www.ick.ge
30.09.2011
30.09.2011
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ვასილ დავითაშვილი, რომელიც შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის, გამორჩეული კომკავშირელი, სანიმუშო კომუნისტი, მრგვალი მაგიდის აქტიური წევრი, მოქალაქეთა კავშირის მედროშე და ამჟამად ნაცმოძრაობის ჩირაღდანია თელავში.
„მისი წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანია „თელავი მეტს იმსახურებს“. არ შეძლება ამას არ დაეთანხმო. ეს ადამიანი ყველა ხელისუფლებას მოერგო და ახლაც მშვენივრად გრძნობს თავს სახელისუფლებო პარტიაში. თელავი ნამდვილად მეტს იმსახურებს. დავითაშვილი ხელისუფლებას ბიუროკრატიული აპარატის შექმნის ნიჭით და მონური მორჩილების უნარით ხიბლავს“, - აღნიშნა გიორგი მოსიაშვილმა.
ვასილ დავითაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციამდე, 2009 წლიდან, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 1975-79 წლებში იგი სწავლობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის ფაკულტეტზე. 1979-1983 წლებში დაამთავრა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე - ინჟინრის სპეციალობით. 2009 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ; 2007-2009 წლებში იყო თელავის ინფრასტრუქტურისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2006 – 2007 წლებში მუშაობდა თელავის რაიონის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ხელმძღვანელად; 2002 – 2005 წლებში ქალაქ თელავის გამგებლად, ხოლო შემდეგ თელავის რაიონის გამგებლის მოადგილედ; 1995-2002 წლებში იყო საბინაონ კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელი; 1986-1995 წლებში თელავის საბინაო - საექსპლოატაციო კანტორის უფროსი იყო; 1980-1986 წლებში საბინაო სამშენებლო კოოპერატიული გაერთიანება „თელავის“ ინსპექტორი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე; 1979-1980 წლებში საქ.სოფ.მშენში მუშად მუშაობდა.
2 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ქრისტიან-დემოკრატებიდან კენჭს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი იყრის, ხოლო „მრეწველებიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული.