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები - "ინტერპრესნიუსის" კითხვებს "ახლების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, რას იწყებენ "ახალი მემარჯვენეები" 3 ოქტომბრიდან და რატომ გაკეთდა არჩევანი ქუთაისზე?
- 3 ოქტომბერს გაიმართება ჩვენი პირველი ღია და მასშტაბური ღონისძიება. ეს იქნება ერთგვარი სტარტი "ახალი მემარჯვენეების" საანგარიშო-საარჩევნო ყრილობისა, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ქუთაისი, ყველაფერთან ერთად, არის მეორე ქალაქი სიდიდის მიხედვით, ასევე, გახდება მეორე პოლიტიკური ცენტრი საქართველოსი და გადავწყვიტეთ, სწორედ აქედან დავიწყოთ ძალიან საინტერესო პროცესი. "ახალმა მემარაჯვენეებმა", შევაფასეთ რა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები, ღიად განვაცხადეთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული პოლიტიკისთვის, დამოუკიდებლად ვიწყებთ მზადებას. ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანება, ბლოკი ან ალიანსი არის ცუდი და მიუღებელი საფუძველშივე; ჩვენ ათწლიანი საქმიანობის მანძილზე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა იმისთვის, რომ რეალურად შეგვეფასებინა როგორც განვლილი, ისე მომდევნო ნაბიჯები. გვქონდა წარმატებული პოლიტიკური გაერთიანებები, გვაქვს დამოუკიდებლად არჩევნებში გასვლის პრაქტიკა, თუმცა ასევე გვქონდა წარუმატებელი ალიანსები, ბლოკები თუ გაერთიანებები. 

- უფრო კონკრეტულად . . . 
- მაგალითად, თუ წარმატებულობაზეა საუბარი, ვიტყოდი, რომ ეს იყო 2004 წლის არჩევნები, სადაც ჩვენ, "მრეწველებთან" ერთად, პოსტრევოლუციურ პარლამენტში ოპოზიციური აზრი გადავარჩინეთ; ვერ შევაფასებ დადებითად 2008 წლის საპარლამეტო არჩევნების დროს გაერთიანებული ოპოზიციის სახით მონაწილეობას არჩევნებში, სადაც პარლამენტთან დამოკიდებულებაზე აზრი გაიყო – ნაწილმა უარი ვთქვით დეპუტატობაზე, მეორე ნაწილი კი პარლამენტში შევიდა, რითაც პროცესების პოლიტიკურად ერთობლივი ხედვა დაირღვა და დაირღვა საკმაოდ დამაზარალებლად ქართული პოლიტიკისთვის, კერძოდ, ჩვენთვის. ამას მოჰყვა უკვე 2010 წლის "ალიანსი საქართველოსთვის", სადაც "ახალი მემარჯვენეები" ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ვიყავით და, რომელიც არჩევნებში გარკვეული წარმატებისა და სოლიდური შედეგის ჩვენების შემდგომ, უარგუმენტოდ დაიშალა. თუ რა მოხდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღესაც კი ჭირს. არამყარი ფუნდამენტის მქონე პოლიტიკურმა ერთობებმა ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, ამიტომ ბოლო პერიოდში, რაც გავაკეთეთ, პირველი ეს იყო პარტიული სტრუქტურისა და საარჩევნო მანქანის მშენებლობა დამოუკიდებელ რეჟიმში, მეორე – იმ გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა, რასაც საარჩევნო გარემო ერქვა და მიმდინარე პრობლემატური საკითხები, რაც ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ მიმართებაში არსებობდა. გავიდა ერთი წელი, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიყავით და ვართ ჩართულები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და მივედით გარკვეულ შედეგამდე, რომელიც არ არის იდეალური, მაგრამ ნამდვილად შედეგია დღევანდელი ხელისუფლებისა და პოლიტიკის პირობებში. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობაში აისახოს. 
- პარალელურად, 3 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება ხომ არ უკავშირდება აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას?
- ერთი წლით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება ქართული რეალობისთვის ცოტა უცხოა, მით უმეტეს თუ ფინანსურ ნაწილსაც გავითვალისწინებთ. ერთი წელი რომ გაუძლო ამ დინამიკით საარჩევნო კამპანიას, ამას სოლიდური ფინანსები სჭირდება. ეს მხოლოდ სააკაშვილის მმართველი პარტიის მსგავს პარტიას შეუძლია, რომელიც პირდაპირ აზის ბიუჯეტს, რის შედეგადაც უადვილდება კამპანიის წარმართვა. ასე რომ, ჩვენ 3 ოქტომბრის ღონისძიებიდან სტარტს ავიღებთ, ამას ვერ დავარქმევ საარჩევნო კამპანიის დაწყებას. ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენს ახალ პროგრამებზე და შეთავაზებებზე, რომელსაც მალე გავახმაურებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველივე ამაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მეგობრებმა – ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა და ჰოლანდიის მრავალპარტიულმა ინსტიტუტმა. სწორედ ამ ნამუშევარის შედეგის წარდგინება დაიწყება 3 ოქტომბრიდან. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას შევთავაზოთ მათთვის საინტერესო და მიმზიდველ თემებზე ჩვენეული ხედვები, ეს ჩვენ გაგვიკეთებია და რატომ არ უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთხელ. მესმის, რომ იყო რეიტინგული ვარდნა, გარკვეულწილად ნიჰილიზმმა დაისადგურა, მაგრამ გვაქვს იმის ძალა და ენერგია, რომ წინსვლის დინამიკა ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენი პოლიტიკური სიმწიფის ასაკში, ძალიან საინტერესო პროცესში შევდივართ. რაც შეეხება კლასიკურ საარჩევნო კამპანიას, ალბათ ეს მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

- როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველთა რა რაოდენობამ შეიძლება დაგიჭიროთ მხარი არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც თქვენმა პარტიამ "ოპოზიციური რვიანი" დატოვა, უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა, რაც თქვენს რეიტინგზე სახარბიელოდ არ უნდა ასახულიყო. აღნიშნეთ კიდევაც რეიტინგული ვარდნის შესახებ.
- ვიდრე "ოპოზიციური რვიანი" შეიქმნებოდა და დაიწყებოდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის პროცესი, ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებლად ვიწყებთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ჩვენ ათწლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა პარლამენტში და ქუჩაში ბრძოლის, მრავალდღიანი შიმშილობის - ისევ და ისევ საარჩევნო გარემოსთვის, მანდატების დატოვების – ცუდი არჩევნებით არჩეული პარლამენტის გამო, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილებაც დაგვიგროვდა და შემდეგ შევხედეთ შედეგს. ანუ, როდესაც შენ ითხოვ – ყველაფერი ან არაფერი, როდესაც არ ლაპარაკობ ხელისუფლებასთან და კონკრეტულ შედეგზე არ ხარ ორიეტირებული, საერთოდ უშედეგოდ რჩები. 
ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ საუბრობს და ვერ იღებს შედეგს, მნიშვნელოვნად დიდი წვლილის შემქმნელია იმ ნიჰილიზმის, რაც შემდეგ ჩნდება საზოგადოებაში. ამიტომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დასაწყისშივე არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი შეთავაზებები, "რვიანთან" ერთად, არ არის ულტიმატუმი ან შეუვალი პოზიცია. ჩვენ ვიქნებით მზად გარკვეული კომპრომისებისთვის და შევეცდებით, რომ პროცესი დასრულდეს შედეგით. აქედან გამომდინარე, რატომ მოხდა "რვიანიდან" გამოსვლა, მოხდა იმიტომ, რომ ყველაფერი შეიძლებოდა დამთავრებულიყო ნულით, ანუ სრულიად უშედეგოდ და არ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ ამ მოლაპარაკეკების ფონზე. მხოლოდ სკეპტიკოსები საუბრობენ, რომ შეთანხმება, რომელზეც ხელის მოვაწერეთ, არაფერია. ვინც იტყვის, რომ ის პუნქტები, რომელზეც შეთანხმება მოხდა, არაფერია, მაშინ მათ არ ესმით, რას ნიშნავს ეს შეთანხმება ან უბრალოდ შარზეა ის, ვინც გვეკამათება.
- მსოფლიოში არ არსებობს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომლის გაყალბებაც არ შეიძლებოდეს. რა გაძლევს იმის გარანტიას, რომ გადალახავთ საარჩევნო ბარიერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას?
- უკაცრავად, გავიხსენოთ რა ერქვა ამ პროცესს – არა საარჩევნო გარემოს გაიდიალურებისს პროცესი, არამედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი. აქვე ჩავრთოთ მედიამონიტორინგი, რომელიც ადგილობრივი არჩევნების დროს ხორციელდებოდა ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ახლა განხორციელდება მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველა ელექტრონულ მედიასაშუალებაზე; ადმინისტრაციული რესურსის მონიტორინგის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც არსებობდა აბსოლიტურად უკანონოდ, როგორც ხელისუფლების კეთილი ნება, დღეს ეს ყველაფერი იწერება კანონში. 
რაც შეეხება სიების გადამოწმების სპეციალურ კომისიას, რომელსაც 27 ივნისის შეთანხმება ითვალისიწინებს, ჩვენ არ დავთანხმდით, რომ ეს გაკეთებულიყო მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულებით, გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო კანონის საფუძველზე შექმნილი. ჩვენ კანონისთვის შევქმენით კონკრეტული შეთანხმება და ახლა შეთანხმებული პუნქტების კანონში ასახვაზე ვმუშაობთ. მეორე რიგის ამოცანა იქნება, რომ კანონმა იმუშავოს. რამ განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება 27 ივნისი შეთანხმებაზე ხელმოწერის? გეტყვით, პოლიტიკურმა გამოცდილებამ, პოლიტიკურმა გემოვნებამ, რომ ყველაფერი მოვითხოვოთ, თუ რაღაცა მივიღოთ, რომელიც ქმედითია და არ არის ფარატინა ქაღალდი. ეს იყო პოლიტიკური არჩევანი, რომ მივდივართ მარტო. ამ სამმა მომენტმა, რომელიც იცოდა ყველამ და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვადგმევინა. რისკიანია ეს გადაწყვეტილება, არ არის მარტივი, შეიძლება ყველაფერი ისე დამთავრდეს, რომ მომავალი პოლიტიკური ცხოვრება "ახალი მემარჯვენეების" გარეშე გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ეს იქნება ჩვენი ბრალი და არავისკენ თითს არ გავიშვერთ.

- გამოდის, რომ თქვენთვის კანონია არჩევნებში გამარჯვების გარანტი, ის კანონი, რომელსაც ხელისუფლება ხშირად არღვევს.
- გეტყვით, საერთოდ პოლიტიკური ორგანიზაცია ადგას ერთ ან მეორე გზას ან ამბობს, რომ კანონი არ მუშაობს და ძალისმიერი მეთოდით უნდა შეცვალოს ხელისუფლება, რასაც მარტივი ენით და, საქართველოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რევოლუცია ჰქვია. არის მეორე გზა, როდესაც კანონიერი არჩევნებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარადჭერით და საკანონმდებლო ბაზის შექმნით ცდილობ, შეცვალო ხელისუფლება. "ახალ მემარჯვენეებს" დღეს კი არა, 2003 წლის 22 ნოემბრიდან გვაქვს ნათქვამი უარი რევოლუციაზე. წალენჯიხიდან წითელ ხიდამდე, რომ რევოლუციური აღტკინება იყო ქვეყანაში, ჩვენ ვთქვით, რომ მოდის ნეობოლშევიზმი და უარს ვამბობთ რევოლუციაზე. როგორც კი რევოლუციას ახდენს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, კონკრეტული მხარდამჭერების მეშვეობით, ის გახდება შემდეგ სააკაშვილი და სააკაშვილზე უარესიც. როდესაც რევოლუციის შემდეგ იღებ აბსოლუტურ ხელისუფლებას, აბსოლუტურად გარყვნილი ხარ, რისი კლასიკური მაგალითიც არის დღევანდელი ხელისუფლება. 
დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალურად ასეთი ცუდები არ ყოფილან არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რვა წლის განმავლობაში მათ უკომპლექსოდ, ყოველგვარი წინააღმდეგობების, ანგარისგაწევისა და დემოკრატიის გარეშე მართეს ეს ქვეყანა და ამ აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ისინი დღევანდელ კონდიციამდე მიიყვანა. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციას მოვახდენ და მერე ჩავატარებ დემოკრატიულ არჩევნებს; გამორიცხეთ ეს სიტუაცია. ვიცოდით, რა ნაბიჯსაც ვდგამდით, როდესაც შეთანხმებაზე დავიწყეთ მუშაობა და მასზე ხელმოსაწერად ვემზადებოდით "ახალი მემარჯვენეები", პირველ რიგში მე "რვიანში" შემავალ პარტნიორებს ვუთხარი - ძალიან კარგად ვიცი, უპირველეს ყოვლისა თქვენ რას იტყვით ჩვენზე - მეთქი, ვიცი რას იტყვის საზოგადოების ერთი ნაწილი, ე.წ. ექსპერტთა თუ არასამთსავრობო ორგანიზაციათა გარკვეული წარმომადგენლობა, მაგრამ ვიცი მეორეც, რომ ის საზოგადოება, რომელსაც არ უნდა სისხლისღვრა, ჯახი, არეულობა და უბედურება, ის რას იტყვის ასეთ შემთხვევაში, როდესაც დაიდება კონკრეტული შედეგი. თუ ვერ დავდებ შედეგს, ესეც ვიცი, მაშინ რას იტყვიან ჩემზე. ჩვენ ეს ყველაფერი ავწონ-დავწონეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. არ ვამბობთ იმას, რომ შეუმცდარი ვართ. ათწლიანი ისტორიის განმავლობაში გარკეული შეცდომებიც მოგვსვლია; აქედან გამომდინარე, უშეცდომობაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც ავიღეთ ამ გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც - 2003 წლის რევოლუციის დროს მიღებული გაადაწყვეტილებისას, რითაც გვინდოდა, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გამოსულიყო. თუმცა ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან პროცესი გაყიდული იყო. 
- გაყიდულ პროცესს რაც შეეხება, კეთდება აქცენტები იმაზეც, რომ "მემარჯვენეებს" ხალხზე უფრო ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვთ და პოლიტიკური მეთოდებით ცდილობთ მისგან სარგებლის მიღებას. . . 
- ვინც "ახალ მემარჯვენეებზე" იტყვის, რომ ხელისუფლებას შეეკრნენ და გაიყიდნენ, მათ სინდისზე იყოს ამის თქმა. ჩვენ კონკრეტული შედეგის გულისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს შედეგი ყიველდღიურად ისახება, ჯერ საკანონმდებლო ბაზაში და კანონი რომ ამუშავდება, შემდეგ - რეალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მას შემდეგ, მარტის თვეში, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყდა, "რვიანში" სხვა პროცესები დაიწყო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა უკვე, რომ "რვიანის" ცალკეულ სუბიექტებს (არ ვიტყვი რომ ყველას) და ჩვენ განსხვავებული ამოცანა გვქონდა ამ გაერთიანებისადმი. 
ჩვენ გვინდოდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამისთვის ვიყავით "რვიანში". ვიღაცა "რვიანს" ხედავდა, როგორც პოლიტიკური ბლოკის შექმნის წინაპირობას, ჩანასახს და ეს მათი ინტერესი იყო, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა. ვიღაცისთვის "რვიანი" იყო ერთგვარი არეალი, რომ საკუთარი თავი უფრო მსუყედ წარმოეჩინა და შეეთავაზებინა, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის. "რვიანში" მყოფი სუბიექტების მიზნები აცდა ერთმანეთს და ჩვენ, ბოლო ეტაპზე, განსაკუთრებით 26 მაისის შემდგომ, საკითხი შემდეგნაირად დავსვით - ჩვენ მივდივართ ცუდი მიმართულებით და ეს პროცესი უნდა დამთავრდეს; ვშორდებით მთავარ მიზანს, დრო კი გადის. უნდა დავლოდებოდით შემოდგომის მოსვლას? მერე როდის ჩამოგვეყალიბებინა ის პროგრამული სტრუქტურა, რომელიც სჭირდება არჩევნებს და როდის დავლაპარაკებოდით ჩვენს ამომრჩევლებს? დღეს ქართულ ოპოზიციში ამ ხელისუფლების ერთპიროვნულად დამმარცხებელი ძალა რომ არ არსებობს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს ელექტრორატთან მუშაობით, უმცირესობაში დავტოვოთ ხელისუფლება. 

- რა შანსები აქვს ოპოზიციას? 
- პირველი შანსი, ეს არის საკანონმდებლო ბაზის შექმნა. მეორე შანსი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელება, რადგან ამ კანონმდებლობამ იმუშავოს საარჩევნო პერიოდში. მესამე შანსი – ეს არის ჩვენი მისვლა ჩვენს ამომრჩეველთან და მათთვის ახსნა, რას ვთავაზობთ. ეს ხელისუფლება რომ ცუდია, დღეს ამაზე ძალიან ბევრი აღარ კამათობს, მაგრამ შენ რით ჯობიხარ ამ ხელისუფლებას, ხომ უნდა აჩვენო. როცა შანსზე მეკითხებით, ჩვენშია ეს შანსი, კანონშია, საერთაშორისო მხარადაჭერაშია. იმ საერთაშორისო საზოგადოებაშია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ 2012-2013 წლები არის ხელისუფლების შეცვლის, ხელისუფლების გადაცემის წლები. მაგრამ, შენ თუ მხოლოდ კანონი შეცვალე, საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დაგიდგა, მაგრამ თავად ვერ ივარგე, ვერავინ დაგსვამს პარლამენტში და მითუმეტეს, უმრავლესობას ვერ მოგცემს. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი წლის განმავლობაში რას გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დავტოვოთ უმცირესობაში. აქ საუბარი ვერ იქნება იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ იარსებებს. ერთი ვარიანტია ამისა, თუ მოხდება რევოლუცია და ისე აღიგავა პირისაგან მიწისა, როგორც მოქალაქეთა კავშირი, იმიტომ რომ მოხდა რევოლუცია. როდესაც შენ მიდიხარ ხელისუფლების ცვლის საარჩევნო ვარიანტზე, ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას, რომელსაც დღეს ტელევიზიაც აქვს, ფულიც, ძალაუფლებაც და რეიტინგიც იმ ხალხის მიერ, ვინც დასაქმებული და მოტივირებული ყავს, ვერ გააქრობ ქართული პოლიტიკიდან. მაგრამ, 2012-2013 წლები ქართული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივი რომ ვერ იქნება, ამას მე ვხედავ და ვინც ვერ ხედავს, მისი პრობლემაა. ვისთვისაც ეს გზა არის მიუღებელი, მას ჰყავს არჩევანგასაკეთებელი პოლიტიკური სუბიექტები. იმისთვის, რომ ამომრჩევლის გული მოვიგო და ვაკეთო ის, რაც არ მჯერა, ვერც აკაკი ხორავა გავხდები და ვერც რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობური ნიჭი რომ გამოვიჩინო, ამომრჩეველთან გულწრფელი უნდა იყო. ამიტომ, ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს. არ ვიღებ იმ ჭორებს, რომ შევეკარით, ამით მერე რაღაც მოვიპოვეთ და ა.შ. განსაკუთრებით არ ვიღებ იცით ვისგან? ვინც სააკაშვილის ნავში მჯდარა, როგორც პოლიტიკოსი ან როგორც ამომრჩეველი. 2004 წელს სააკაშვილს, ოფიციალური მონაცემებით, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 97%-მა, ამდენი თუ არა, 80% ხომ მაინც დაუჭერდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ახლა ის 80% მე რომ მეუბნება, სააკაშვილს შეეკარიო, ან სინდისი სად არის ან - სიმართლე. ან ის პოლიტიკოსი, რომელიც მინისტრი იყო, ფრაქციაში ან საკრებულოში იყო მასთან ერთად, ბოლოს და ბოლოს რევოლუცია მოაწყო სააკაშვილთან ერთად, ჩემთან მოდის და აბსოლიტურად უსაფუძვლოდ მეუბნება, შეეკარიო? რატომ შევეკარი, იმიტომ რომ არ მინდოდა, ნული შედეგი და რაღაც შედეგი მივიღე. ეს არის შეკვრა?! თუ ვინმეს აქვს სურვილი და შესწევს ძალა უფრო მეტს მიაღწიოს, ავანსად ვეუბნები მადლობას. მე ხომ არავინ მადლობას არ მეუბნება, არც ველოდები არავისგან. ის რომ, 12-პუნქტიანი შეთანხმება მაინც შედგა, რომ სიების გადამოწმება კარდაკარის პრინციპით მაინც მოხდება, რომ ცალკეული პუნქტები, მათ შორის მედიასა და ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით, ჩაიწერება კანონმდებლობაში, მე ამისთვის მადლობას არავისგან ვითხოვ.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.